რევაზ ხარაზი:ინფრასტრუქტურული სამუშაოს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, 44%-ია შესრულებული, ისიც - მხოლოდ ფურცელზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+100 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 13 ივნისიდან მიმდინარეობს. ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 19 399 999 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემსყიდველი) და შპს „ერ ტე დეს“ შორის გაფორმდა. კომპანიამ, რომელიც ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს, შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების მიღებიდან, შვიდ თვეში დაასრულებდა. კონკრეტულად კი, გეგმა-გრაფიკი 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მიმდინარე წლის 10 მარტს მხარეები შეთანხმდნენ ახალ გეგმა-გრაფიკზე, რომელიც ოთხი თვით (31 მაისის ჩათვლით) გახანგრძლივდა. არსებული მდგომარეობით, შემსყიდველს მიმწოდებლისთვის გადახდილი აქვს მთლიანი ღირებულების 46% ანუ 8 988 696 ლარი. ბოლო გადარიცხვა შესრულებულია 2023 წლის 13 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა სამშენებლო ტერიტორიაზე მისულმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა. მანამდე გადახდილი თანხის ჯამური მოცულობა მართლაც მთლიანი ღირებულების 44.4%-ს შეადგენდა. სამუშაოები ფრიდონ ხალვაშის გამზირის მონაკვეთზე მიმდინარეობს. რამდენიმე ადგილობრივმა გვითხრა, რომ ტექნიკა ხშირად გაჩერებულია და პროექტი ნელი ტემპით ხორციელდება. რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია, რომ სამუშაოები „მხოლოდ ფურცელზე“ შესრულდა, ჩვენ ამ გარემოებაზე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან აღნიშნულს ექსპერტული შეფასება და დასკვნა სჭირდება. ფაქტია, რომ პროექტი გახანგრძლივდა, სამშენებლო ტერიტორია კი მოქალაქეებისთვის მძიმე პრობლემად და დაბრკოლებად რჩება.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა განაცხადა: „ინფრასტრუქტურული სამუშაოს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, 44%-ია შესრულებული, ისიც - მხოლოდ ფურცელზე“.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის აპრილში გამოაცხადა ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 22 206 512 ლარი იყო. ტენდერში ერთადერთი კომპანია შპს „ერ ტე დე“ მონაწილეობდა. მხარეებს შორის 19 399 999-ლარიანი ხელშეკრულება 2022 წლის 13 ივნისს გაფორმდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+100 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმდინარე წლის 10 მარტს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტი კიდევ ოთხი თვით გახანგრძლივდებოდა. აქედან გამომდინარე, საბანკო გარანტიის ვადაც შეიცვალა და 2023 წლის 3 ოქტომბრამდე განისაზღვრა.
დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას შესრულებული აქვს სადემონტაჟო და მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე სანიაღვრე ქსელებთან, ხიდის მშენებლობასთან, კომუნიკაციების გადატანა-მონტაჟთან, სანაპირო ბურჯებთან დაკავშირებული სამუშაოების ნაწილი. არსებული მდგომარეობით, შემსყიდველს კომპანიისთვის გადახდილი აქვს 8 988 696 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 46%-ია. აქედან 3 880 000 ლარი გადახდილია ავანსის სახით.
ბოლოს შემსყიდველმა კომპანიას 381 533 ლარი გადაურიცხა 13 მარტს ანუ იმ დღეს, როცა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა. მანამდე გადახდილი თანხის ჯამური მოცულობა მართლაც მთლიანი ღირებულების 44.4%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, რევაზ ხარაზის მიერ დასახელებული ფაქტები სიმართლეა. თუმცა მან ასევე თქვა, რომ სამუშაოები „ფურცელზეა შესრულებული“. აღნიშნული გარემოება ექსპერტების შესაფასებელია. ამიტომ ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხზე არ ვიმსჯელებთ. მთავარი, რაზეც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ყურადღებას ამახვილებს, არის გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტი, მასში გადახდილი თანხის მოცულობა, რომელმაც მოქალაქეებს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. ფაქტია, რომ, არაერთი წელია, მოსახლეობა დაზიანებული გზის მოწესრიგებას ითხოვს. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებული მდგომარეობა კი მათთვის მძიმე პრობლემად და დაბრკოლებად რჩება.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ რევაზ ხარაზის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ინფორმაციისთვის:
ბრიფინგზე რევაზ ხარაზმა ახსენა, რომ შემსრულებელი კომპანია „ქართული ოცნების“ შემწირველია. შპს „ერ ტე დე“ ეკუთვნის ლუხუმ ქართლოსიშვილს, რომელსაც მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის 2016 წელს მართლაც გადაურიცხავს 25 000 ლარი.