რუსეთი საკუთარი ექსპანსიონისტური მიზნების გასატარებლად უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომსაც აწარმოებს. უფრო მეტიც, სწორედ დეზინფორმაციულ და სიყალბეზე დაფუძნებული „საბაბებით“პუტინმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა წარმოიწყო.

2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციად“ წოდებული სრულმასშტაბიანი ომის მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“. მსგავსი განცხადება პუტინმა 2021 წლის დეკემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“. გენოციდის შესახებ ამავე შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, 2022 წლის 18 თებერვალს გააკეთა: „სიტუაცია [დონბასში] გენოციდს არ ჰგავს. არა, ეს არ ჰგავს გენოციდს...ეს არის გენოციდი...“

მტკიცება, რომ 8 წლის განმავლობაში უკრაინა დონბასში გენოციდს აწყობდა, მთავარ პროპაგანდისტულ გზავნილად იქცა არა მხოლოდ კრემლსა და მის მიერ მართულ მედიაში, არამედ სხვა პრორუსულ წყაროებშიც. აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ლეგიტიმურად გამოცხადდეს და კრემლის ბრალეულობა საერთოდ უგულებელყოფილ იქნას.

სინამდვილეში, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მოსკოვის ბრალდებას დაადასტურებს. ის ფაქტი, რომ პუტინი და კრემლი ნამდვილად ვერ ამტკიცებენ, რომ დონბასში გენოციდი მოხდა, იმითაც დასტურდება, რომ რუსეთს გაერო-ს გენოციდის პრევენციის ოფისისთვის ან სხვა საერთაშორისო ინსტიტუტისთვის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის საკითხზე ოფიციალურად არასდროს მიუმართავს. მეტიც, 2021 წლის ზაფხულამდე რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საერთოდ არ შეუტანია.

2021 წლის 22 ივლისს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა ნომრით - 36958/21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია ყოველ წევრ სახელმწიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას სასამართლოში აღძრას საკითხი სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ კონვენციისა და მისი ოქმების დარღვევის შესახებ. რუსეთმა უკრაინას 2021 წელს სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში უჩივლა.

რუსეთი საჩივარში ჩამოთვლის არაერთ სავარაუდო სამართალდარღვევას და კიევს 2014 წელს ევრომაიდანის აჯანყების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში, ასევე შემდგომ პერიოდში მკვლელობებსა და გატაცებებში, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვასა და რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ბრალდებას უკრაინას არც ამ სარჩელში უყენებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები რუსეთს არ გააჩნდა - 2014 წლამდეც და 2022 წლის თებერვალში შეჭრისას, მოსკოვის მხრიდან გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაზე საუბარი, მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.

აღნიშნული სარჩელით რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაში. კერძოდ, რუსეთის სარჩელის მიხედვით, უკრაინა არღვევს კონვენციით დაცულ სიცოცხლის, წამების აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების, საკუთრებისა და განათლების უფლებებს.

ამასთან, რუსეთმა ევროპულ სასამართლოს სასწრაფო დროებითი ზომების ამოქმედებისთვის მიმართვა, რაც შემდეგნაირად ჟღერდა:

  • შეწყდეს რუსულენოვანი პირების უფლებების შეზღუდვა მათი მშობლიური ენის სკოლებში, მედიასა და ინტერნეტში გამოყენებასთან მიმართებით.
  • უკრაინის ხელისუფლებამ შეაჩეროს ჩრდილოეთ ყირიმის ,,არხის ბლოკადა’’, რათა მოხდეს ამ ტერიტორიის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

აღნიშნული სასწრაფო დროებითი ზომების ამოქმედება რუსეთმა „სასამართლოს წესების“ 39-ე წესის თანახმად მოითხოვა. ამ წესით, როცა სასამართლო საჩივარს მიიღებს, მან შესაძლოა, სახელმწიფოს მოსთხოვოს ცალკეული დროებითი ღონისძიებების გატარება მანამ, სანამ სასამართლო საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამგვარი უფლებით სასამართლო სარგებლობს მაშინ, როდესაც საქმის განხილვის დასრულებამდე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის რისკი არსებობს. თუმცა სასამართლომ რუსეთის აღნიშნული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ დონბასში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითად უფლებებს გამოუსწორებელ ზიანსა და სერიოზულ საფრთხეს არ აყენებდა.

აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის შემდეგ სიახლე არ გამოუქვეყნებია. უცნობია, როდის გაგრძელდება სამართალწარმოება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს აღნიშნულზე მითითება არცერთი განცხადებით არ გაუკეთებია.

ამრიგად, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდება არ წარუდგენია, მეტიც, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. სიტყვიერი ბრალდებების საპასუხოდ, უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანოა და რომის სტატუსის შესაბამისად, ჟენევის კონვენციით განსაზღვრული 4 ტიპის დანაშაულს განიხილავს, ესენია: გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული და აგრესიის აქტი. უკრაინის სარჩელი, დონბასის რეგიონში რუსეთის შეჭრასა და რუსული მხარის მიერ, შეჭრის მიზეზად უკრაინელთა მხრიდან რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ „გენოციდის“ ფაქტს ეხებოდა.

2022 წლის 16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“. ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.

იმისთვის, რომ მომხდარი გენოციდად ჩაითვალოს, აუცილებელია, არსებობდეს მტკიცებულება, რომ მთავრობას ან ჯგუფს, რომელსაც ბრალი ედება გენოციდში, აქვს მოსახლეობის მასობრივი განადგურების განზრახვა. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლის შემდეგ დონბასის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკვირდებოდა, მსგავსი მასობრივი, განზრახი მკვლელობების არსებობას არ ამტკიცებს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.

23 თებერვალს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი ვითარება არ არის გენოციდი. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელიც გენოციდად არ მიიჩნევს იმას, რაც დონბასში ხდება. ჟურნალისტის საპასუხოდ, ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ, თქვა, რომ „ეს არის ის, რასაც ბაშარ ალ-ასადი სირიაში აკეთებს, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა. დონბასში მსგავსი არაფერი მომხდარა“.

საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორი რუსეთია, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად და უსაფუძვლოდ შეიჭრა. განსაკუთრებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2022 წლის 2 მარტის სხდომა, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ მიიღეს რეზოლუცია. რეზოლუცია, სახელწოდებით - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავის ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“ რეზოლუციაში სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს მიერ სამხედრო ძალის გამოყენება განიმარტება, როგორც აგრესია. რეზოლუციაში დაგმობილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება და შეფასებულია, როგორც გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების და 1974 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის დარღვევა. გამოხატულია ღრმა შეშფოთება სამოქალაქო დაწესებულებებზე თავდასხმებისა და სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალების, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვების, დაღუპვის შესახებ.

გაერო-ს აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 5-მა ქვეყანამ (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა). ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის აბსურდულ მტკიცებას უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ მსოფლიოს მხოლოდ 5 სახელმწიფო უერთდება. სხვა 141-ივე სახელმწიფო აგრესორად მოიხსენიებს რუსეთს და არა უკრაინას. აღსანიშნავია, რომ მოცემული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა. 24 მარტს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, სახელწოდებით - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“. რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს. რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების გზას.

ამრიგად, პრორუსული დეზინფორმაცია, რომ უკრაინა 8 წლის განმავლობაში დონბასში გენოციდს აწყობდა, რის გამოცა უკრაინაში შეჭრა და მშვიდობიანი მოსახლეობის „დაცვა“ გახდა საჭირო, ყალბია.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.