სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფანტინა ფანტინა, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2), ამერიკული ანიმაციური სატელევიზიო სერიალიდან მონაკვეთს ავრცელებს და წერს, რომ „მასონების მულტიპლიკაციურ სიმპსონებში ყოფილა საქართველოს ნაკრების დღევანდელი მატჩი და 0:0 ამბობენ“. პოსტი იმ კონსპირაციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, „სიმპსონებმა“ მომავალი იწინასწარმეტყველეს. რეალურად, გავრცელებულ მონაკვეთში 1985 წელს ინგლისის კლუბებს შორის გამართულ მატჩია წარმოდგენილი და კადრში არა საქართველოს, არამედ ინგლისის ფანკლუბის დროშა ჩანს.

The Simpsons ამერიკულ სატელევიზიო ანიმაციურ სერიალია, რომლის დებიუტიც 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Network-ზე საშობაო ეპიზოდით შედგა. ანიმაცია უკვე 35 სეზონს ითვლის და პოპულარობასაც არ კარგავს.

ეპიზოდი, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, მეთვრამეტე სეზონის მეჩვიდმეტე ეპიზოდის „Marge Gamer“-ის ნაწილია. ეპიზოდში ჰომერი თავისი შვილს BBC-ის დოკუმენტურ ფილმს უჩვენებს. დოკუმენტური ფილმი შემდეგი სიტყვებით იწყება: „ბრაიტონი, ინგლისი, 1985 წელი. მანჩესტერ იუნაიტედი სასექსტონ-ჰემპტონშირს ეთამაშება, რა დროსაც ტრიბუნაზე სასიკვდილო ბუნტი იფეთქებს (...) 22 წლის შემდეგ, ეს ბუნტი ჯერ კიდევ გრძელდება“. ეპიზოდში, როგორც გულშემატკივრებს, ასევე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა წარმოდგენილი. სწორედ ამ კადრში ჩანს საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერთა დროშებიც. ერთი შეხედვით, ერთ-ერთი (იხილეთ ფოტო) მართლაც ჰგავს საქართველოს დროშას, თუმცა ის რეალურად ინგლისის საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერების დროშაა.

ინგლისის კლუბის მხარდამჭერები ხშირად ინგლისის დროშაზე ( თეთრი ქსოვილი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია წითელი ჯვარი) კლუბთან დაკავშირებულ ნიშნებს ამატებენ, მაგალითად კლუბის ლოგოს, სლოგანსა და სხვ. ასე მაგალითად ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე სხვადასხვა ელემენტით გაფორმებული დროშები ჩანს. ფოტო 2004 წელს ინგლისსა და ხორვატიას შორის თამაშის დროს არის გადაღებული. სიმპსონების მონაკვეთშიც სწორედ მსგავსი გაფორმებული დროშა ჩანს.

Facebook-ანგარიში იმასაც წერს, რომ გავრცელებულ ეპიზოდში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთს შორის მატჩის ანგარიში იწინასწარმეტყველეს, კერძოდ, პოსტის მტკიცებით, მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდებოდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი, რომელიც გუშინ, 18 ივნისს გაიმართა, ანგარიშით 3:1 - თურქეთის სასარგებლოდ, დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ანიმაციასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია კონსპირაციული თეორიები ვრცელდება. „სიმპსონებს“ ხშირად მიაწერენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის, მაგალითად Covid-19-ისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის, იგივე ნოტრ-დამის ხანძრის წინასწარმეტყველებას. ცნობისთვის, კოვიდთან დაკავშირებით კონსპიროლოგებმა გაავრცელეს მონაკვეთი, სადაც პერსონაჟი კენტ ბროკმანი თავის სტუდიაში ახალ ამბებს წარადგენს, ეკრანზე კი თითქოს ჩანს წარწერა „CORONA VIRUS“. რეალურად, მონაკვეთი დამუშავებულია და სინამდვილეში ეკრანზე წარწერა „Apocalypse Meow“ ჩანს. რაც შეეხება, ნოტრ-დამის ხანძარს, ანიმაციის ეპიზოდიდან კონსპიროლოგებმა ტაძრის კადრი დაამუშავეს და მას ფონზე ცეცხლის გამოსახულება დაუმატეს, რითაც ამტკიცებდნენ, რომ „სიმპსონებმა“ ხანძარი იწინასწარმეტყველეს (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ამდენად, მტკიცება, რომ „სიმპსონების“ ეპიზოდში საქართველოს დროშა ჩანს და მასში ნაწინასწარმეტყველებია საქართველოსა და თურქეთს შორის მატჩის ანგარიში, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია