30

სექტემბერს რუსთავი 2-ის თოქშოუ „არჩევანში,“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს (სასამართლოში) პროცესები არის საჯარო. მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში სასამართლო სივრცე იყო ჩაკეტილი მედიისთვის, ეზოშიც კი ეკრძალებოდათ შესვლა, არათუ რაიმეს გადაღება. დღეს არის მონიტორინგის ძალიან დიდი საშუალებები“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ორგანული კანონი – „საერთო სასამართლოების შესახებ,“ სასამართლოს სხდომების ფოტო-ვიდეო-აუდიო გადაღების საკითხს არეგულირებს. კანონის თავდაპირველი რედაქციით (1997 წლის), სასამართლო სხდომის კინო და ფოტო გადაღების, აუდიო და ვიდეო გადაღების აკრძალვა დაიშვებოდა მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით. 2005 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება მოტივირებული გადაწყვეტილებით განესაზღვრა სასამართლო სხდომაზე სტენოგრაფირების, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღების, აუდიო ჩაწერის, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის წესი და დაედგინა ამ უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა. ზემოაღნიშნული ნორმა ძირეულად შეიცვალა 2007

წელს, როდესაც სასამართლო პროცესის ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებლად გამოცხადდა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ სასამართლოს შენობაში.

2007 წელს განხორციელებულ ცვლილებას დაემატა ისიც, რომ სასამართლოში შესულ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, უხდებოდათ პირადი ნივთების, მათ შორის მობილურისა და კომპიუტერის დატოვება რამაც კიდევ უფრო გაართულა მათი სამუშაო პირობები სასამართლოში და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების დროული და ეფექტური ინფორმირება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სასამართლო მონიტორინგის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნავს: „პრაქტიკაში მანდატურებს გარკვეული დრო სჭირდებოდათ, რათა შეემოწმებინათ მოქალაქე და ჩამოერთვათ ელექტრონული მოწყობილობები. ამან რამდენიმე შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლებს მოუსპო შესაძლებლობა, დროულად შესულიყვნენ პროცესზე. სასამართლო პროცესზე დაგვიანებული დამსწრე პირები არ დაიშვებიან“. რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის „freedom house”-ს მიერ ზემოაღნიშნული შეფასდა,

როგორც ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის დარღვევა.

კანონმდებლობით, გადაღების და ტრანსლაციის უფლება მხოლოდ სასამართლოს და სასამართლოს უფლებამოსილ პირს მიენიჭა. მართალია, ტერმინი „სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“ კანონში არსებული ჩანაწერის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული ჩანაწერის ქვეშ მხოლოდ სასამართლო ხელისუფლება მოიაზრებოდა და არა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სასამართლო მსგავს უფლებამოსილებას მიანიჭებდა. ვენეციის კომისია 2013 წლის 11 მარტის დასკვნაში

აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის აუდიო ჩანაწერის გაკეთებას მნიშვნელოვანი უპირატესობა ენიჭება, განსაკუთრებით სასამართლოს მსვლელობის აღწერისა და პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ზემოხსენებული ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისათვის.

2013 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილი. სანაცვლოდ, კანონს დაემატა მე-131 მუხლი, რომლის საფუძველზეც 2013 წლის პირველი მაისიდან ნებადართული გახდა სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადაცემა. 131

მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო სხდომის აუდიო-ჩაწერის უფლება ასევე მიენიჭა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან და იმ პირობით, რომ თავისი მოქმედებით არ შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს.

2013 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 131

მუხლის მე-7 ნაწილით ასევე ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა დაუშვებელია.

ფაქტ-მეტრთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, ქეთი მეზვრიშვილმა 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „კანონში ბევრი ცვლილება განხორციელდა, რამაც სასამართლო უფრო ღია გახადა. კანონი იძლეოდა საშუალებას, რომ სხდომა გახსნილი ყოფილიყო, თუმცა პრაქტიკაში ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. ანუ, იყო, როგორც კანონის, ასევე პრაქტიკის პრობლემა“.

სასამართლო პროცესის გახსნა მედიისათვის, მათ შორის ვიდეო გადაღებისათვის, დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ, ასევე ადგილობრივმა მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში (

მე-5 გვერდი) აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებას გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, კანონში არის ხარვეზებიც. საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, სასამართლოს დაევალა ყველა სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მხარეებისათვის ჩანაწერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. თუმცა, სასამართლოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის შენახვის ვადა და წესი დადგენილი არაა. საზოგადოებრივ მაუწყებელს მიენიჭა ყველა სხდომის ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის შეუზღუდავი უფლებამოსილება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე დაეკისრა ვალდებულება, სასამართლო სხდომის ჩანაწერი მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას. კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც არ არის განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩანაწერთა შენახვის წესი და ვადა. სასამართლო პროცესების ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის უფლებას კანონმდებელი მხოლოდ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებს, რის გამოც სასამართლო პროცესების გადაღების უფლებით  ვერ სარგებლობენ ინტერნეტგამოცემები, გაზეთები და სხვა მედია საშუალებები.

  დასკვნა

მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ის ცვლილებები, რაც 2013 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა. 2007-2012 წლებისგან განსხვავებით, 2013 წელს ნებადართული გახდა ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა, როგორც სასამართლოს ეზოსა და დერეფანში, ასევე სხდომის დარბაზში. სასამართლო სხდომის აუდიო-ჩაწერის უფლება მიენიჭა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს. აიკრძალა სასამართლოს შენობაში შესული პირისთვის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა.

შესბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მანანა კობახიძის განცხადება: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს (სასამართლოში) პროცესები არის საჯარო. მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში სასამართლო სივრცე იყო ჩაკეტილი მედიისთვის, ეზოშიც კი ეკრძალებოდათ შესვლა, არათუ რაიმეს გადაღება. დღეს არის მონიტორინგის ძალიან დიდი საშუალებები,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია