რუსთავი 2-ის ეთერში, პრემიებისა და დანამატების გაცემის წესზე საუბრისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ, განაცხადა: "ვხედავთ, რომ წინასწარ, ერთი წლით ადრე, გამოცემულია უწყების ხელმძღვანელების ბრძანებები, სადაც სხვადასხვა საჯარო მოხელეს, მათ შორის თანამდებობის პირებს, დანამატები დანიშნული აქვთ ერთი წლით ადრე. ეს, ჩვენი შეფასებით, ეწინააღმდეგება მოცემულ დანაწესს. არ შეიძლება წინასწარ განისაზღვროს, რომ ადამიანი ღამის ცვლაში იმუშავებს, ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს".
საქართველოს შრომის კოდექსისმიხედვით, მომსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს მოიცავს. პრეზიდენტის 2005 წლის #43-ე ბრძანებულებით, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 2 540 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ყოველთვიურ დანამატს, მინისტრის ხელფასებზე მისი დადგენის უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის #54-ე დადგენლება).
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა"საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში უფლებამოსილი პირის ერთი ბრძანების საფუძველზე, კონკრეტულ თანამშრომლებზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა ხდება, რაც ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული მოვლენა გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვალება.
აღნიშნულ დასკვნაში აუდიტის სამსახურს მაგალითების სახით მოყვანილი ჰყავს განათლების, ენერგეტიკის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრების მიერ გამოცემული ბრძანებები. ამ ბრძანებებით, აღნიშნულ უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეებს მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიური დანამატები დაუწესდათ (იხ. აუდიტის სამსახურის დასკვნის 34-ე გვერდი). ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანებით,საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდათ დანამატი, თითოეულს თვეში 2 710 ლარის ოდენობით.
ამ კონტექსტში საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის შემაჯამებელი მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წელს მოსალოდნელი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტის დეფიციტის დადგენილ ზღვრებში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია სახელფასო ბონუსებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის #449-ე დადგენილებამსაჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და დამტკიცების წესი შემოიღო, რითაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა შეზღუდა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა "დანამატის" მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ მხარჯავი დაწესებულებების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრემიის დანამატით ჩანაცვლების ფაქტებს. ასევე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში დანამატის გაცემა ხდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ან მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მუხლის მითითებით (იხ. აუდიტის სამსახურის დასკვნის 33-ე გვერდი).
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებით, დანამატების წინასწარ გაცემა კონრეტულ დანაწესს ეწინააღმდეგება. დანამატის დეფინიცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს ბრძანებაშიამოცემული. აღნიშნული კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს. სწორედ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლოგიკური დასკვნა, რომ შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, ადამიანი ღამის ცვლაში იმუშავებს ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს თუ არა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონისახალი რედაქცია 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ამ კანონის 58-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ მოხელეს სახელფასო დანამატი ეძლევა მოხელის კლასის გათვალისწინებით, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისად, დამატებითი ფუნქციების დაკისრებისას. მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობის გამო. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, განსაზღვრულია ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვარი, რომელიც თვეში დაახლოებით 24 საათია. 61-ე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მოხელის სურვილის შესაბამისად, მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით. როგორც ვხედავთ, დანამატის წინასწარ გაცემა ასევე ალოგიკურია აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან მოხელეს უფლება უნდა ჰქონდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენება მოითხოვოს.
დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, დანამატის წინასწარ დანიშვნა, თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის. შესაბამისად, აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითადაა შეფასებული. აუდიტის სამსახურის დასკვნით, მიზანშეწონილია, შემუშავებულ იქნას ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირების მიზნით.
ფაქტ-მეტრმა გამოიკვლია, რომ რიგ სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირებისთვის დანამატების გაცემა წინასწარ, ერთი წლით ადრე ხდება. დანამატის სამართლებრივი განსაზღვრებიდან გამომდინარე, არალოგიკურია მისი წინასწარ გაცემა. დანამატი უნდა გაიცეს კონკრეტული ფაქტების (არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობა) დადგომის შედეგად.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლაშა თორდიას განცხადება არის სიმართლე.