ქართული ოცნება: ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია, არ გადაიხედება [„რუსული კანონის“ დაბრუნებაზე]
2023 წლის თებერვალსა და მარტში საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ ორი კანონპროექტი დააინიციირეს. მათგან ერთი, 7 მარტს, პირველი მოსმენით იქნა მიღებული. სამოქალაქო საზოგადოებამ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდეს. ინიციატივას მოსახლეობაც პროტესტით შეხვდა. საბოლო ჯამში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების შემდეგ, რომელთა დასაშლელადაც „ქართულ ოცნებას“ ძალის გამოყენება დასჭირდა, მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. მამუკა მდინარაძემ მაშინ კანონპროექტის ხელახლა მიღება შეუძლებლად მიიჩნია.
კანონის გაწვევიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმავე კანონის ხელახლა დაინიციირების შესახებ განაცხადა.
ანალიზი: უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენა დააანონსა: „კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული“.
2023 წლის თებერვალში, უმრავლესობამ „ხალხის ძალის“ სახელით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, „უცხოური გავლენის აგენტებად“ ცხადდებოდნენ. კანონპროექტის დეტალური ანალიზი იხილეთ ბმულზე.
ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ინიციატივა „რუსულ კანონად“ შეაფასა. 2012 წელს სწორედ რუსეთში მიღებულმა მსგავსმა კანონმა, რუსეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიების შემდგომ შევიწროებასა და მათ ფაქტობრივ აკრძალვას დაუდო სათავე.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც მეორე დღეს 8 მარტსაც გაგრძელდა. მასშტაბური პროტესტის შემდეგ, 9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ მმართველი პარტია კანონს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდა.
9 მარტის განცხადების თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონი მეორე მოსმენაზე ჩასაგდებად დაახლოებით 2 კვირის ვადაში უნდა გაეტანათ, თუმცა აქციები გაგრძელდა და დეპუტატებმა კანონი იმავე დღეს ჩააგდეს, მისი მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, საზოგადოებას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიციები, გასულ წელს მის მეორე მოსმენაზე ჩაგდებიდან დღემდე, გაახსენოს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანონპროექტის „გაწვევის“ შემდეგ, 9 მარტს აცხადებდა, რომ კანონს უკან აღარ დააბრუნებდნენ: „რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, კონკრეტულად კანონი, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმეს სხვას ენდომება, მაგალითად თვითონ „ენჯეოებს“, რომლებიც აპროტესტებდნენ, შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიციირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია, არ გადაიხედება“.
ირაკლი კობახიძემ კანონის შესაძლო დაბრუნება 2023 წელს კიდევ ორჯერ უარყო. 29 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა: „საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ, ამ კანონპროექტს მივუბრუნდეთ“. შემდეგი განცხადება ირაკლი კობახიძემ უკვე 12 დეკემბერს გააკეთა: „ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავუბრუნდებით ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მეტი გამჭვირვალობისთვის და საზოგადოებისთვის. ევროკავშირი აპირებს ზუსტად ანალოგიური, ოღონდ ბევრად მეტად შემზღუდველი კანონის მიღებას ევროკავშირისთვის, რადგან ეს ყველგან გამოწვევაა. NGO-ების გაუმჭვირვალე ფინანსები არის ყველგან გამოწვევა, ეს საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, სახელმწიფო ინტერესებს. ამ საკითხის დარეგულირება იქნებოდა მნიშვნელოვანი... ჩვენს გეგმებში ეს არ შედის. დღეს საზოგადოება კანონის გარეშეც [„კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“] საკმარისად არის ინფორმირებული ამის შესახებ, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ ასეთი კანონი იყოს დაინიციირებული და მიღებული“.
2023 წლის ივნისში კანონის ხელახალი მიღება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამორიცხა: „ეს კითხვა სხვათა შორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“.
კანონის გაწვევის დღეს, 9 მარტს, მისი ხელახალი დაინიციირება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც შეუძლებლად მიიჩნია: „პოლიტიკური განაცხადი, რასაც პასუხისმგებლობის დიდი ხარისხი ახლავს და საზოგადოება მსგავს საკითხებს ასე არ ატარებს, ეს ვიცით ხომ? რამხელა პოლიტიკური რისკი ახლავს, ყველა ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის შეიძლება დამთავრდეს ასეთი საკითხების გადათქმის დროს“.
1 წლისა და 1 თვის შემდეგ, 2024 წლის 3 აპრილს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია „უცხოური გავლენის შესახებ კანონს“ თავიდან წარადგენდა, იმავე ტექსტით და ერთადერთი ცვლილებით, ტერმინი „აგენტი“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდებოდა.
უპირობოდ გაწვეული კანონპროექტი, რომლის ხელახალი დაინიციირება სხვადასხვა დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გამორიცხეს, წელიწადისა და ერთი თვის შემდეგ უმრავლესობის ლიდერისვე განცხადებით, თავიდან იქნება წარდგენილი.