სამუშაო ძალის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგად ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაიზარდა

გასული წლის ბოლოს, საქსტატმა ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იმავდროულად, ისტორიული მწკრივის აღდგენისთვის, 2010 წლიდან დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად განახლდა.

საქსტატი დასაქმება და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. მეთოდოლოგიაში ახალი სტანდარტზე გადასვლა თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, ახალი სტანდარტით საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ, თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან. აღნიშნული სტატუსის მქონე პირებმა ან უმუშევართა კატეგორიაში, ან სამუშაო ძალის გარეთ გადაინაცვლეს, იმის მიხედვით, ეძებდნენ, თუ - არა, სამუშაოს.

ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად:

• დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა;

• უმუშევრობის დონე და უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა;

• სამუშაო ძალა/ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რადგან თვითდასაქმებულების ნაწილი სამუშაო ძალის მიღმა (პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული, მაგრამ არ ეძებენ სამუშაოს) გადავიდა.

სამუშაო ძალის სტატისტიკაში ახალი სტანდარტის დანერგვა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ის რეალობას უფრო ობიექტურად ასახავს. საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ და თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულთა დიდი წილი, საოჯახო მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირები იყვნენ. შესაბამისად, ისინი დასაქმებულად მხოლოდ ტექნიკური მიზეზით ითვლებოდნენ. ახალი მეთოდოლოგიით, სწორედ აღნიშნული კატეგორიის გადაკვალიფიცირება მოხდა. დასახელებულ ცვლილებას დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება მოჰყვა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: 2010-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა (ათასი კაცი), ძველი და ახალი მეთოდოლოგიით

უმუშევრობის დონე (პროცენტული მაჩვენებელი) უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად გამოითვლება. აქვე განვმარტავთ, სამუშაო ძალა [ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა] არის დასაქმებული და უმუშევარი [სამუშაოს მაძიებელი] პირების ჯამური ოდენობა. პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა.

ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშების შედეგად, თვითდასაქმებულები, რომლებიც დასაქმებულად აღარ მიიჩნევიან, ნაწილი უმუშევართა კატეგორიაში, ნაწილი კი სამუშაო ძალის მიღმა გადავიდა. შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალა, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რასაც უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა მოჰყვა (იხილეთ გრაფიკი 2).

გრაფიკი 2: 2010-2019 წლებში უმუშევრობის დონე (%), ძველი და ახალი მეთოდოლოგიით

შენიშვნა: დასაქმება/უმუშევრობის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები, რომელიც 2021 წლამდეა გამოქვეყნებული, საქსტატის ძველ მონაცემებს ეყრდნობა.

თეგები: