წლამდე უმუშევრობა 15% იყო. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ იქით, რომ ვამცირებთ უმუშევრობას და რაც მნიშვნელოვანია, ეს ხდება არა სახელმწიფო ბიუროკრატიის ზრდის ხარჯზე ან სახელმწიფო დასაქმების ხარჯზე, არამედ კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე, კერძო სექტორში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების მიხედვით. ის, რომ 3 %-მდეა შემცირებული უმუშევრობა და 12%-მდეა ჩამოსული, არის მიღწევა".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
დასაქმების სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ცხრილი 1 ასახავს აღნიშნულ მონაცემებს 2005-2015 წლებში.
ცხრილი 1:
დასაქმების სტატისტიკა, 2005-2015 წლები
სამუშაო ძალა (ათასი კაცი) | დასაქმებული (ათასი კაცი) | უმუშევარი (ათასი კაცი) | უმუშევრობის დონე | |
2005 | 2024 | 1745 | 279 | 13.8% |
2006 | 2022 | 1747 | 275 | 13.6% |
2007 | 1965 | 1704 | 261 | 13.3% |
2008 | 1918 | 1602 | 316 | 16.5% |
2009 | 1992 | 1656 | 336 | 16.9% |
2010 | 1945 | 1628 | 317 | 16.3% |
2011 | 1959 | 1664 | 295 | 15.1% |
2012 | 2029 | 1724 | 305 | 15.0% |
2013 | 2004 | 1712 | 292 | 14.6% |
2014 | 1991 | 1745 | 246 | 12.4% |
2015 | 2022 | 1780 | 242 | 12.0% |
უმუშევრობის სტატისტიკურად შეფასების მაჩვენებელი ე.წ. უმუშევრობის დონეა, რომელიც ასახავს სამუშაო ძალის რამდენი პროცენტია უმუშევარი. როგორც ცხრილიდან ჩანს, უმუშევრობის დონემ კრიზისულ 2008-2009 წლებში მაქსიმუმს მიაღწია, შემდგომ წლებში კი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. 2011-2013 წლებში უმუშევრობის მაჩვენებელი 15%-ის ფარგლებშია, 2015 წელს კი 12%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 55 ათასითაა გაზრდილი კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი, სახელმწიფო სექტორში ზრდამ კი 1 200 ერთეული შეადგინა.
ცხრილი 2:
დასაქმების სტატისტიკა სექტორების მიხედვით (ათასი კაცი)
წელი | სულ | სახელმწიფო სექტორი | არასახელმწიფო სექტორი | ||
დასაქმებულთა ოდენობა | წილი დასაქმებაში | დასაქმებულთა ოდენობა | წილი დასაქმებაში | ||
2007 | 1704 | 327 | 19.2% | 1377 | 80.8% |
2008 | 1602 | 275 | 17.2% | 1327 | 82.8% |
2009 | 1656 | 298 | 18.0% | 1358 | 82.0% |
2010 | 1628 | 286 | 17.6% | 1342 | 82.4% |
2011 | 1664 | 266 | 16.0% | 1398 | 84.0% |
2012 | 1724 | 274 | 15.9% | 1450 | 84.1% |
2013 | 1712 | 247 | 14.4% | 1465 | 85.5% |
2014 | 1745 | 251 | 14.4% | 1494 | 85.6% |
2015 | 1780 | 275 | 15.4% | 1505 | 84.5% |
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო 2013-2014 წლებში, 2015 წელს კი დაახლოებით 24 ათასით გაიზარდა და 2012 წლის ნიშნულს გადააჭარბა. ამავე დროს, 2015 წელს არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11 ათასით გაიზარდა.
ფინანსთა მინისტრის განცხადება ოფიციალურ სტატისტიკასთან დიდწილად თანხვედრაშია, თუმცა, თავად ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ასპექტი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებია. 2014 წლის საყოველთაო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა 2002 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის შემცირებული და 3.7 მლნ-ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების ფონზე ალოგიკურია, რომ დასაქმების სტატისტიკის თანახმად, სამუშაო ძალის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ შემცირებულა.
ბოლო წლებში დასაქმების მხრივ არსებული ტენდენციის შესასწავლად, ჩვენ შემოსავლების სამსახურიდან ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გამოვითხოვეთ, კვარტლის ბოლო თვის მდგომარეობით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის დეკემბერში საქართველოში ხელფასი 702 575 ადამიანმა აიღო, 2016 წლის ივნისში კი 774 746 ადამიანმა. ზრდა 72 171-ია. თუ 2012 წლის დეკემბრის მონაცემს 2015 წლის დეკემბერს შევადარებთ (ზოგადად, ასეთი შედარება უფრო სწორია), ზრდა 94 286-ია.
დასკვნა
უმუშევრობის დონე 2011-2012 წლებში 15%-ის ნიშნულზე იყო, 2015 წელს კი 12%-მდეა შემცირებული. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციაც ადასტურებს. 2013-2015 წლებში კერძო სექტორში ზრდადი დასაქმების პარალელურად შესამჩნევი იყო სახელმწიფო სექტორში დასაქმების შემცირებაც, თუმცა 2015 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2012 წლის ნიშნულს მიუახლოვდა. ამასთან, 2015 წელს სახელმწიფო სექტორში 2-ჯერ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე არასახელმწიფო სექტორში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადება მეტწილად თანხვედრაშია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან. თუმცა, თავად ოფიციალურ მონაცემებთან მიმართებაში გარკვეული კითხვები ჩნდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, 2015 წელს, გასულ პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვნობა 777 ათასით არის შემცირებული. სამუშაო ძალისა და მის მიღმა მყოფ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა (ეკონომიკურად აქტიური და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ჯამი) კი მხოლოდ 16 ათასი ერთეულით იკლო.
ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს.