სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ციტატას (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7) ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მომდევნო 30 წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის. გავრცელებული ციტატა, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში ოლაფ შოლცის გამოსვლის ჩანაწერიც ახლავს თან, ქმნის წარმოდგენას, თითქოს, გერმანიის კანცლერის ამ განცხადების კონტექსტი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომია. რეალურად, ოლაფ შოლცმა აღნიშნულის შესახებ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, პუტინთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რითაც მან რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ნატოსკენ სწრაფვაზე საუბრისას უპასუხა.

ფრაზა, რომელიც ინტერნეტსივრცეში მანიპულაციურად ვრცელდება, ოლაფ შოლცმა 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 10 დღით ადრე, პუტინთან შეხვედრისას წარმოთქვა და არა უკრაინაში ახლა მიმდინარე ომის კონტექსტში. გამოსვლის ფრაგმენტი, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები აზიარებენ, ასახავს მოქალაქეებთან დემოკრატიის ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრას. შეხვედრაზე ოლაფ შოლცი პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

2022 წლის თებერვლის დასაწყისში შოლცის მოსკოვში ვიზიტი, კიევში სტუმრობის შემდეგ, დასავლეთის ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელიც 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის უკრაინის საზღვრებთან განლაგების პირობებში, რუსეთის უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. შეხვედრისას, პუტინმა გააკრიტიკა NATO და ირწმუნებოდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში ეთნიკური რუსების მიმართ მოპყრობას გენოციდად მიიჩნევდა. რუსების მიმართ გენოციდის შესახებ დეზინფორმაციის შესახებ, ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

შოლცის განცხადებით, პუტინმა ასევე გამოხატა იმპერიული წარმოდგენები, რომ საზღვრები „შეიძლება შეიცვალოს ძალით“, კანონგარეშე. გერმანიის კანცლერის თანახმად, ომის სხვა მიზეზებთან ერთად, პუტინმა თქვა, რომ „უკრაინა ნატოსკენ მიემართება“. კრემლის მეთაურმა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია აღნიშნული ფრაზით გაამართლა, რაზეც შოლცმა ღიად უპასუხა, რომ „ეს არ არის მოსალოდნელი მომავალი 30 წლის განმავლობაში“ (იხილეთ გამოსვლის სრული ჩანაწერი 6:24-დან).

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 27 თებერვალს ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვალი „გარდამტეხი წერტილი“ აღმოჩნდა გერმანიისთვის. ომის დაწყების შემდეგ, გერმანია იარაღს აწვდის უკრაინას, ხოლო NATO გაერთიანებაში უკრაინის მიღებას სერიოზულად განიხილავს.

გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში, კითხვას, დღესაც ანალოგიურად ფიქრობს, თუ არა კანცლერი, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა უპასუხა: "სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ასე რომ: არა, 30 წლიანი დათქმა დღევანდელ სიტუაციაზე აღარ ვრცელდება".

რედაქტორის შენიშვნა:სტატია 2024 წლის 3 ივნისს განახლდა და დაემატა გერმანიისმთავრობის სპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის მიერ BILD-თან გაკეთებული განცხადება, რომლის ბმული განახლებამდეც იყო მოცემული სტატიაში.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.