ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის შესახებ განაცხადა, რომ რეგიონში „ინვესტიციები 2.5-ჯერ გაიზარდა, ტურიზმი 80%-ით გაიზარდა. თუ 8 წელიწადში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 200 სასტუმრო ააშენა, 170 სასტუმრო 4 წელიწადში აშენდა და 6 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა, 41 ახალი საწარმო შეიქმნა და 5 გარემონტდა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2012წელს აჭარაში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 152 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2015 წელს 365.8 მილიონი დოლარი (141 % ზრდა), რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოცულობა 2015 წელს 2012 წელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა.
ამავე უწყების ინფორმაციით, 2012 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები 63.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წლის 6 თვის მონაცემებით - 208.1 მლნ დოლარს (ზრდა 226 %). ამ მაჩვენებლების მიხედვით, კერძო ინვესტიციები 2016 წლის 6 თვის განმავლობაში, 2012 წელთან შედარებით, სამჯერაა გაზრდილი.
ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს აჭარაში სასტუმროებით 358 883-მა ტურისტმა ისარგებლა, 2015 წელს კი - 443 667-მა, რაც 80 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2012წელს აჭარაში 278 რეგისტრირებული სასტუმრო (ან სასტუმროს ტიპის დაწესებულება) იყო, ხოლო 2016 წელს 328, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012-2016 წლებში აჭარაში არა 170, არამედ 50 სასტუმრო აშენდა.
აჭარის მთავრობასა და ტურიზმის დეპარტამენტში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ 2004-2012 წლებში აშენებული სასტუმროების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ჩვენ აჭარის მთავრობის მიერ 2011 წელს შემუშავებული რეგიონული განვითარების სტრატეგია მოვიძიეთ, რომელიც 2006-2011 წლებში რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებზე ტურისტთა განაწილების სურათს ასახავს. აღნიშნული წყაროდან ირკვევა, რომ 2006-2011 წლებში განთავსების ობიექტების რიცხვი 66-დან 278-მდე გაიზარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციითკი, აჭარაში 278 განთავსების ობიექტი 2012 წელს იყო. ორივე შემთხვევაში ეს მონაცემები იმას ნიშნავს, რომ თუკი 2006-2012 წლებში (7 წლის განმავლობაში) აჭარაში სასტუმროების რიცხვი 66-დან 278-მდე გაიზარდა, 8 წლის მანძილზე (2005-2012 წლებში) აჭარაში 212, ან სავარაუდოდ, უფრო მეტი სასტუმრო აშენდა.
რაც შეეხება ახალი საწარმოების გახსნას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვაწოდა,რომლის თანახმადაც, 2011-2016 წლებში პირდაპირი მიყიდვის ან პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ქონებაზე (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით) 21 საწარმო გაიხსნა. 2013-2016 წლებში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აჭარაში 14 საწარმოს დაფინანსება და ხელშეწყობა მოხდა, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 74 საწარმოსი. ამავე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება მოიცავდა როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების ხელშეწყობას, თუმცა რამდენი ახალი საწარმო გაიხსნა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ცალკე მონაცემი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა. უწყების ცნობით, ის არ ფლობს ინფორმაციას რეგიონში გარემონტებული საწარმოების შესახებ.
ფაქტ-მეტრმა 2013-2016 წლებში გახსნილი და გარემონტებული საწარმოების ზუსტი რიცხვის დადგენა საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეშვეობით სცადა. სააგენტოდან მხოლოდ 2014-2016 წლების მონაცემები მოგვაწოდეს,რომელთა მიხედვითაც, სააგენტოს თანადაფინანსებით 5 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გადაიარაღდა. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კი ფუნქციონირება 55-მა ახალმა საწარმომ დაიწყო. თუკი ერთმანეთს შევადარებთ ორივე უწყების ინფორმაციას, შემდეგ სურათს მივიღებთ:
უწყება | ახალგახსნილი საწარმო | გარემონტებული საწარმო |
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო | 35 | - |
მეწარმეობის განვითარების სააგენტო | 5+55 | 5 |
მართალია, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 2014-2016 წლების მონაცემებს ასახავს, მაგრამ ახალგახსნილი და გარემონტებული საწარმოების რაოდენობა ამ წყაროს შემთხვევაში უფრო მეტად დაზუსტებულია. თუკი ამ მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, აჭარაში 2014-2016 წლებში 60 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილი ინფორმაცია აჭარაში დასაქმებულთა რიცხვის 6 ათასით გაზრდის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას შევადარეთ. 2012 წელს რეგიონის ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 44 691 იყო, 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი - 55 888. ოთხ წელიწადში ზრდა 11 197 დასაქმებულს შეადგენს. ჯამურად, ყველა კატეგორიის დასაქმებულთა რაოდენობააჭარაში 2012 წელს 173,8 ათასი იყო, ხოლო 2015 წელს 170,4 ათსი. ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულთა რიცხვი 113,2-იდან 101,1-მდე შემცირდა, დაქირავებულთა რიცხვი კი 60,4-დან 64,0-მდე გაიზარდა.
კატეგორია | 2012 წელი | 2015 წელი |
დასაქმებულები | 173 800 | 170 400 |
თვითდასაქმებულები | 113,2 | 101 100 |
დაქირავებულები | 60,4 | 64 000 |
ბიზნეს სექტორში დასაქმებულები | 44 691 | 55 888 |
დასკვნა
ბიძინა ივანიშვილის განცხადება 6 ნაწილისგან შედგება: 1. განცხადება ინვესტიციების ორნახევარჯერ ზრდის შესახებ თითქმის ემთხვევა ოფიციალურ მონაცემს, რომლის მიხედვითაც აჭარაში ინვესტიციები 2.4-ჯერაა გაზრდილი; 2. თუკი ერთმანეთს 2012 და 2015 წლებში სასტუმროებში განთავსებული ტურისტების რაოდენობას შევადარებთ, 80 პროცენტიანი ზრდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაცია დასტუდება; 3. ივანიშვილის მიერ დასახელებული 170 სასტუმროს ნაცვლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარას 4 წლის განმავლობაში 50 სასტუმრო შეემატა; 4. 2006-2012 წლებში არა 200, არამედ 212 სასტუმრო გაიხსნა; 5. ოთხ წელში ახალგახსნილი და გარემონტებული საწარმოების ზუსტი რიცხვი ფაქტ-მეტრს ვერცერთმა უწყებამ ვერ მიაწოდა. ცნობილია მხოლოდ 2014-2016 წლებში სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით ამოქმედებული (60) და გარემონტებული(5) საწარმოების რაოდენობა, რაც ივანიშვილის მიერ დასახელებულ (41 და 5) მონაცემს ძირითადად ემთხვევა და აჭარბებს კიდეც. 6. რაც შეეხება 6 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 2013-2016 წლებში 11 197 -ითაა გაზრდილი, მაგრამ სხვადასხვა კატეგორიის დასაქმებულთა რაოდენობა ჯამურად შემცირებულია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.