2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. 2023 წლის 15 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს, ევროკომისიის რეკომენდაციას მხარი დაუჭირა.
მას შემდეგ, საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პროპაგანდას და დეზინფორმაციას სისტემატიურად ავრცელებენ (1, 2).
2024 წლის 7 მაისს, ალტ-ინფოს გადაცემა „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ძველაიამ, გააჟღერა მტკიცება (40:14 წუთიდან), რომ „არავინ არ ეუბნებოდა ამ ადამიანებს [ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს], რომ თუნდაც ცხრა დათქმაში და იქ თორმეტ პუნქტში ეგ წერია... არავინ არ ეუბნებოდა ამ ადამიანებს, რომ რეალურად ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნა უნდათ.“ აღნიშნული მტკიცება არის მცდარი. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯში მსგავსი რამ არ წერია.
რეალურად, ევროკავშირის დოკუმენტში ნათლად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას:
1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლა;
2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
3. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება.
4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე.
5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.
7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მეტად უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. შედგეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებების, ფართო მონაცემთა ბაზა.
8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლოგარიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
ჩამოთვლილი ნაბიჯებიდან მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არაფერი წერია. მიუხედავად ამისა, პრორუსული ჯგუფები სპეკულირებენ, რომ მეორე ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრას გულისხმობს, მეორე ფრონტის გახსნას ითვალისწინებს. აღნიშნული სიცრუეა.
რეალურად, ევროკომისიის 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ინიციატივებს, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს. საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ მიღებულ შემაკავებელ ზომებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ და არც ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 2023 წლის მაისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ასევე გამოიწვია შეშფოთება ასოცირების შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ვალდებულების კუთხით, რომელიც საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრასაც გულისხმობს... საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ძირითადად იგივე დარჩა (44% 2022 წელს, 43% 2023 წლის აგვისტოში).“
აქედან გამომდინარე, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს არა მეორე ფრონტის გახსნას, არამედ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებზე მიერთების პროცენტულობის გაზრდას და ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან თავის შეკავებას, რაც საგარეო პოლიტიკაზე ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.
ამდენად, ალტ-ინფოს გადაცემის წამყვანის, გიორგი ძველაიას მიერ გაჟღერებული მტკიცება, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯში მეორე ფრონტის გახსნაზე წერია, მცდარია.
----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.