წლის 14 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური პარტიის - "ცენტრისტები ხაჩიშვილი-ბედუკაძე" წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი გავიდა. აღნიშნულ რეკლამაში პოლიტიკური პარტია საქართველოს მოქალაქეებს რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას პირდება. ვიდეოში ჩანს რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები.
მას შემდეგ, რაც "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის ეთერიდან მოხსნა. არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა,რომ მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იყო ხსენებული პოლიტიკური რეკლამა ეთერში გაეშვა. "მინდა განვმარტო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა და ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში. კანონმდებლობა ცალსახად გვავალდებულებს მსგავს მოქმედებას, შესაბამისად, ეს რეკლამა განთავსდა ეთერში" - განაცხადა გვიმრაძემ. ამასთან, მან ვიდეორგოლი "ოკუპაციის ტირაჟირებად" შეაფასა და რეკლამის ეთერში განთავსება "სამართლებრივ და საკანონმდებლო სისუსტეს" დააბრალა.
ფაქტ-მეტრმა გიორგი გვიმრაძის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლი ადგენს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მე-6 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. 44-ე მუხლის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
პოლიტიკური პარტიის - "ცენტრისტები ხაჩიშვილი-ბედუკაძის" წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს (საოკუპაციო ჯარის სტატუსის დაკანონება, უცხო ქვეყნის პენსიის დანიშვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის) შეიცავს და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების წესს ორგანული კანონი - "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ადგენს. კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან, ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად. კანონი არ კრძალავს რეკლამის უფრო ადრე განთავსებას, თუმცა ვალდებულება, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი აპელირებს, არხს "საარჩევნო კოდექსით" 2016 წლის 19 აგვისტოს წარმოექმნება. შესაბამისად, 14 აგვისტოს "ცენტრისტების" წინასაარჩვენო რეკლამის ეთერში განთავსება არხის თავისუფალი არჩევანის საკითხი იყო.
"საარჩევნო კოდექსის" 51-ე მუხლის მე-15 ნაწილი ადგენს, რომ საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს. კომისია ასევე უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ საარჩევნო კოდექსით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე.
15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა ეთერიდან მოხსნა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განცხადებაგაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში. მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა".
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს 2016 წლის 19 აგვისტომდე მოცემული რეკლამის ეთერში განთავსების ვალდებულება არ ჰქონდა.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 83-ე მუხლის და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი უნდა შეადგინოს და საქალაქო სასამართლოს განსახილველად წარუდგინოს.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ "პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას". შესაბამისად, "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსობრივ ნაწილზე რეაგირება უკვე ცესკოს უფლებამოსილებაა.
დასკვნა "
საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ადგენს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო რეკლამის ეთერში განთავსების ვალდებულება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან, ანუ 2016 წლის 19 აგვისტოდან წარმოექმნება. მაუწყებელი ასევე უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც რეკლამა ეთერიდან მოხსნა.
14აგვისტოს საზოგადოებრივ მაუწყებელს "ცენტრისტების" წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსების ვალდებულება არ ჰქონდა. არხს ასევე გააჩნდა რეკლამის შინაარსობრივ ნაწილზე რეაგირების სამართლებრივი ბერკეტი.
შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადება არის ტყუილი.