იტვირთება

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, თოქშოუ "არჩევანის" ეთერში, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლარის დევალვაციაზე საგარეო ფაქტორებმა, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ნეგატიურმა პროცესებმა, დიდი გავლენა მოახდინეს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ლარის გაუფასურება 2014 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო. 22 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით გაუფასურდა. ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა 2015 წლის იანვრიდან დაიწყო. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ლარი 13.7%-ით (25 თეთრით) გაუფასურდა. ლარის გაუფასურების მიზეზებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. ბმული).

საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს. შესაბამისად, ლარის კურსი დოლარზე მოთხოვნა-მიწოდებით დგინდება. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნაც მაღალია. ქვეყანაში დოლარის ძირითად წყაროს ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს.

2014 წლის მეორე ნახევარში ექსპორტმა შემცირება დაიწყო. ექსპორტის შემცირებამ მზარდი იმპორტის ფონზე სავაჭრო ბალანსის 12%-ით გაუარესება გამოიწვია. ექსპორტმა შემცირება აგვისტოდან დაიწყო და 2014 წლის მესამე კვარტალში 6.2%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 20.5%-ით შემცირდა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოს ზრდასთან ერთად გაუარესდა საგადამხდელო ბალანსის სხვა მუხლებიც, რამაც დოლარის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისპროპორცია გაზარდა. 2014 წელს ტურიზმიდან შემოსავლები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 4%-ით გაიზარდა.[1]

 ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან 2%-ით შემცირდა, შესაბამისად ქვეყანაში შემოსული დოლარი მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც ნოემბრის ბოლოს გაცვლით კურსზეც აისახა. ლარის გაუფასურებაზე დიდი გავლენა იქონია გასული წლის ბოლო კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ.

დოლარის ნაკადების შემცირებაზე გავლენა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმაც მოახდინა. 2014 წელს დსთ-ის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით,

დსთ-ის ქვეყნების საერთო ეკონომიკური ზრდა 0.75%-მდე დაეცა. ეკონომიკური ზრდის მონაცემები განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა თურქმენეთს (10.1%), უზბეკეთს (7%) და ტაჯიკეთს (6%) ჰქონდათ. ხოლო ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაში (-6,5%) და რუსეთში (0,2%) დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის შეფერხებამ შეამცირა შიდა მოთხოვნაც, რაც იმპორტზეც აისახა. 2014 წელს დსთ-ის რეგიონში იმპორტი 5%-ით შემცირდა. საქართველოს ექსპორტის უმეტესი წილი დსთ-ის ქვეყნებში გადის, შესაბამისად რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საქართველოზეც ახდენს გავლენას. 2014 წელს დსთ-ის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 155 მლნ აშშ დოლარით (9.6%-ით) შემცირდა.

ცხრილი 1:

დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ექსპორტი (2014 წელი)

მშპ-ის ზრდა

წილი საქართველოს  ექსპორტში

საქართველოს ექსპორტის ზრდა (მლნ აშშ დოლარი)

საქართველოს ექსპორტის ზრდა %

დსთ-ის რეგიონი

0.8%

51.2%

-155.5

-9.6%

სომხეთი

3.2%

10.1%

-27.2

-8.6%

აზერბაიჯანი

4.5%

19.0%

-165.5

-23.3%

ბელორუსი

0.9%

1.2%

-5.7

-14.1%

ყაზახეთი

4.6%

3.1%

-15.1

-14.5%

ყირგიზეთი

4.1%

0.4%

1.1

12.0%

მოლდოვა

1.8%

0.2%

-9.7

-67.5%

რუსეთი

0.2%

9.6%

84.3

44.2%

ტაჯიკეთი

6.0%

0.4%

2.8

35.8%

თურქმენეთი

10.1%

0.5%

0.2

1.4%

უკრაინა

-6.5%

4.9%

-52.5

-27.3%

უზბეკეთი

7.0%

1.9%

31.8

140.1%

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეგიონში აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და სომხეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორებს წარმოადგენენ. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში 27.3%-ით, სომხეთში 8.6%-ით და აზერბაიჯანში 23.3%-ით  შემცირდა. რუსეთში ექსპორტის წლიური ზრდა 44% იყო, თუმცა 2014 წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტმა კლება დაიწყო და ბოლო კვარტალში რუსეთში ექსპორტმა 27%-ით დაიკლო. ექპორტის კლების ტენდენცია 2015 წლის იანვარშიც გაგრძელდა. დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 58 მლნ აშშ დოლარით (51%) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსეთთან ექსპორტი 62%-ით, უკრაინასთან 77%-ით, სომხეთთან 52%-ით, ხოლო აზერბაიჯანთან კი 23%-ით შემცირდა.

რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ფულად გზავნილებზეც აისახა. საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 49% რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება. 2014 წელს ფულადი გზავნილები რუსეთიდან 92 მლნ აშშ დოლარით (11.5%), ხოლო უკრაინიდან 15 მლნ აშშ დოლარით (32.4%) შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ფულადი გზავნილები 46 მლნ აშშ დოლარით (23%), ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები კი, წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 43 მლნ აშშ დოლარით (44%-ით) შემცირდა.

2014 წლის დეკემბერში და 2015 წლის იანვარში ლარის კურსის ვარდნაზე გავლენა საგარეო ფაქტორების გარდა შიდა ფაქტორებმაც მოახდინეს. ამის შესახებ ფაქტ-მეტრს სტატია

უკვე გამოქვეყნებული აქვს.

დასკვნა 2014

წელს დსთ-ის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.75%-მდე დაეცა, ხოლო რეგიონში იმპორტი 5%-ით შემცირდა. საქართველოს ექსპორტის ნახევარზე მეტი დსთ-ის ქვეყნებში გადის, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შემცირება საქართველოს საგარეო ვაჭრობაზეც აისახა. დსთ-ის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 2014 წელს 9.6%-ით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში 51%-ით შემცირდა.

შემცირდა ფულადი გზავნილებიც, 2014 წელს 2%-ით, ხოლო 2015 წლის იანვარ-თებერვალში კი - 23%-ით. ფულადი გზავნილების ნახევარი რუსეთის ფედერაციიდან იგზავნებოდა. 2014 წელს რუსეთიდან გადმორიცხვები 92 მლნ აშშ დოლარით (11.5%), ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 43 მლნ აშშ დოლარით (44%) შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურებას შიდა ფაქტორებიც განსაზღვრავს (ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, სავიზო რეჟიმის გამკაცრებით გამოწვეული ტურიზმის შემცირება, უცხოური კაპიტალის ნაკადების კლება, არაკოორდინირებული განცხადებები ხელისუფლების წევრების მხრიდან და სხვა), შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლარის გაუფასურებაზე (განსაკუთრებით 2015 წლიდან) საგარეო ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.  

[1]

 ეროვნული ბანკს, მონაცემები საგადამხდელო ბალანსის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ 2014 წლის პირველი სამი კვარტლისთვის აქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი