საქართველოში არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების შესახებ კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად დაიხვეწა და გაეროს ბავშვთა ფონდისა თუ სხვა დასავლური პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადაიდგა. თუმცა ჩვენი კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ბავშვთა შრომა ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, მეორე მხრივ კი ის, რომ სახელმწიფო პრობლემებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს. ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშშიც, რომელშიც ხაზგასმულია: „პასუხისმგებელ უწყებებს ამ დრომდე არ აქვთ შემუშავებული რეაგირების სათანადო მექანიზმი და პრევენციის ბერკეტი; ამასთან, არ არსებობს რისკების შეფასების მექანიზმი. შედეგად, არასრულწლოვანთა შრომაზე ეფექტიანი კონტროლი ვერ ხორციელდება“.

შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა თხუთმეტ სამუშაო ადგილზე, უმეტესად, თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა. აქედან: საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტში - 8; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობაში - 3; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში - 2; დამამუშავებელ მრეწველობაში - 1 და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში - 1.

ბუნებრივია, ეს მონაცემები არსებულ რეალობასთან ახლოსაც არაა. მხოლოდ ბათუმის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეულობით არასრულწლოვანი, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში, თავისი ასაკისა და ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო საქმიანობას ეწევა. სამწუხაროდ, ახალი სტატისტიკური მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვია ჩართული ბავშვთა შრომაში, არ გვაქვს. ბოლო კვლევა, რომელიც საქსტატმა ამ საკითხზე გამოაქვეყნა, 2015 წლის მაჩვენებლებს მოიცავს. ამ კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-დან 17 წლამდე მოსახლეობის 4.2%. ძნელია იმის თქმა, შემცირდა, თუ გაიზარდა ეს მაჩვენებელი, თუმცა ფაქტია, რომ ბავშვები მხოლოდ სტატისტიკად არ უნდა განვიხილოთ, სახელმწიფოსთვის თითოეული მათგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, რეალობა ამას არ ადასტურებს. სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით, არასრულწლოვანების ნაწილი სკოლაში სიარულზეც კი უარს ამბობს ან საკუთარი ინიციატივით, ან - მშობლის (მეურვის) გადაწყვეტილებით. მათმა დიდმა უმრავლესობამ არაფერი იცის არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების შესახებ. ვინც იცის, თითქმის ყველა ამჯობინებს, რომ ჩუმად იყოს, რათა სამუშაო არ დაკარგოს. ამასთანავე, პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ხშირად პრობლემა კანონის აღსრულებაა და არა - მისი უქონლობა. ამ შემთხვევაშიც, არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლებისთვის არასრულწლოვანი იაფი მუშახელია, რადგან მის უკან, უმეტესად, სუსტი, დაუცველი ოჯახი დგას, ან, საერთოდ, არავინ ინტერესდება. ეს გარემოება არასრულწლოვანს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, როცა საქმე ეხება ერთი რეგიონიდან ან მუნიციპალიტეტიდან მეორეში მიგრირებულ არასრულწლოვანს. 18 წლის ნატა (სახელი შეცვლილია) „ფაქტ-მეტრს“ უყვება, რომ 13 წლის იყო, როცა დეიდაშვილმა სოფლიდან ქალაქში წაიყვანა და სამსახურს დაჰპირდა. ნატას მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგან ძალიან უჭირდათ. ხუთი წელი გოგონა უმძიმეს სამუშაოს ასრულებდა, ჯერ ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში ჭურჭელს რეცხავდა, მერე ოთახებს ალაგებდა და 15 წლისას უკვე სექსუალური ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა. როგორც თვითონ ამბობს, რამდენიმე მისი ნაცნობი არასრულწლოვანი სექსმუშაკი გახდა, რადგან ჩათვალა, რომ ეს უფრო მარტივი სამუშაო იყო. „ჩემი გამოცდილებით, სწავლის მიტოვება და ფულის დაგროვების სურვილი, სიღარიბისგან თავის დაღწევის გზა არ არის, რადგან, როცა არც განათლება გაქვს და არც - პროფესია, მაღალანაზღაურებად, ღირსეულ სამსახურს ვერსად იპოვი. ახლა სალონში დამხმარედ ვმუშაობ. კლიენტებს თავს ვბან და სალონს ვალაგებ. ყავასაც ვუდუღებ და იმაზე მეტს ვშრომობ, ვიდრე თავიდან შევთანხმდით. არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია. რამე რომ ვთქვა, გამიშვებს და ჩემთვის ეს ყოველდღიური ფული საარსებოდ აუცილებელია. ყველამ, ვისაც ვიცნობ, სკოლა სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო მიატოვა, მაგრამ უკეთესი ცხოვრება ნამდვილად არ აქვთ,“ - ამბობს ნატა.

ევროპის საბჭოს ორგანიზებით, წელს ჩატარდა ტრენინგი შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბავშვთა შრომის ეფექტიანი ინსპექტირება უნდა უზრუნველყონ. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს, მათ შორის, არასრულწლოვანს, რომლის შრომითი უფლებები ირღვევა (ან ნებისმიერ პირს, რომელმაც ამის შესახებ იცის), შეუძლია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასაც მიმართოს. თუ დარღვევა დასტურდება, GTUC, თავის მხრივ, პირის ანონიმურობის დაცვით, საქმეში რთავს შრომის ინსპექციის სამსახურს, რომელიც დასაქმების ადგილს ამოწმებს. ასეთი შემთხვევა უკვე იყო, როცა არასრულწლოვანმა პროფკავშირებს მიმართა, ხოლო პროფკავშირების საჩივრის საფუძველზე, ინსპექციამ ობიექტი შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა. თუმცა ეს ფრაგმენტული შემთხვევებია და სისტემური ხასიათი არ აქვს. როგორც აღვნიშნეთ, დასაქმებულებმა არ იციან, ან არ სურთ, რომ შესაბამის უწყებებს/ორგანიზაციებს მიმართონ. მიმართვის გარეშე კი მათი სამუშაო პირობებით, ფაქტობრივად, არავინ ინტერესდება.

ა(ა)იპ „იალქანის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე, უკვე არაერთი წელია, რაც არასრულწლოვანებთან მუშაობს. მისი თქმით, უმეტესად მოზარდს ან მშობელს არ სურს, შრომითი უფლებების დარღვევაზე უწყებას მიმართოს. მას არ აქვს დაცულობის შეგრძნება და არ უნდა, რომ სამუშაოს გარეშე დარჩეს. ეს არასრულწლოვანისთვის შიმშილობისა და ქუჩაში ცხოვრების ტოლფასი იქნება. „ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც სოფლებიდან ქალაქში ჩამოვიდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმში, განსაკუთრებით, თურქულ, არაბულ და ინდურ კაფე-ბარებში, მარტივად დასაქმდებიან. ამ დაწესებულებების ნაწილი კი ისეთი რეპუტაციისა, სადაც არასრულწლოვანებისთვის დასაქმება პროსტიტუციაში ჩართვის წინაპირობაა. ისინი იწყებენ ალკოჰოლისა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარებას. ამის შესახებ თვითონ ბავშვები გვიყვებიან. ჩვენს დღის ცენტრში მოხვედრილ მოზარდებს, მერე თვითონ მოჰყავთ თანატოლები. ამ არასრულწლოვანებთან მუშაობისთვის, აუცილებელია ნდობის მოპოვება. ჩვენ ეს ნდობა გვაქვს და ვცდილობთ, არ დავკარგოთ. ასეთ დროს ვითვალისწინებთ, რა სჯობს არასრულწლოვანისთვის, როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მისი საუკეთესო ინტერესები არ დაზიანდეს და დახმარების ნაცვლად, საქმე არ გავართულოთ. არც ერთ ჩვენს ბენეფიციართან ან მის მშობელთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა დამსაქმებელს, არც სამუშაო დროის რაოდენობას იცავდა, არც - სამუშაოს მოცულობას, გამოსასვლელ დღეს არ აძლევდა და ა. შ. როცა შეტყობინება შემოდის, ვიწყებთ შესწავლას, როგორ მოხვდნენ ეს ბავშვები იმ დაწესებულებაში, რა ტიპის შეთანხმება არსებობდა და ვის შორის, რას აკეთებდნენ, როგორ პირობებში იყვნენ და ა. შ. ბუნებრივია, ამას ისე ვიკვლევთ, რომ დამსაქმებელთან ობიექტზე ვერ შევდივართ. მაგრამ თუ დასაქმებული ან მისი მშობელი მზადაა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგალითად, შრომის ინსპექციას, ჩვენ ამას გავაკეთებთ. სახალხო დამცველთან, სოციალურ მუშაკთან, პოლიციასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ვთანამშრომლობთ. ვცდილობთ, არასრულწლოვანს სხვა მიმართულებებით დავეხმაროთ, გავაძლიეროთ, სწავლის გაგრძელების მოტივაცია და შესაძლებლობა შევუქმნათ, პროფესია შევძინოთ... შემდეგ ისინი საკუთარ გამოცდილებას თვითონ უზიარებენ თანატოლებს და ძალიან საჭირო რჩევებსაც აძლევენ. ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა არასრულწლოვანმა სურვილი გამოთქვა, რომ შესაბამისი სამსახური ჩართულიყო. რადგან მტკიცებულებები არ ჰქონდა, ვცადეთ მოპოვება, სხვა დასაქმებულებს დავუკავშირდით, მაგრამ ყველას შეეშინდა და არ მოისურვა, ჩვენი ბენეფიციარისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა. უფრო მეტიც, გვქონდა შემთხვევა, როცა სხვა დასაქმებულებმა არც დაადასტურეს, რომ არასრულწლოვანი მათი თანამშრომელი იყო. ასევე გვაქვს ქეისები, როცა მშობელი მუშაობს რომელიმე ობიექტზე და შვილიც იქ მიჰყავს. ერთ-ერთმა მოზარდმა, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, გვითხრა, რომ დამსაქმებელი მას ძალიან ცუდად ექცევა, უყვირის, ადამიანად არ მიიჩნევს, მაგრამ მშობელი სთხოვს, რომ არ გაამჟღავნოს. მათთვის ის მიზერული ანაზღაურება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციის მოთმენა ურჩევნიათ. კანონი რომ აღსრულდეს, აუცილებელია მოქალაქეების უმეტესობას გააზრებული ჰქონდეს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა, გააცნობიეროს, რომ დღეს თუ ერთი დასაქმებულის მიმართ უფლებების დარღვევაზე გაჩუმდება, ხვალ მისი უფლებებიც დაირღვევა და ხმას არავინ ამოიღებს. ხელისუფლება, უწყებები ამუშავდებიან მაშინ, როცა მოქალაქეები იქნებიან მომთხოვნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებები ანგარიშვალდებულებას არ იგრძნობენ.

პირველ რიგში, სკოლა უნდა იწყებდეს რეაგირებას დაუყოვნებლივ, როცა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება. მოსწავლე რომ მერხიდან ქრება, სკოლამ განგაშის სიგნალი უნდა ჩართოს, რასაც, ხშირად, არ აკეთებს. ყველა მშობელს არ აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარი, სწორად შეაფასოს და გადაწყვიტოს, რა სჯობს მისი შვილისთვის და როცა აიძულებს მას, რომ მიატოვოს სწავლა და იმუშაოს, სწორედ მაშინ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. ახლა მანდარინის კრეფის სეზონი იწყება და უკვე მხვდება განცხადებები, მუშახელს ითხოვენ. ტრადიციულად, ამ პერიოდში ბევრი არასრულწლოვანი აცდენს სკოლას“.

ინფორმაციისთვის: არასრულწლოვანებთან შრომითი ურთიერთობები გაწერილია, ძირითადად, საქართველოს შრომის კოდექსის მესამე თავში. აკრძალულია არასრულწლოვანის დასაქმება მძიმე, მავნე ან საშიშპირობიან სამუშაოზე.

მძიმე სამუშაოდ ითვლება სამუშაო პროცესი, რომელიც, უპირატესად, ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე ზემოქმედებს (ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთი, სამუშაო პოზის ფორმა და სხვა).

მავნე სამუშაო - საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც ადამიანზე ზემოქმედებს გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა), შეუძლია პროფესიული დაავადების გამოწვევა, შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება და სხვა.

საშიშპირობიან სამუშაოდ კი ითვლება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი.

შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ:

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას - ტელ: (032) 2 24 24 49, [email protected];

შრომის ინსპექციის სამსახურს - ტელ: 1575, [email protected]