სოციალურ ქსელში, როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები (1; 2; 3; 4; 5; 6) და კრემლისტური მედია, მათ შორის რუსეთის პირველი არხი (1; 2; 3; 4; 5; 6; 7) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელი ჟურნალისტი, მოჰამედ ალ-ალავი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მდიდრული ქონების შეძენის ამბებს იძიებდა, საეჭვო ვითარებაში მოკლული იპოვეს. ზოგიერთი ანგარიში იმასაც ამტკიცებდა, რომ მის მკვლელობასთან უკრაინის სპეცსამსახური იყო დაკავშირებული.

აღნიშნული ინფორმაცია უცხოენოვან სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, ამიტომ ამასთან დაკავშირებით არაბულმა გამოცემამ The New Arab (TNA) გამოძიება ჩაატარა. მათი მტკიცებით, ამ საკითხში ბევრი სხვადასხვა მცდარი მტკიცება იყო თავმოყრილი.

საგულისხმოა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა, რის გამოც მის მიერ ომის მიმდინარეობისას შეძენილი ქონების შესახებყალბი ამბები ხშირად ვრცელდება. ასევე ყალბი იყო მტკიცება, თითქოს ზელენსკის ოჯახმა ეგვიპტეში 5 მლნ დოლარად ვილა შეიძინა. ინფორმაციის სიყალბე ასევე დაადასტურა Orascom Development Holding-მაც, კომპანიამ, რომელიც ფლობს საკურორტო ქალაქ ელ-გუნას და განაცხადა, რომ სახლი ეგვიპტელ ოჯახს ეკუთვნის.

კრემლისტური გამოცემა “Аргументы и Факты” წყაროდ Clear story News-ს იყენებს. კიბერ დაზვერვის მკვლევრის, კაილ ემკის ინფორმაციით, Clear Story News უკავშირდება ჯონ მარკ დუგანს, ყოფილ ამერიკელ საზღვაო და ფლორიდის პოლიციის ოფიცერს, რომელიც 2016 წლიდან რუსეთში ცხოვრობს. BBC verify-ის ჟურნალისტი შაიან შარდარიზადე აღნიშნავს, რომ ჯონ მარკ დუგანთან დაკავშირებულია გამოცემა DC Weekly, რომელიც აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას ზელენსკის მიერ იახტების შეძენასთან დაკავშირებით. ჟურნალისტები დუგანს დაუკავშირდნენ, მან უარყო კავშირი როგორც Clear Story News-თან, ასევე DC Weekly-ს ამჟამინდელ საქმიანობაში მონაწილეობა.

რაც შეეხება ეგვიპტელ ჟურნალისტს. საეჭვოა მისი Youtube არხი, რომელზეც პოსტების მტკიცებით, მან ზელენსკი ამხილა. Youtube გვერდზე მოჰამედ ალ-ალავის 2 ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. ვიდეოების გამოქვეყნებისა და მისი Youtube არხის შექმნის თარიღი ერთია - 2023 წლის 20 აგვისტო - სწორედ მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ეგვიპტეში ვილის შეძენასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გავრცელდა. პირველ ვიდეოში ალ-ალავი კამერაში საუბრობს, სადაც ამბობს, რომ ხელში უჭირავს ვილის შეძენის ხელშეკრეულების ასლი, ხოლო მეორე ვიდეოში, თითქოს ზელენსკის ვილა ჩანს.

ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ Комсомольская Правда-მგაავრცელა. ისინი სტატიაში ეგვიპტური გამოცემა El Mostaqbal-ის სტატიას ციტირებენ, რომელიც წაშლილია. თუმცა არსებობს სტატიის დაარქივებული ვერსია, რომელშიც მკვლელობის სავარაუდო ადგილის ვიდეოა მოყვანილი. ასევე თანდართულია ინტერვიუ ვინმე აჰმედთან, რომელიც წარმოდგენილია, როგორც მსხვერპლის ძმა. 1:17 წუთიან ვიდეოში აჰმედი ამბობს, რომ მკვლელობა ზელენსკის ბრძანებით მოხდა, რაც უკრაინის სპესამსახურებმა განახორციელეს. მიუხედავად ამისა, მრავალი დეტალი მის ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ Youtube გვერდზე სახელად Akhbar Masr (ეგვიპტის სიახლეები) ორივე ვიდეო ერთსა და იმავე დღეს, 2023 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდა, თავად არხი კი ერთი დღით ადრე, 2023 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. მკვლელობის ადგილის ამსახველი კადრები ძალიან მოკლეა და არანაირ ხელჩასაჭიდ დეტალს არ შეიცავს. ვიდეოში ჩანს ერთ-ერთი ქუჩის კუთხე, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის გადაღებული, ან ვინ იღებს - არ გვაქვს. ეგვიპტელი ჟურნალისტის ძმის ინტერვიუც ბუნდოვანია. ვიდეოში არ ჩანს არც რესპონდენტის და არც ინტერვიუერის სახე. ამ უკანასკნელის მხოლოდ ფოტო ჩანს, რაც ძალიან ჰგავს ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს. The New Arab-ის ჟურნალისტების დაკვირვებით, ინტერვიუერის ხმა „მოკლული ჟურნალისტის“ ხმის მსგავსია.

მას შემდეგ, რაც გამომძიებელი ჟურნალისტის მოჰამედ ალ-ალევის მკვლელობის ამბავი გავრცელდა, 2023 წლის 30 დეკემბერს ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის X-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია უარყო. პოსტში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოეების სამსახურს არანაირი ცნობა არ მიუღია იმის შესახებ, რომ პიროვნებას, რომელიც ვიდეოში ჩანდა, რაიმე საფრთხე შეექმნა. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოცნობილია ვილა, რომელიც თითქოს ზელენსკის ოჯახმა შეიძინა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ეგვიპტელებს ეკუთვნით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვილის სხვისთვის საკუთრებაში გადაცემა არ მომხდარა.

ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ონლაინ გამოცემა Egypt Telegraph-მა ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, არსებობდა თუ - არა ოდესმე ჟურნალისტი სახელად მოჰამედ ალ-ალავი. მათი თქმით, ეგვიპტის ჟურნალისტთა სინდიკატმა „სამი დღე გაატარა“ ჟურნალისტისა და მისი წარსული სამუშაოს ძებნაში, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ამიტომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დაასკვნა, რომ სინდიკატის წევრებს შორის ამ სახელით ჟურნალისტი არასდროს ყოფილა.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.