16 ნოემბერს „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა“ („გირჩი“) მე-9 მოწვევის პარლამენტსა და მთავრობას ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი 31 დეკემბერს, 23:59-ზე, „გირჩის“ ოფისში, მარიხუანის საჯარო დათესვა დააანონსა, რაც დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია.

„გირჩის“ ძირითადი მოთხოვნაა მარიხუანისა და მისგან დამზადებული სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მარიხუანის კულტივირებისა და შენახვის სრული ლეგალიზაცია.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი და მიზანი საგანგებო პრესკონფერენციაზე განმარტეს:

„გირჩი“ წლების განმავლობაში იბრძვის ნარკოპოლიტიკის შეცვლისთვის. გამოვიყენეთ ყველა ბერკეტი, თუმცა უშედეგოდ. ამ კანონმდებლობამ ასობით, ათასობით მოქალაქეს გაუმწარა ცხოვრება, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლეც კი შეიწირა.

გვესმის, რომ ამ ქმედებით (მარიხუანის დათესვით) ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, თავისუფლებისთვის ბრძოლის კონკრეტული გზა, რომელსაც გაცნობიერებულად ვირჩევთ, რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისკენ“, - განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

წინა ხელისუფლების პირობებში, ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანასთან მიმართებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ეს ძირითადად გამოწვეული იყო არა საკანონმდებლო ორგანოს კეთილი ნებით, არამედ ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

მართალია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო შეზღუდული იყო სასარჩელო მოთხოვნით და მისი გადაწყვეტილებაც მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ამ კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს შეეხო, თუმცა რეალურად სასამართლომ მნიშვნელოვანი მსჯელობა განავითარა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რაც, ასევე, 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძველი გახდა, რომლითაც განიმარტა, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უმიზნო და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთა პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე.

საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი.

საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, რაც, ცხადია, უსამართლოა, რადგან დაუშვებელია ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის უკიდურესი ინსტრუმენტის (სასჯელის) გამოყენება მხოლოდ ან უპირატესად იმის გამო, რომ სხვები მიდრეკილნი არიან ასოციალური ქცევისკენ. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას ექმნება საფრთხე - განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამ მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანია, ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში და გაეროს წევრი ქვეყნებისთვის გაცემული რეკომენდაციები. ანგარიშში კომისია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის შენახვასა და, ასევე, ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის კულტივაციაზე ნებისმიერი სახის სასჯელის (როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის) გაუქმების აუცილებლობაზე. კომისიის მოსაზრებით, ნარკოტიკის მომხმარებელთა დასჯა, რომლებიც ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და არა გარშემომყოფთ, არაეფექტურია და არღვევს ადამიანის ღირსებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, კომისიის ძირითადი ადრესატი არა სახელმწიფოები და მთავრობა, არამედ, პირველ რიგში, საზოგადოებაა, რათა მოხდეს პრობლემის გააზრება და მოსახლეობაში ნარკოტიკებსა და ნარკოტიკების მომხმარებლების შესახებ დამკვიდრებული არასწორი აღქმის შეცვლა.

კომისიის მოსაზრებით, ხელისუფლებების მხრიდან ნარკოტიკებისთვის გამოცხადებული ომი და დაწესებული სანქციები არაეფექტური, უსამართლო და სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა. ადამიანები, აკრძალვების მიუხედავად, მაინც იყენებენ უკანონო ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც სახელმწიფო არაჰუმანური პოლიტიკით უშედეგოდ ებრძვის, რის შედეგადაც ადამიანებს იმაზე უფრო მეტი ზიანი ადგებათ, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებით მიყენებული ზიანია.

კომისიის მოსაზრებით, დროა, ვაღიაროთ, რომ ნარკოტიკების მოხმარება არასდროს შეწყდება, ამ პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ და მისი გადაჭრის მიზნით ახალი, უფრო ეფექტური გზები მოვძებნოთ.

„ნარკოტიკების მოხმარების მიმართ სადამსჯელო მიდგომა ფუნდამენტურად არღვევს ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობას და აიძულებს უამრავ მოქალაქეს, დაარღვიოს ალოგიკური კანონები. სამწუხაროდ, მთავრობათა უმეტესობა აგრძელებს იმ მიზნისკენ სწრაფვას, რომელიც მოცემულია ნარკოტიკების კონტროლზე არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, როგორებიცაა „ნარკოტიკებისგან თავისუფალი მსოფლიო“ ან „მსოფლიო თავისუფალი ნარკოტიკების მოხმარებისგან“.

ეს მიზანი გულუბრყვილოცაა და სახიფათოც. გულუბრყვილოა იმ თვალსაზრისით, რომ აკრძალვა ვერ ამცირებს მოხმარებას და ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 2006 წლიდან 2013 წლამდე 20%-ით გაიზარდა, 246 მილიონ მომხმარებლამდე და სახიფათოა, რადგან აკრძალვებმა მასობრივად მიგვიყვანა ადამიანების დაპატიმრებამდე და სიცოცხლის მოსპობამდე, სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელებამდე, იმ ადამიანთა უფლებების შელახვამდე, რომლებიც იყენებენ ან ავრცელებენ ნარკოტიკებს, და მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 200 000 ადამიანის ნარკოტიკებით გამოწვეულ გარდაცვალებამდე. ქვეყნების მთავრობები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ არქაული და სადამსჯელო ჩარჩოებიდან“, - ვკითხულობთ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ ქართველი საზოგადოებისა და, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდანაც ხშირია არგუმენტები, რომ ქვეყანა ამ გამოწვევისთვის მზად ჯერ არ არის. სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენს იმის გააზრებაც, რომ დეკრიმინალიზაციისა თუ ლეგალიზაციის გარეშეც, ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც, ფაქტობრივად, არ შეგვიძლია, შევაჩეროთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. დეკრიმინალიზაციამ კი შესაძლოა, პირიქით, დადებითადაც იმოქმედოს ამ ვითარებაზე.

ამის საილუსტრაციოდ, სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითებზე, კომისიამ დეკრიმინალიზაციის ბენეფიტებზე გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვა. საქართველოში იძულებითი ნარკოტესტის ჩატარების, რეიდების, იძულებით ტომოგრაფიის (რაშიც საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება) არაერთი შემთხვევა გვახსოვს. ასევე, სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან ინფორმაციის მიწოდების იძულების და ა.შ.

ამასთანავე, კომისიის თანახმად, ერთ-ერთი ბენეფიტია სამართალდამცავი ორგანოების გათავისუფლება ამ მძიმე ტვირთისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს, ყურადღება უფრო მძიმე დანაშაულების პრევენციაზე მიმართონ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებათა გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარგებლად სახელდება, რითაც, ასევე, ხდება თანხების დაზოგვა. ამასთანავე, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში უფრო მაღალია ნარკომომხმარებელთა კონტროლის შესაძლებლობა და ზედოზირებით გარდაცვალების საფრთხეებიც, შესაბამისად, მცირდება, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკის მოხმარება დეკრიმინალიზებული არ არის, ხშირად, ზედოზირების შემთხვევაში ადამიანი თავს იკავებს სასწრაფო დახმარებაში დარეკვისგან, რომელსაც შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოებიც მოყვნენ.

აღსანიშნავია, რომ, ამ მხრივ, საქართველოში 2014 წელს გარკვეულწილად დადებითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამედიცინო დაწესებულებებს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ზედოზირების შემთხვევების პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ეკისრებათ. თუმცა, პოლიციას, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, უფლება აქვს, სამედიცინო დაწესებულებისგან პაციენტის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია მაინც მიიღოს. პრაქტიკაში კი, ზედოზირების შემთხვევაში, პაციენტები და მათი ნათესავები სასწრაფოს გამოძახებისგან მაინც თავს იკავებენ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც შეიძლება სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკის შეცვლით მიიღოს, ეკონომიკური სარგებელია. ამის კარგი მაგალითია კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაციით მიღებული სარგებელი, რომლებიც სკოლების მშენებლობას მოხმარდა. კერძოდ, მარიხუანაზე დაწესებული გადასახადებით, სახელმწიფოს თვეში მილიონობით დოლარი შესდის, რაც მხოლოდ სკოლების მშენებლობისკენაა მიმართული.

თუმცა სკოლების მშენებლობა არ არის ერთადერთი ბენეფიტი, რაც კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაციას მოჰყვა. ამის გარდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ძალადობრივი და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა.

„გირჩის“ ულტიმატუმის თანახმად, საქართველოს პარლამენტს, ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად ერთი თვე დარჩა. უცნობია, დაიწყებს თუ არა მე-9 მოწვევის პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას. აღსანიშნავია, რომ პარლამენტს ჯერჯერობით 2017 წლის ბიუჯეტზეც არ დაუწყია მსჯელობა (და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე). შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, „გირჩის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება ახალ წლამდე მოხერხდეს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მართალია, „ქართული ოცნების“ დაპირებებში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იყო საუბარი, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ღიად და კატეგორიულად უარყოფს ლეგალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა უკვე კონსტიტუციური უმრავლესობით არის პარლამენტში წარმოდგენილი, არა თუ 31 დეკემბრამდე, არამედ მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც არ დააკმაყოფილოს „გირჩის“ მოთხოვნა.

მართალია, ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიშების და სხვადასხვა ქვეყნებში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირადი მოხმარების მიზნებისთვის მარიხუანის დათესვისა და მოყვანის აკრძალვა, შესაძლოა, პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდეს და შესაბამისად, ჩვენთანაც არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი, მაგრამ დღესდღეობით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მარიხუანის დათესვა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შესაბამისად, საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი არ დააკმაყოფილებს „გირჩის“ მოთხოვნას და 31 დეკემბერს მართლაც მოხდება მარიხუანის დარგვა.

კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანას, ან მცენარის ნერგის მიწის ნებისმიერ ნიადაგზე დარგვას გულისხმობს, მათ შორის აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე, ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში. შესაბამისად, ქოთანში ჩარგვით, შეიძლება ითქვას, სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილად ითვლება და საკმარის საფუძველს წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან შესაბამისი რეაგირებისთვის.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულთან დაკავშირებით „ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტს გურამ იმნაძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, დათესვა თავისთავად დასჯადია და სამართალდამცავ ორგანოებს არა თუ შეუძლიათ, არამედ ვალდებულები არიან, აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ.

„ფაქტ-მეტრი“ „გირჩის“ ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს, იაგო ხვიჩიასაც ესაუბრა, რომელმაც კვლავ დაგვიდასტურა, რომ მათი მხრიდან ეს არის „პოლიტიკური აქტის“ განხორციელება. აცნობიერებენ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება სამართალდარღვევას წარმოადგენს, რასაც შესაძლოა, მათთვის თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს, თუმცა ახალი წლის ღამეს მოხდება ეს თუ მოგვიანებით, ამაზე პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

მარტინ ლუთერ კინგის მოსაზრებით, „ადამიანს აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულება, დაემორჩილოს სამართლიან კანონს და პირიქით, ადამიანს აქვს მორალური ვალდებულება, არ დაემორჩილოს უსამართლო კანონს. მე დავეთანხმებოდი წმინდა ავგუსტინეს - უსამართლო კანონი საერთოდ არ არის კანონი“.

„გირჩის“ წევრები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დაგეგმილი ქმედება დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულებრივია, თუმცა, მათთვის ეს კანონი უსამართლოა და, ფაქტობრივად, ისინი ამ პოლიტიკის მიმართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას იჩენენ.

აღსანიშნავია, რომ თეორიულად, შესაძლებელია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი სამართლებრივ ჩარჩოებშიც მოექცეს, თუ ის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კერძოდ,

  • ქმედება უნდა იყოს უკანონო;

  • საჯარო;

  • არაძალადობრივი;

  • შეგნებულად უნდა იყოს მიმართული კონკრეტული კანონის, პოლიტიკის თუ ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

იმისთვის, რომ დავადგინოთ, აკმაყოფილებს თუ არა „გირჩის“ ქმედებები აღნიშნულ კრიტერიუმებს, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  • ქმედება უნდა იყოს უკანონო

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მარიხუანის თესლის დარგვა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დასჯად ქმედებას. აღნიშნული გაცნობიერებული აქვთ არა მხოლოდ „გირჩის“ წევრებს, არამედ ყველას, ვინც გადაწყვეტს, მათ ინიციატივას შეუერთდეს.

ინფორმირებულობისა და პასუხისმგებლობის სრულად გააზრების მიზნით, „გირჩმა“ სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომლის საშუალებითაც კამპანიაში ორი სახით ჩართვაა შესაძლებელი: პირველი, უშუალოდ ჩართვა, რაც გულისხმობს მარიხუანის დათესვაში მონაწილეობას, ხოლო მეორე ფორმა არის იდეის მხარდაჭერა.

სანამ კამპანიაში მონაწილე პირი გამოთქვამს დათესვაში მონაწილეობაზე თანხმობას, მას აქვს საშუალება, გაეცნოს შესაძლო შედეგებს და თანხმობის განცხადებით იგი თავის ქმედებაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას.

ამჟამად მარიხუანის დათესვაში მონაწილეობის სურვილი 157-მა ადამიანმა გამოთქვა, ხოლო კამპანიას იდეურად 500 ადამიანი ემხრობა.

  • საჯაროობა

თეორიულად საჯაროობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად მასმედიის მიერ ქმედების გაშუქება შესაძლოა, საკმარისად ჩაითვალოს. თუმცა, „გირჩის“ შემთხვევაში, სხვა გარემოებებიც არის, რაც ქმედების საჯაროობის შესახებ ყოველგვარ კითხვის ნიშანს აქრობს. ეს არის „გირჩის“ მიერ წარმოებული კამპანია, რომელიც ერთი თვით ადრე დაიწყო და რომელიც საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა.

ამავდროულად „გირჩის“ მიერ პერიოდულად ქვეყნდება ვიდეორგოლები, რომლითაც ხდება ამ ქმედების მიზნის შეხსენება. გარდა ამისა, დაგეგმილია ქმედების პირდაპირი ეთერით გადაცემა და ადგილზეც ასეულობით მხარდამჭერის ყოფნა.

  • არაძალადობრივი

მარიხუანის თესლის დარგვა არ შეიცავს ძალადობრივ ნიშნებს და არ ლახავს სხვის უფლებებს, არავის ქონების დაზიანებას არ ითვალისწინებს.

  • განზრახვა

მთავარი ამოცანა არის ნარკოპოლიტიკის შეცვლა, რომელიც, „გირჩის“ გადმოსახედიდან, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. „გირჩმა“ მიზნის მიღწევა არაერთხელ სცადა, მათ შორის კანონპროექტის წარდგენით, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ „გირჩი“ ამ ქმედებით არ უპირისპირდება ხელისუფლებას, მათ ქმედებებს, არამედ მხოლოდ არსებულ ნარკოპოლიტიკას და მხოლოდ მის შეცვლას ითხოვს. მარიხუანის დარგვით „გირჩის“ მთავარი მიზანი არა დანაშაულის ჩადენა, არამედ საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის იმ მუხლის აბსურდულობის დემონსტრირებაა, რომლითაც შესაძლოა, მათ მიწაში მცენარის თესლის დარგვით (რომელიც თავისთავად არ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებას) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

მაშინ, როცა პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შენახვისთვის პირს თავისუფლებას ვეღარ აღუკვეთენ, მხოლოდ მარიხუანის თესლის (რომელმაც შეიძლება არც გაიხაროს) ქოთანში დების გამო, მინიმალური სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ დანაშაული ჯგუფის მიერ ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, მინიმალური ზღვარიც შესაბამისად იზრდება.

მოუწევს თუ არა სასამართლოს „გირჩის“ ქმედებაზე, როგორც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოხატულებაზე, მსჯელობა და შესაბამისად, მისი კანონიერების შეფასება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ თვეში შესაძლებელია, ძალიან საინტერესო პრეცედენტის მნახველები გავხდეთ. კიდევ უფრო საინტერესო იქნება სამართალდამრღვევებისა და სასამართლოს (თუ საქმე სასამართლომდე მივიდა) ქმედებები.