ლევან ანთაძე:ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, გამარჯვებული კომპანიაა შპს „ერ ტე დე“ და 14 მლნ ლარი უკვე არის გადარიცხული. ამ გზის [ფრიდონ ხალვაშის გამზირი] მშენებლობა 2023 წლის თებერვალში უნდა დამთავრებულიყო.
ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 13 ივნისს დაიწყო. ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 19 399 999 ლარია, გაფორმებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ერ ტე დეს“ შორის. კომპანიას სამუშაოები შვიდ თვეში ანუ 2023 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაესრულებინა. მხარეებმა გეგმა-გრაფიკი არაერთხელ შეცვალეს. ხელშეკრულებაში სულ თექვსმეტი ცვლილება შევიდა. ბოლო ცვლილებაზე შეთანხმებას ხელი შარშან 15 დეკემბერს მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. არსებული მდგომარეობით, პროექტი დასრულებული არ არის, კომპანიისთვის კი გადახდილი 14 351 166 ლარია, რაც მთლიანი ღირებულების 74%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო გზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას, კომერციული ობიექტების მფლობელებსა და იქ დასაქმებულებს, მძღოლებსა თუ მგზავრებს, რომლებსაც აღნიშნული გზით გადაადგილება ყოველდღიურად უწევთ, თითქმის ორი წელია, ცხოვრება განსაკუთრებით გაურთულდათ. კითხვები დაისმის სამუშაოების ხარისხთან მიმართებითაც. მედიის მიერ გავრცელებული ფოტოები ცხადყოფს, რომ რეაბილიტირებული ასფალტის საფარი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე დაზიანებულია და კომპანიამ ასფალტის ფენა მოხსნა. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ შპს „ერ ტე დე“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც თბილისში წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ და რომლებთანაც თბილისის მერიამ რამდენიმე დღის წინ ხელშეკრულებები შეწყვიტა.
ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა: „ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი, გამარჯვებული კომპანიაა შპს „ერ ტე დე“ და 14 მლნ ლარი უკვე არის გადარიცხული. ამ გზის [ფრიდონ ხალვაშის გამზირი] მშენებლობა 2023 წლის თებერვალში უნდა დამთავრებულიყო.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ ამ პროექტს დაწყების დღიდანვე თვალს ვადევნებთ და რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1 და სტატია 2. უკვე დავწერეთ, რომ სამუშაოები გაჭიანურდა და კომპანიას ობიექტის მშენებლობის დასასრულებლად, ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან პროექტის ჩაბარება 2023 წლის ბოლოსაც ვერ შეძლო.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+100 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 13 ივნისიდან მიმდინარეობს. ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 19 399 999 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემსყიდველი) და შპს „ერ ტე დეს“ შორის გაფორმდა. კომპანიამ, რომელიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს, შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების მიღებიდან, შვიდ თვეში დაასრულებდა. კონკრეტულად კი, ხელშეკრულების ცვლილებამდე გეგმა-გრაფიკი 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
არაერთი კითხვა დაისმის შესრულებული სამუშაოების ხარისხთან მიმართებით. ონლაინმედია „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ცხადად ჩანს, რომ ახალდაგებული ასფალტის რამდენიმე მონაკვეთზე ორმოები გაჩნდა. ერთი თვით ადრე, გასული წლის დეკემბერში, TV25-მა გადაიღო კადრები, როგორ აგებდა კომპანია ასფალტს წვიმიან ამინდში. ახლა გაირკვა, რომ გზის ერთ მონაკვეთზე ასფალტის დაზიანებული ფენა მოხსნეს.
"ბათუმელების" ფოტო
კომპანიამ პროექტის დასრულება ერთი წლით დააგვიანა და არსებული მდგომარეობით, სამუშაოები ჯერაც არ ჩაუბარებია. ამასთანავე, გარკვეული პერიოდი დასჭირდება საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურას და თუ შემსყიდველი მოსთხოვს, კომპანიამ ხარვეზები უნდა აღმოფხვრას. ამ ეტაპისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმწოდებლისთვის ანაზღაურებული აქვს 14 351 166 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 74%-ს შეადგენს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი მიმდინარე წლის 29 თებერვლის ჩათვლით გახანგრძლივდა.
აღსანიშნავია, რომ შპს „ერ ტე დე“ ახორციელებდა თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტს. მასთან (და კიდევ ერთ კომპანიასთან) შემსყიდველმა კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა. კახა კალაძის მიერ გამოცემულ დოკუმენტში წერია, რომ დაფიქსირდა ხელშეკრულებების პირობების არაერთი დარღვევა. ასევე გაირკვა, რომ სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა.
შპს „ერ ტე დე“ დაარსებულია 2013 წელს ლაშა ქართლოსიშვილის მიერ. „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ამჟამად კომპანიას ლუხუმ ქართლოსიშვილი ფლობს. ლუხუმ ქართლოსიშვილმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 25 ათასი ლარი შესწირა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 3 მაისის განკარგულებით, კომპანია რეგისტრირებულია „თეთრ სიაში“. 24 იანვრის მდგომარეობით, შპს „ერ ტე დე“ არც შავ სიაში და არც გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში არ იძებნება.