2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელსაც ყველანი შევესწარით. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრ ადამიანს მასზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. უფრო ხშირად შეხვდებით ომის, როგორც მოვლენის, ზოგად აღქმას და არა მის შესახებ ცოდნას კონკრეტული ფაქტების დონეზე.
ისე მოხდა, რომ სამხრეთ კავკასიის ისტორიული ატლასის პროექტის ფარგლებში მომიწია 2008 წლის ომის დეტალური შესწავლა, რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში შეუძლებელია ჩემ მიერ მოპოვებული მთელი ინფორმაციის გადმოცემა, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე დეტალი, რომლის შესახებაც ჩვენს საზოგადოებაში იშვიათად საუბრობენ.
როგორ იყენებდა რუსეთი საქართველოს ტერიტორიას საქართველოზევე თავდასხმის მოსამზადებლად
ომის საბოლოო პრაქტიკული მომზადება რუსეთმა 2006 წლის დასაწყისში დაიწყო. ირონიულია, რომ ამ მზადების ნაწილი საქართველოშივე მიმდინარეობდა.
2006 წლის მარტში რუსეთი სამხედრო ბაზის მშენებლობას შეუდგა სოფელ ელბაქითაში, ჯავის მახლობლად. ასევე, 2006 წელს ჯავის რაიონში აშენდა ტანკების საწვავით გასამართი სადგური. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის „სამშვიდობო“ ძალებს ტანკები არ ჰყავდათ. 2007-2008 წლებში რუსეთმა საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას კიდევ ორი ბაზა დაუმატა. ერთი უგარდანთაში (ჯავის მახლობლად) აშენდა, ხოლო მეორე – ქალაქ ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მოგვიანებით, სწორედ უგარდანთას ბაზაზე დროებით განლაგდნენ ომის პირველ დღეს – 2008 წლის 7 აგვისტოს – რუსეთიდან შემოჭრილი სამხედრო ძალები. ბაზის მშენებლობა 2008 წლის ივლისში დასრულდა.
2008 წლის გაზაფხულზე აგრესიისთვის მზადების საბოლოო ფაზა დაიწყო. 17 აპრილს აფხაზეთში შევიდა 300 რუსი ჯარისკაცი. 21 აპრილს მოსკოვმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკიდან აფხაზეთში მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ერთ-ერთი ბატალიონი გადაიგზავნებოდა, რომელსაც არტილერიაც ახლდა. ეს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მანდატს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამგვარ უმნიშვნელო დეტალებს სერიოზული სამხედრო ოპერაციის მომზადებაში ჩართული კრემლი ყურადღებას აღარ აქცევდა. ბატალიონი აფხაზეთში რამდენიმე დღეში შევიდა. 26 აპრილსა და 1 მაისს აფხაზეთში რუსეთიდან გადაისროლეს დიდი საარტილერიო ძალები და სამხედრო სპეციალისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი. 1 ივლისს აფხაზეთში კიდევ 250 რუსი ჯარისკაცი შევიდა, ხოლო 14 ივლისს ცხინვალში რუსი სამხედრო ექიმების ჯგუფი დაბანაკდა.
2008 წლის მაისში რუსეთიდან გამოგზავნილი სპეცდანიშნულების ძალები განლაგდნენ როგორც გალის რაიონში, ასევე ცხინვალთან. მოგვიანებით, 8 აგვისტოს დილას, სწორედ რუსული ჯარის მე-10 სპეცდანიშნულების ბრიგადის ჯარისკაცებმა მოახდინეს ქართულ ჯართან პირველი ბრძოლის ინიცირება.
მეტად მნიშვნელოვანი იყო რუსული სამხედრო სარკინიგზო ჯარების მიერ ოჩამჩირემდე რკინიგზის რემონტი. სამუშაოები ივნის-ივლისში მიმდინარეობდა და 30 ივლისს დასრულდა – ომამდე 1 კვირით ადრე. ომის დროს სწორედ აღდგენილ რკინიგზას იყენებდნენ იმ რუსული სამხედრო ძალების გადაადგილებისთვის, რომლებიც შემდეგ სამეგრელოში შეიჭრნენ.
ამის შემდეგ, აგვისტოს პირველ დღეებში უკვე დაიწყო ცხინვალის რეგიონში როგორც რუსული ჯარის შენაერთების, ასევე ნახევრად ფორმალური რაზმების მუდმივი შემოდინება, რომელიც 7 აგვისტოსთვის მასშტაბურ შემოჭრაში გადაიზარდა.
ცალკე და ფართო საკითხებია კრემლის მიერ ომის პოლიტიკური მომზადება, სამხედრო დაგეგმარება, რუსეთის ჯარის წვრთნები და ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ჯარისა და სპეცსამსახურების კადრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტულ „მთავრობებში“ და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები. მაგრამ 2006-2008 წლებში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და არასამშვიდობო სამხედრო ძალების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე, მის წინააღმდეგვე ომის საწარმოებლად განსაკუთრებით საინტერესო მოვლენაა.
როგორ შეაჩერეს ქართველმა ჯარისკაცებმა რუსული შეტევა ერთი დღით
საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეტევა რუსეთმა 11 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცხინვალსა და აფხაზეთში საკმარისად დიდი ძალების კონცენტრირება მოახდინა. იმავე დღეს ქართულმა ჯარმა უკანდახევისა და თბილისის მისადგომებთან დედაქალაქის დასაცავად განლაგების ბრძანება მიიღო. ამ რუსული წინსვლისა და ქართველების უკანდახევის პროცესში რამდენიმე შეტაკება მოხდა. მათგან ყველაზე ცნობილია ტრაგიკული ბრძოლა შინდისთან. თუმცა, სამხედრო შედეგების თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანი იყო სხვა ორი შეტაკება. მათგან ერთს ჩვენთან შინდისზე ბევრად იშვიათად ახსენებენ, ხოლო მეორე, საერთოდაც, სრულიად უცნობია ქართველი საზოგადოებისთვის.
11 აგვისტოს, დილით, ქალაქ ცხინვალის დასავლეთითა და აღმოსავლეთით შეგროვდა რუსული ძალების ორი დაჯგუფება. მათი დავალება იყო წინსვლა გორის მიმართულებით, შესაბამისად, ლიახვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გასწვრივ. ორივე დაჯგუფებას ავანგარდში მედესანტეები ჰყავდა, ხოლო ძირითად ძალას მექანიზებული შენაერთები შეადგენდა.
დასავლური დაჯგუფება ტბეთი-ავნევის გზით დაიძრა, თუმცა მალევე მისმა ავანგარდმა გზა მიატოვა, ავნევსა და ზემო ნიქოზს შორის მინდვრები გაიარა და ვარიანისკენ დაიძრა. ძირითადმა ძალებმა ავნევი-ზემო ნიქოზის გზით გააგრძელეს მოძრაობა. სწორედ ამ დროს, შუადღისას, სოფელ ზემო ხვითში ქართველმა ჯარისკაცებმა ამ რუსული კოლონის წინააღმდეგ წარმატებული ჩასაფრება განახორციელეს, რის შედეგადაც რუსებმა დანაკარგები მიიღეს. ორმა რუსულმა ასეულმა მოასწრო ზემო ხვითის გავლა ჩასაფრებამდე, მაგრამ რუსული დაჯგუფების უმეტესი ნაწილი ჩასაფრების შედეგად ზემო ხვითთან გაჩერდა და იმ დღეს წინსვლა აღარ გაუგრძელებია. სამხრეთისკენ ეს ძალები მხოლოდ მომდევნო დღეს, 12 აგვისტოს, დილით დაიძრნენ.
რუსების აღმოსავლური დაჯგუფება ცხინვალიდან სამხრეთისკენ ერგნეთის გავლით გაემართა. იქვე, სოფელ მეღვრეკისთან მის ავანგარდში მყოფი მედესანტეები ქართველი ჯარისკაცების მოწყობილ ჩასაფრებაში მოყვნენ. შედეგად, გორისკენ მოძრაობის ნაცვლად, რუსების აღმოსავლური დაჯგუფება მეღვრეკისთან გაჩერდა. წინსვლა მანაც მხოლოდ მეორე დღეს, 12 აგვისტოს გააგრძელა.
ქართული ჯარის საერთო უკანდახევის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების კონკრეტულმა მცირერიცხოვანმა რაზმებმა ბევრად უფრო დიდ და მძიმედ შეიარაღებულ რუსულ შენაერთებზე განახორციელეს თავდასხმები. ამით მათ ერთი დღით გადადეს მსხვილი რუსული ძალების გამოჩენა გორთან და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზატკეცილთან. ზემო ხვითის ჩასაფრება განახორციელეს მე-2 ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ჩარლის“ ასეულის ჯარისკაცებმა. მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ის, რომელი ქართული შენაერთი მონაწილეობდა მასში.
რატომ ვერ შეუტევდნენ რუსები თბილისს 11-12 აგვისტოს
11 აგვისტოს, საღამოსთვის, თბილისში ძალიან ბევრს ჰქონდა აღქმა, თითქოს ქალაქზე რუსული თავდასხმა უახლოეს საათებში იყო მოსალოდნელი. თბილისის ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. ზოგმა ქალაქი დატოვა. თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში ქართული ჯარის დანახვაზე ვიღაც ჭორებს ავრცელებდა, ვითომ რუსები უკვე ქალაქში იყვნენ.
სინამდვილეში, როგორც 11-12 აგვისტოს ღამეს, ისევე 12 აგვისტოს განმავლობაში რუსების მიერ თბილისზე შეტევა შეუძლებელი იყო. ერთადერთი რუსული დაჯგუფება, რომელიც 11 აგვისტოს საღამოსთვის არათუ თბილისს, არამედ გორს მიუახლოვდა, მედესანტეთა ერთ ბატალიონს და იმ ორ ასეულს შეადგენდა, რომელმაც ზემო ხვითის ჩასაფრებას გამოასწრო (შინდისის ბრძოლაში სწორედ ამ შენაერთების ძალები მონაწილეობდნენ). 11-12 აგვისტოს ღამეს ისინი ვარიანთან დაბანაკდნენ, ანუ გორიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კილომეტრში, და ქართული კონტრშეტევის მოსაგერიებლად მოემზადნენ. მათი ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ქართული ჯარი უკვე თბილისთან გროვდებოდა, მაგრამ ის ლოგიკური იყო: ვარიანთან დაბანაკებული რუსები წინ გაიჭრნენ, დანარჩენ რუსულ ძალებს დაშორდნენ და ამიტომ, წესით, სახიფათო მდგომარეობაში იყვნენ.
11 აგვისტოს შეტევაში ჩართულმა დანარჩენმა რუსულმა ძალებმა, როგორც უკვე ითქვა, 11-12 აგვისტოს ღამე ზემო ხვითთან და მეღვრეკისთან გაატარეს, ანუ ცხინვალიდან 3-4 კილომეტრში. მომდევნო დღის – 12 აგვისტოს განმავლობაში ისინი გორთან ახდენდნენ კონცენტრირებას. თუმცა, თბილისზე შეტევისთვის ეს ძალებიც სრულიად არასაკმარისი იქნებოდა, ქართული ჯარის დეზორგანიზების პირობებშიც კი.
12 აგვისტოს შემდგომ დღეებში შიდა ქართლში უკვე საკმარისად დიდი რუსული ძალები მოგროვდა. მათ საკუთარი ლოგისტიკური და საორგანიზაციო პრობლემებიც მოაგვარეს. თბილისზე შეტევა, სამხედრო თვალსაზრისით, რეალისტური გახდა. მაგრამ 13-15 აგვისტოს პერიოდი ქართულმა ჯარმაც გამოიყენა მოსაწესრიგებლად, ხოლო 13 აგვისტოს პრეზიდენტ ბუშის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოში ამერიკული შეიარაღებული ძალების „ჰუმანიტარული ოპერაციის“ დაწყების შესახებ, საფრთხე მნიშვნელოვნად შეამცირა.
რატომ დაცალა საქართველომ კოდორის ხეობა
ომის დროს კოდორის ხეობის დატოვება ქართველი საზოგადოებისთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა. ბუნებრივია, რომ როგორც უშუალოდ ომის შემდეგ, ისევე შემდგომი წლების მანძილზე და დღემდეც ხშირად ისმის კითხვა – რატომ მოხდა თავდაცვისთვის მომზადებული კოდორიდან უკანდახევა თითქმის ბრძოლის გარეშე. პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ საპირისპირო შემთხვევაში კოდორის ქართული გარნიზონი გარდაუვლად მოექცეოდა ალყაში და განადგურდებოდა.
10 აგვისტოს, საღამოს, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ძალებმა ენგური გადმოლახეს და ზუგდიდის რაიონის ფარგლებში შემოვიდნენ. 11 აგვისტოს, დილით, მე-7 დივიზიის ორმა ბატალიონმა ზუგდიდი დაიკავა. მათ მალევე შეუერთდნენ სხვა რუსული ძალებიც. შემდეგ მათმა ნაწილმა სენაკისკენ გადაინაცვლა, თუმცა მეორე ნაწილი, კერძოდ, მე-7 დივიზიის 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ძალები, ზუგდიდიდან ხაიშის მიმართულებით დაიძრნენ.
ამით მათ შექმნეს კოდორის ქართული გარნიზონისთვის დანარჩენ საქართველოსთან ერთადერთი დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვისა და გარნიზონის სრულ ალყაში მოქცევის საფრთხე. კოდორის გარნიზონის გარდა, მთელი ქართული შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ საქართველოში იყვნენ. დასავლეთ საქართველოში რუსების მოქმედებებს ვერავინ შეაფერხებდა. ალყაში მოქცეული სამხედრო ძალები, ადრე თუ გვიან, ნადგურდებიან ან კაპიტულაციაზე მიდიან. ასეთი შედეგი კოდორშიც გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ, კოდორის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, ქართულმა გარნიზონმა ხეობიდან მესტიის რაიონში უკანდახევა დაიწყო.
ქართული გარნიზონი მესტიასთან 12 აგვისტოს შუადღისთვის მოგროვდა. რამდენიმე საათში 247-ე პოლკის ძალებმა ხაიშს მიაღწიეს და კოდორის ხეობისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გზა ჩაკეტეს.
კოდორის გარნიზონის ალყაში მოქცევის შემთხვევაში ქართული მხრიდან მსხვერპლის და განსაკუთრებით ტყვეების რაოდენობა ძალიან დიდი იქნებოდა. არ არის გამორიცხული, ეს ფაქტორი საქართველოსთვის უფრო მძიმეს გახდიდა საბოლოო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.
* * * *
2008 წლის აგვისტოს ომზე კიდევ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება. მაგალითად, იმაზე, რომელი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურები ვარაუდობდნენ წინასწარ რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ან იმაზე, როგორ შევიდა საქართველო კიბერ ომის ისტორიაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საუბარი იმ გაკვეთილებზე, რომლებსაც 2008 წლის ომის გამოცდილება გვთავაზობს. თუმცა, ერთი სტატიის ფარგლებში ამ ყველაფერზე საუბარი შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებაში იყოს სისტემური ძალისხმევა, რაც შეიძლება მეტი კონკრეტული ფაქტის დონეზე შევისწავლოთ და გავიაზროთ ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები. ამის გარეშე შეუძლებელია მათი, როგორც სასარგებლო გამოცდილების წყაროს გამოყენება.