სერგო რატიანმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხში გარკვევას შეეცადა.
მიმდინარე წლის 5 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ აცნობა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებები 6 აპრილს კონტრასიგნაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეგზავნა. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით,საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
სამოქალაქო საზოგადოების აზრით,პრეზიდენტის განკარგულებები, რომელთა თანახმადაც არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი დასახელდა ხოლო სამართლებრივი აქტების ამოქმედების ვადად კი 8 აგვისტო, საარჩევნო კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული რეგულაციები არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ აქტის გამოქვეყნებას უკავშირდება.
საქართველოს "საარჩევნო კოდექსის" 108-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას გამოსცემს, რაც პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც კონსტრასიგნაციას საჭიროებს მისი გამოცემიდან არაუგვიანეს მეორე დღეს პრემირ-მინისტრს გადაეცემა, რომელსაც აღნიშნული აქტი მთავრობის სხდომაზე განსახილველად 10 დღის ვადაში გააქვს. თუ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს მოიწონებს, პრემიერ-მინისტრი მას ხელს აწერს, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.
კონტრასიგნაციიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უნდა გამოქვეყნდეს. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხევდით კი, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის შემთხვევაში არჩევნები დანიშნულად ჩაითვლება და მისი გამოქვეყნების დღიდან ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის რეჟიმი ავტომატურად ამოქმედდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არჩევნებამდე 6 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანია არის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც აისახება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე, საჯარო სამსახურების საქმიანობაზე, სოციალური პროექტების ინიცირება/განხორციელებაზე, მედია-რეგულაციების გამკაცრებაზე და ა.შ. - აღნიშნულია არასამთავრობოთა ერთობლივ განცხადებაში. "ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში" - განაცხადაპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. შესაბამისად, აღნიშნული გაუგებრობისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნება გადაიდოს, რაც ან თავად პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემული აქტის უკან გახმობით ან პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციაზე უარის თქმით არის შესაძლებელი.
ჯერჯერობით მთავრობას პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი არ განუცხადებია. კანონის თანახმად მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა აქვს, თუმცა ზუსტად როდის იწურება ვადა, უცნობია. ჩვენ ამ ინფორმაციის დაზუსტება პრეზიდენტის მრჩეველს, კახა კოჟორიძეს ვთხოვეთ. მისი განცხადებით, ათ დღეში კალენდარული დღეები იგულისხმება თუ სამუშაო, ცალსახად განსაზღვრული არ არის. მთავრობის ადმინისტრაციაში კი განგვიცხადეს, რომ წესით სამუშაო დღეები უნდა იგულისხმებოდეს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წარმომადგენელის, ნინო ლომჯარიას განმარტებით კი, იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის ნორმაში არ არის დაკონკრეტებული კალენდარული დღეა თუ სამუშაო, მაშინ სამუშაო დღე იგულისხმება. ჯერჯერობით, ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - თუ რას და როდის გეგმავს პრეზიდენტი (კერძოდ, გამოიხმობს თუ არა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობისთვის გადაგზავნილ განკარგულებას). კახა კოჟორიძის განცხადებით, ბუნებრივია, დრო გადის და საზოგადოებას კონკრეტული პასუხი სჭირდება, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი.
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეთანხმებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 8 ოქტომბერს გადაწყდა. "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე ქვეყანა ავტომატურად წინასაარჩვენო კამპანიის რეჟიმში გადადის. თუმცა, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არა სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე, არამედ მისი ძალაში შესვლის (პრეზიდენტის მიერ ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტო განისაზღვრა) დროს დაიწყება, რაც მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.