სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Irakli Kacadze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს ვიდეოს მონაკვეთს, სადაც YouTube-ანგარიში „უცხო“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის შესახებ ყალბ მტკიცებებს ავრცელებს (იხილეთ YouTube ვიდეო; დაარქივებული ვიდეო).

ვიდეოში „უცხო“ მაყურებლებს მიმართავს და ეუბნება, რომ მათ მოასმენინებს ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომელიც „არის სერიოზული დანაშაული საერთაშორისო სამართალში, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ცდილობს საქართველოში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, უხეში გზით ჩამოაგდოს მთავრობა და პრაქტიკულად, ქვეყანას წაართვას სუვერენიტეტი“.

თავად ვიდეოში, რომელსაც YouTube ბლოგერი ქვეყნის მთავრობის ჩამოგდებისა და სუვერენიტეტის წართმევის მცდელობად აფასებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება, თუ - არა, ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას და დავეწევით, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი. საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ევროკავშირის წევრობა“.

ამის შემდეგ ბლოგერი ჰერჩინსკის სიტყვებს „საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ევროკავშირის წევრობა“ უკავშირებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

იხილეთ ვიდეოს სრული ტრანსკრიპტი:

„უცხო“: ანუ ევროპელებმა გვითხრეს, რომ დაემშვიდობეთ NATO-საც, ევროკავშირსაც და
ყველანაირ ევროატლანტიკურ მისწრაფებასო. „მეგობრებო, ეს განცხადება, რომელიც მე ახლა
თქვენ უნდა მოგასმენინოთ, რომელიც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში გააკეთა, არის სერიოზული
დანაშაული საერთაშორისო სამართალში, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ცდილობს საქართველოში
გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, უხეში გზით ჩამოაგდოს მთავრობა და პრაქტიკულად, ქვეყანას წაართვას
სუვერენიტეტი. ახლა მოვისმინოთ და დეტალურ ბრალდებას ეს კაცი რასაც აქ აკეთებს, ნებისმიერ მაგარ
ქვეყანაში: ისრაელში, დასავლეთში, აღმოსავლეთში - ყველგან ესეთ ადამიანს ქვეყანაში აღარ შემოუშვებდნენ“.

პაველ ჰერჩინსკის განცხადება: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება, თუ - არა, ევროკავშირის გაფართოების
შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების
შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას და დავეწევით, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი
გაფართოების ნაწილი. საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ,
უნდათ, თუ - არა, ევროკავშირის წევრობა“.

„უცხო“: „უნდათ, თუ - არა, დააკმაყოფილონ ლარი ფინკის ინტერესები და საქართველოში - გახსნან
მეორე ფრონტი. დასავლეთი და კონკრეტულად ეს ძალები, ევროკავშირის, გლობალური ომის პარტიის,
Black Rock-ის, მთელი ამ ენჯეოების მთელი სექტორი, ანუ დემოკრატიული პარტია აშშ-ში ცდილობს,
რომ საქართველოს გამოუცხადოს ისეთი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომი, რომლის წყალობითაც
საქართველოში მოახდენენ მთავრობის ცვლილებას“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები, მათ შორის პაველ ჰერჩინსკის განცხადება ეხებოდა, თუ - არა, საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, სუვერენიტეტის შელახვასა და საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნას“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის სრული ბრიფინგი, რომელიც ვიდეოში ჩანს, 9 ივლისსა გადაღებული. ამ დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, რომელიც წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული ნაბიჯებიდან უკუსვლას. ევროპულმა საბჭომ, ამავე დასკვნაში, საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლის გზით მისი ზრახვების განმარტებისკენ მოუწოდა, რადგან არსებული კურსი აზიანებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და დე ფაქტო „იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“.

ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩმა მართლაც აღნიშნა, რომ საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, ევროკავშირში წევრობა უნდათ, თუ - არა, თუმცა მტკიცება, რომ ამ განცხადებაში ის ხელისუფლების [ქართული ოცნების] „უხეში გზით ჩამოგდების“ ინიციატივით გამოდის, ტყუილია.

პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვტონ, უნდათ, თუ - არა, ევროკავშირის წევრობა“, მიუთითებს იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და შეეცდება, თუ - არა, ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულ განცხადებაში არ ყოფილა მითითება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება საქართველოს შიდა საქმეებსა და პოლიტიკაში ჩარევად ან/და სუვერენიტეტის შეზღუდვად ვერ შეფასდება. ამასთანავე, ევროკავშირის ელჩი არ მიუთითებს მთავრობის ძალადობრივ ცვლილებაზე, არამედ ის საუბრობს არჩევნებზე, რომელზეც გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

ვრცელ განცხადებაში პაველ ჰერჩინსკი გარდა ვიდეოში ნაჩვენები მონაკვეთისა, ამბობს: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და შემდეგი მთავრობა, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ძალიან სწრაფად განაახლებს საქართველოს გაწევრიანების რთულ სამუშაოს“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. არჩევნების შემდეგ, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ხმის მიცემის პროცედურა, ახალი პარლამენტი და მთავრობა ჩამოყალიბდება. ამდენად, ჰერჩინსკის განცხადებაც სწორედ იმ ახალ მთავრობას მიემართება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება. მისი განცხადება, რომ ის იმედოვნებს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რთული სამუშაოს შესრულებას განაახლებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, ნიშნავს, რომ ელჩის განცხადების მიხედვით, ამ მხრივ ევროკავშირისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავრობას მმართველი პარტია („ქართული ოცნება“) დააკომპლექტებს, თუ ოპოზიციური პარტია/პარტიები. ე.ი. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა მთავრობამ გაწევრიანებისთვის საჭირო სამუშაოს შესრულება განაგრძოს და არ აქვს მნიშვნელობა თუ უშუალოდ ვინ იქნება მთავრობაში. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ თავად შეიტანა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადი და შესაბამისად, გაწევრიანებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის პასუხისმგებლობა აიღო, ისევე როგორც პირობა დადო, რომ გაწევრიანებისთვის საჭირო 12 პრიორიტეტს და შემდგომ 9 ნაბიჯს შეასრულებდა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული და ევროკავშირის მხრიდან წევრობისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შესახებ საუბარი შიდა საქმეებში ჩარევას ან სუვერენიტეტის შეზღუდვას არ წარმოადგენს.

პაველ ჰერჩინსკიმ ამავე ბრიფინგზე თქვა: „ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი მომავალი მთავრობა და საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს საგარეო პოლიტიკური კურსი და პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ. ჩვენ აქ ვართ, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და თუ მომავალი მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით, მზად ვართ, დავეხმაროთ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალი მთავრობა არ იქნება დაინტერესებული საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ საქართველოსთან და გვქონდეს ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა საქართველოს ევროკავშირის მომავალი წევრობის გარეშე. ასე ვმუშაობთ ბევრ სხვა ქვეყანასთან სამეზობლოში — ტუნისთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან… ასე რომ, საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, უნდათ, თუ - არა, ევროკავშირის წევრობა, სურთ იყვნენ ევროკავშირის მომავალი გაფართოების ნაწილი, თუ სხვა გეგმები აქვთ თავიანთი ლამაზი ქვეყნისთვის“.

ამდენად, პაველ ჰერჩინსკიმ დააფიქსირა, რომ 26 ოქტომბერს ის მთავრობა, რომელსაც ხალხი აირჩევს, გადაწყვეტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბედს, კერძოდ, არჩევნების შედეგად ნებისმიერი კონფიგურაციით დაკომპლექტებული მთავრობა ან გააგრძელებს ევროკავშირის გაწევრიანების გზისკენ სიარულს, ან არ იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დაინტერესებული, რის შემდეგაც ევროკავშირი საქართველოსთან შეეცდება დაამყაროს ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა მომავალი წევრობის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად, პაველ ჰერჩინსკის სიტყვები არ წარმოადგენს რაიმე სახით არჩევნებზე ზემოქმედების და მითუმეტეს ხელისუფლების ძალადობით ცვლილების მოწოდებას. პირიქით ის ამბობს, რომ არჩევნების შედეგად ნებისმიერი კონფიგურაციით [მათ შორის ამჟამინდელი მმართველი პარტიის უმრავლესობით] ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა, რა მიმართულებასაც აირჩევს, ევროკავშირიც აღნიშნულის გათვალისწინებით გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობებს.

ამდენად პაველ ჰერჩინსკის ციტატაზე დაფუძნებით გავრცელებული მტკიცება, რომ ევროკავშირის ელჩი ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას, უხეში გზით მთავრობის ჩამოგდებას და ქვეყნისთვის სუვერენიტეტის წართმევას, ყალბია. რეალურად, ევროკავშირის ელჩის განცხადება მიუთითებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან იმის გათვალისწინებით გააგრძელებს ურთიერთობას, თუ რას აირჩევს ქართველი ხალხი (ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, თუ - არა) და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა (რომელი პარტიის მიერ დაკომპლექტებულიც არ უნდა იყოს ის).

ამასთანავე, როგორც ზემოთ აღნიშნულია, პაველ ჰერჩინსკი წარმოადგენს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, შესაბამისად, ის გამოხატავს ევროკავშირის პოზიციასა და დამოკიდებულებას. თავად ევროკავშირი და მისი სტრუქტურებიც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა და კონკრეტული სხვა ძალისთვის მხარდაჭერის მოწოდებას არ აფიქსირებენ, არამედ ხაზს უსვამენ და მოელიან იმას, რომ ამჟამინდელი მთავრობა თავის ქმედებებში უფრო ცხადი გახდება და აღებულ ვალდებულებას, ევროკავშირის წევრობის გზაზე განსახორციელებელი ნაბიჯების გადადგმის კუთხით, შეასრულებს. ამდენად ევროკავშირი ამჟამინდელი მთავრობის მიმართ აფიქსირებს მოლოდინებს, რომ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს მის მიერ დეკლარირებული სურვილის - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების - შესრულებისთვის; ხოლო თუ საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანება აღარ ენდომება, ევროკავშირიც საქართველოსთან ურთიერთობას გაწევრიანების კონტექსტის გარეშე წარმართავს.

რაც შეეხება მეორე ფრონტის გახსნის მტკიცებას, ვიდეოში „უცხო“ მეორე ფრონტის გახსნას პაველ ჰერჩინსკის სიტყვებს „საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ევროკავშირის წევრობა“ უკავშირებს. თუმცა ეს დასკვნა პაველ ჰერჩინსკის სიტყვებიდან არ გამომდინარეობს, ხოლო ზოგადად მტკიცება რომ ევროკავშირის წევრობისთვის საქართველო ომში უნდა ჩაერთოს, უსაფუძვლო კონსპირაციაა. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავად გამოთქვა 2022 წლის 3 მარტს გაკეთებული განცხადებით. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ განცხადების პასუხად საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნაც გამოთქვა იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს შეასრულებდა. უკვე 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მოლოდინს, რომ საქართველო ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში განსაზღვრულ 9 ნაბიჯს შეასრულებს. გავრცელებული მტკიცების საწინააღმდეგოდ, არც 12 და არც 9 პრიორიტეტში რაიმე სახის მოთხოვნა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ან მასში საქართველოს ჩართვას უკავშირდება, არ არსებობს.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წელს ამჟამინდელი პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის პირობებში მიანიჭა და ასევე იმ პირობებში, როდესაც საქართველო რუსეთთან ომში არ მონაწილეობდა. შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ხელისუფლების უხეში გზებით ცვლილებაზე, სუვერენიტეტის შელახვაზე ან „მეორე ფრონტის“ გახსნაზე არაა დამოკიდებული, არამედ ის დამოკიდებულია წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებასა და შესაბამისი ნაბიჯების შესრულებაზე. ევროპული საბჭოს და ევროკავშირის ელჩის განცხადებები მიუთითებს, რომ ისინი გაწევრიანების გზაზე პროგრესისთვის არა მთავრობის ცვლილებას, არამედ ნებისმიერი პარტი(ებ)ის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მიერ შესაბამის გადაწყვეტილებებს და არსებული კურსის ცვლილებას მოელიან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კრიტერიუმებისგან აშორებს.

უფრო ვრცლად ცხრა პრიორიტეტის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომ მასში საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა წერია, იხილეთ "ფაქტ-მეტრის" სტატია.

ცნობისთვის, „ფაქტ-მეტრმა“ წარსულში Facebook-ზე გავრცელებული ის ვიდეოც გადაამოწმა, სადაც „უცხო“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ დეზინფორმაციულ მტკიცებებს ავრცელებდა.

ამდენად, ყალბია მტკიცებები, რომ ევროკავშირი და მისი ელჩი საქართველოში ცდილობენ, რომ საქართველოში უხეში გზით და საინფორმაციო ომის საშუალებით მთავრობა შეცვალონ, საქართველოს წაართვან სუვერენიტეტი, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ომში ჩართონ. რეალურად, ევროკავშირის ელჩის განცხადება, პირიქით, მიუთითებს, რომ ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და მათ მიერ არჩეული მთავრობის გადაწყვეტილებებს და საქართველოსთან ურთიერთობებსაც სწორედ ამის გათვალისწინებით აწარმოებენ. ელჩის მოწოდება, რომ იმედოვნებს, საქართველო განაახლებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სამუშაოს გამომდინარეობს საქართველოს სუვერენული არჩევანით, კერძოდ - საქართველოს მთავრობამ გააკეთა ევროკავშირში წევრობის განაცხადი; ხოლო თუ საქართველოს ახალი მთავრობა ამ არჩევანს შეცვლის, ელჩის განცხადების მიხედვით, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებასაც პატივს სცემს და ურთიერთობებს შესაბამისად წარმართავს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.