მიმდინარე წლის 5 ივლისს, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში, არასამთავრობო ორგანიზაცია „შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ბაჯელიძემ განაცხადა: "სახელმწიფო სამსახურებმა დაიწყეს კონტრაქტების დამალვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვების ელექტრონულ ვებგვერდზე უნდა იყოს კონტრაქტები ატვირთული... საერთოდ აღარ ტვირთავენ ხელშეკრულებებს. ამისი კარგი მაგალითია მთავრობის ადმინისტრაცია, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ არ ტვირთავენ და ასე თქვეს ტექნიკური ხარვეზიაო... რატომ არ ტვირთავენ იცით? იმიტომ არ ტვირთავს, რომ იქაც „დაგი“ არის და „დაგი“ აკეთებს იმ სამშენებლო კონტრაქტებს".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის თანახმად, სააგენტოს ვებგვერდი გამართული უნდა იყოს და მოქალაქეებს ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ეხება. გამონაკლის შემთხვევებში, ორგანიზაციას აქვს უფლება კონტრაქტზე წვდომა შეზღუდოს. თუმცა, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, შესყიდვების პროცესები გამჭვირვალედ წარმართონ და საიტის მეშვეობით მოქალაქეებს შესყიდვების კონტრაქტის გაცნობის შესაძლებლობა დაუტოვონ. აღნიშნული პროცესის კანონიერად წარმართვის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია: საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშგება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ფორმებით და ვადებში, აგრეთვე, მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.აღნიშნული ინფორმაციის ვერმიღების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია სასამართლოს მიმართოს ან/და ფაქტი გაასაჯაროვოს.
როგორც ფაქტ-მეტრთან საუბრისას გიორგი ბაჯელიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ადმინისტრაციაზე საუბრისას, იგი იმ კონტრაქტს გულისხმობდა, რომელიც უშუალოდ ადმინისტრაციის შენობის რემონტს ეხებოდა.
აღნიშნულ საკითხზე კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ 2016 წლის თებერვალში ჩაატარა. კვლევის თანახმად, 2013-2015 წლებში სახელმწიფო ადმინისტრაციის (მთავრობის კანცელარიის) შენობა გარემონტდა, რაზეც ტენდერი არ გამოცხადებულა და პროცესი გამარტივებული პროცედურების მეშვეობით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წარიმართა. ამ მიზნით 142 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ხელშეკრულებები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის რემონტს შეეხება, არ არის განთავსებული. გამარტივებული ტენდერის მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე, განყოფილებაში #CMR განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული პროცედურის შესაბამისი კონტრაქტები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის რემონტის კონტრაქტები არ იძებნება.ფაქტ-მეტრმა კონტრაქტების მოძიება ჯერ სააგენტოს ოპერატორის, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის დახმარებით სცადა. ამ უკანასკნელმა პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურის განმარტებით, უწყების ხელში არსებული ინფორმაცია მთლიანად ვებგვერდზეა ატვირთული და იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე გვერდის დარეგისტრირებული მომხმარებელი ხედავს, ვერ მოგვაწვდიდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკონომისტმა მიხეილ კუკავამ ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ, ჩატარებული კვლევის საპასუხოდ, შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო პასუხი, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო არ იყო გამოქვეყნებული. ეს ხარვეზი კი, როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე არ გამოსწორებულა. იმავე კვლევის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა შპს „ანაგს“ გადაეცა, მას მოსდევს შპს „თბილი სახლი“, შპს „პრიზმა“, შპს „ამიგა“, შპს „გრუსია“, შპს „მონტაჟ ჯორჯია“ და ა.შ. (სულ 28 შპს).გიორგი ბაჯელიძის მიერ ნახსენები შპს „დაგი“ აღნიშნულ კვლევაში არ ფიგურირებს.
დასკვნასახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს ყველა ის შესრულებული კონტრაქტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დაიდება. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველს უფლება აქვს ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობა შეზღუდოს. როდესაც საქმე საჯარო ორგანოებს ეხება, ისინი ვალდებულნი არიან, უკვე დასრულებულ შესყიდვებზე ინფორმაცია ატვირთონ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია საჯარო შესყიდვებზე ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოითხოვოს და სხვადასხვა ბერკეტი გამოიყენოს, რათა შემსყიდველს საჯარო ინფორმაცია განათავსებინოს.
2013-2015წლებში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობა გარემონტდა, თუმცა აღნიშნულ ტენდერზე ინფორმაცია და კონტრაქტები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება. საერთაშორისო გამჭვირვალობას კვლევის ფარგლებში, შესყიდვების სააგენტომ უპასუხა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმც,ა ხარვეზი დღემდე არ გამოსწორებულა. რაც შეეხება შპს „დაგს“, მისი მონაწილეობა ადმინისტრაციის რემონტის ფარგლებში არ დასტურდება. საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევით, რემონტის ფარგლებში, სახელმწიფო ადმინისტრაციიდან თანხა 28 შპს-ს გადაერიცხა, თუმცა მათ შორის შპს „დაგი“ არ არის.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ბაჯელიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.