სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Beqa Parjveliani ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ნაჩვენებია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვადასხვა კერძო საკუთრების ფოტოები (დაარქივებული ვიდეოს ბმული). ვიდეო გერმანულ ენაზეა და მასზე დატანილია შემდეგი წარწერები: „რაზე ხარჯავს ზელენსკი თავის ფულს? შეხედეთ ლივადიაში (ყირიმში) მის სასახლეს. ფასი 25 მილიონი დოლარია. ვილა Forte dei Marmi-ში (იტალია) ღირს 20 მილიონი ევრო. მან ახლახან შეიძინა ვილა ინგლისში. ფასი - 27 მილიონი ფუნტი. საიდან მოდის ფული? CIA ამბობს, რომ ზელენსკიმ $400 მილიონი მიითვისა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის საწვავის შესასყიდად გამოყოფილი ფულიდან. კარგია იყო უკრაინის პრეზიდენტი“.
ვიდეოს თან ახლავს Facebook-მომხმარებლის აღწერა „გერმანელი ჟურნალისტის სიუჟეტი ომის დროს შეძენილი ზელიონკას მილიარდიანი ქონება და რომ კითხო კორუფციას ებრძვის“.
სინამდვილეში, მტკიცება, რომ ვიდეოში ნაჩვენები სახლები ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის 24 თებერვლის მერე, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებით შეიძინა, რიგ შემთხვევაში ყალბი, ან მტკიცებულებებს მოკლებულია.
„ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოში ნაჩვენები შენობების შესახებ გავრცელებული მტკიცებები ინდივიდუალურად განიხილა.
მტკიცება 1: უკრაინისთვის დასავლური დახმარებით ზელენსკიმ ყირიმის ნახევარკუნძულზე 25-მილიონიანი სახლი შეიძინა
ვიდეოში ნაჩვენები პირველი ფოტოს მიხედვით, ლივადიაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე მდიდრული შენობის ფასი 25 მილიონი დოლარია. როგორც ამ ისე ქვემოთ მოცემული სხვა შენობების შესახებ გავრცელებული მთავარი მტკიცების მიხედვით, ისინი ზელენსკიმ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ამჟამინდელი ომის დაწყების შემდეგ დასავლური დახმარებით შეიძინა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები შენობა
Reuters-ის 2019 წლის სტატიაში განხილული შენობა
აღნიშნული საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა გავლენიანი მედიასაშუალების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ. მის შესახებ ინფორმაცია ფიგურირებს Reuters-ის სტატიაში, რომელიც ოლენა ზელენსკას მიერ აღნიშნულ შენობაში ერთ-ერთი პენტჰაუსის ბიზნესმაგნატის, ოლეკსანდ ბურიაკისგან საბაზრო ფასზე 2-ჯერ იაფად შეძენას ეხება. სტატია 2019 წლისაა, ანუ იმ პერიოდში გამოქვეყნდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს და ვინაიდან ზელენსკი საარჩევნო კამპანიაში თავს წარმოადგენდა, როგორც უკრაინის ბიზნესსა და პოლიტიკაში დომინანტი ელიტისგან განცალკევებულ და დამოუკიდებელ პირად, სტატიაში კრიტიკულადაა განხილული ამავე მდიდრული ელიტის წევრ ოლეკსანდრ ბურიაკისგან ზელენსკის ცოლის მიერ სახლის ყიდვის ფაქტი. თუმცა სტატია სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების სიყალბის დასადასტურებლად საკმარის ინფორმაციას იძლევა. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ 3-ოთახიანი პენტჰაუსი ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ 2013 წელს იყიდა, ანუ არათუ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, არამედ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამდეც კი. დამატებით, ზელენსკის შემოსავლისა და ქონების დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ოლენა ზელენსკამ პენტჰაუსში $163,893 გადაიხადა, რაც ვიდეოში გაჟღერებულ 25 მილიონ დოლარზე გაცილებით ნაკლებია.
ამდენად მტკიცება, რომ ყირიმში მდებარე ვილა ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 25 მილიონ დოლარად შეიძინა, ყალბია. ზელენსკის მეუღლის - ოლენა ზელენსკას მიერ, პენტჰაუსის ფლობას საერთაშორისო მედია ჯერ კიდევ 2019 წელს, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ეხმიანებოდა. დამატებით მედიასაშუალების მიერ უკრაინის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დეკლარაციაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის არა $25 მილიონი, არამედ $163,893 ღირდა.
მტკიცება N2: უკრაინისთვის დასავლური დახმარებით ზელენსკიმ იტალიაში საკურორტო ქალაქ Forte dei Marmi-ში 20-მილიონად შეფასებული ვილა შეიძინა
ვიდეოში ნაჩვენები მეორე ფოტოზე მტკიცების მიხედვით, გამოსახულია იტალიაში, Forte dei Marmi-ში მდებარე ვილა და მისი ფასი 20 მილიონი ევროა. ისევე როგორც ვიდეოში არსებული წინა ფოტოსთვის, ამ შენობის შესახებ გავრცელებული მტკიცების მთავარი შინაარსია, რომ ზელენსკიმ აღნიშნული კერძო საკუთრება 2022 წლის 24 თებერვლის მერე უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გაგზავნილი ფულადი დახმარებით შეიძინა.
Google-ის ფოტოების ძებნის (Google Image Reverse Search) ინსტრუმენტისა და საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვებით ძებნის გამოყენებით ვპოულობთ რამდენიმე სტატიას, რომელშიც აღნიშნული შენობა ფიგურირებს და რომლებიც შენობას უკრაინის პრეზიდენტის სავარაუდო მფლობელობაში ნამდვილად ასახელებს. მაგალითად, 2019 წელს უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა Slidstvo.Info-დან ზელენსკის პრეზიდენტად არჩევამდე 3 დღით ადრე გამოაქვეყნეს საგამოძიებო ჟურნალისტური მასალა, რომელშიც ზელენსკის თავის მფლობელობაში მქონე შენობის დეკლარაციაში არასახვის გამო აკრიტიკებდნენ. სტატია ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ზელენსკის მიერ ნაგებობის ფლობის პერიოდისა და მასში გადახდილი ფასის კუთხით. კერძოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ზელენსკისა და მისი ცოლის მფლობელობაში მყოფმა იტალიურმა კომპანია San Tommaso S.R.L-მ ფორტე დეი მარმიში ვილა 3.8 მილიონ ევროდ 2017 წელს იყიდა, ანუ ბევრად უფრო ადრე და ბევრად უფრო იაფად, ვიდრე სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით ამტკიცებენ.
Slidstvo.info-ს მიერ მოპოვებული მასალა
იტალიური გამოცემა ასევე საუბრობს ფორტე დეი მარმიში მდებარე ვილის ზელენსკის საკუთრებაში არსებობის შესახებ. მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ვილა 3.8 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა არა პრეზიდენტად ყოფნის, არამედ კომედიური სახის სატელევიზიო აქტორად ყოფნის პერიოდში.
Forbes-ის მიხედვით, ზელენსკი 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 4.6 მილიონი დოლარის ღირებულების აგარაკს ფლობდა ფორტე დე მარმიში. თუმცა სტატიის მიხედვით, 2018 და 2019 წელს ვილა ზელენსკის დეკლარაციაში ნაჩვენები იყო, 2020 წელს კი აღარ, რითაც გამოცემა ვარაუდობს, რომ ზელენსკიმ ის გაყიდა.
ამდენად, ზელენსკის მიერ იტალიაში, ფორტე დეი მარმიში ვილის ფლობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ავტორიტეტული მედიასაშუალებით მართლაც ვრცელდება, თუმცა ფაქტია ის, რომ წყაროები ზელენსკის მიერ ვილის შეძენისა და ფლობის პერიოდს არა 2022 წელს უკრაინაში დაწყებულ ომსა და ომის შედეგად დასავლური სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ ფინანსური დახმარებას, არამედ ზელენსკის სატელევიზიო კარიერას, ანუ 2019 წლამდე პერიოდს უკავშირებენ.
ამდენად, მტკიცება, რომ მეორე ფოტოზე გამოსახული ვილა ზელენსკიმ 20-მილიონ ევროდ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინისთვის გაწეული დასავლური დახმარებით შეიძინა, ყალბია.
მტკიცება 3: ომის დაწყების შემდეგ ზელენსკიმ ქონება დიდ ბრიტანეთში 27 მილიონ ფუნტად შეიძინა
ვიდეოში ნაჩვენები ბოლო ფოტოს მიხედვით, ზელენსკიმ ქონება დიდ ბრიტანეთშიც შეიძინა 27 მილიონ ფუნტად. Google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის გამოყენებით დგინდება, რომ ვიდეოში ნაჩვენებ შენობის სახელწოდება Moor Palace Manor-ია, რომელიც 80 აკრზეა გაშენებული და ფართობით 1000 კვადრატულ მეტრს აღწევს. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდებზე 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ვილა სახელწოდებით Moor Palace Manor გასაყიდ საკუთრებათა სიაშია (ბმული 1, 2, 3) და მისი საორიენტაციო ფასი 10 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
ინგლისში მდებარე ვილა Moor Place Manor-ის ფოტო ვიდეოდან
ვილა Moor Place Manor-ის ფოტო უძრავი ქონების ვებგვერდებიდან
რაც მთავარია, აღნიშნული მტკიცება, თითქოს ვილა ზელენსკის ეკუთვნის, არცერთ სანდო და დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში, საგამოძიებო ჟურნალისტურ სტატიებში და ა.შ. არ გვხვდება.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მიერ 2019 წელს წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ზელენსკი მართლაც ფლობს აპარტამენტს, თუმცა ის 92 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც თითქმის 10-ჯერ მცირეა, ვიდრე Moor Manor-ის ფართობი.
ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ინგლისში ვილას ფლობს, ღია წყაროებით არ დასტურდება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომლის მიხედვით ზელენსკიმ მრავალმილიონიანი ქონება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინისთვის გაწეული დასავლური დახმარებით შეიძინა, ფრანგულმა ავტორიტეტულმა გამოცემა France24-მაც გადაამოწმა (იხილეთ ბმული).
ცნობისთვის, Forbes უკრაინის მთავარი რედაქტორის მიხედვით, ზელენსკის საერთო ქონება უხეში გაანგარიშებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს. Forbes-ის განცხადებით, ზელენსკის შემოსავლის მთავარი წყარო იუმორისტული შინაარსის გადაცემების შემქმნელი კომპანია კვარტალი-95-ია, რომელიც ზელენსკიმ თავის რამდენიმე მეგობართან ერთად 2003 წელს დააფუძნა და რომელშიც 25%-იანი წილს ფლობს (წილი პრეზიდენტად არჩევის შემდგომ მან პარტნიორებს გადასცა). „კვარტალი 95“ უკრაინაში კომედიური შინაარსის გადაცემებსა და სერიალებს აწარმოებს.
მტკიცება N4: CIA-ს განცხადებით, ზელენსკიმ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის საწვავის შესასყიდად გამოყოფილი ფულიდან $400 მილიონი მიითვისა
აღსანიშნავია, რომ ეს მტკიცება საერთაშორისო მასშტაბით ფართოდ გავრცელდა და სტატიები სათაურით „ზელენსკიმ და მისმა გუნდმა მოიპარეს სულ მცირე $400 მილიონი აშშ-ის დახმარებიდან“ რუსეთის სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფმა მედიასაშუალებებმა, როგორებიცაა TASS და RT, გამოაქვეყნეს. მტკიცების გავრცელებისას მედიები ეყრდნობიან ამერიკელი ჟურნალისტის სეიმურ ჰერშის მიერ 2023 წლის 12 აპრილს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას.
სტატიაში ავტორი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ დიზელის შესყიდვისთვის განკუთვნილი ამერიკული სახსრებიდან მინიმუმ 400 მილიონი აშშ დოლარი მიითვისა. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანალიტიკოსების შეფასებით, გაფლანგული თანხები გასულ წელს, სულ მცირე, 400 მილიონ დოლარს შეადგენს; კიდევ ერთმა ექსპერტმა კიევის კორუფციის დონე ავღანეთის ომის დონესთან მიახლოებულს შეადარა“.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მსგავსი განცხადება ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია, თითქოს უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ 400 მილიონი დოლარის მითვისებაზე CIA-მ განაცხადა, არც სანდო და ავტორიტეტულ მედიასაშუალებებში გვხვდება. დამატებით სტატიაში შეიმჩნევა, რომ ავტორი სრულად ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, ამდენად მის მიერ მოხმობილი წყაროების გადამოწმება შეუძლებელია. მაგალითად, სეიმურ ჰერში წერს, რომ მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკი საწვავს რუსებისგან ფასდაკლებით ყიდულობს, ამერიკის დაზვერვის თანამშრომელმა მიაწოდა. თუმცა შეუძლებელია ეს ინფორმაცია სხვა წყაროებში გადავამოწმოთ. ამდენად ჟურნალისტი მხოლოდ ისეთ ბუნდოვან წყაროს ეყრდნობა, როგორიცაა ანონიმური „ერთი მცოდნე ამერიკული დაზვერვის წარმომადგენელი“.
ინფორმაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Snopes-მაც გადაამოწმა. მათი შეფასებით, სეიმურ ჰერშის განცხადება, რომ ზელენსკიმ აშშ-ის დახმარებიდან 400 მილიონი მიითვისა, მტკიცებულებებს მოკლებულია. Snopes-ს ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სეიმურ ჰერში 1970 წელს პულიცერის პრიზით დააჯილდოვეს, მისი შემდგომი კარიერა კონტროვერსიულია, კონსპირაციული მტკიცებების გამყარებისა და საეჭვო ანონიმურ წყაროების გამოყენების გამო.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის საწვავის შესასყიდად გამოყოფილი დახმარებიდან $400 მილიონი მიითვისა, CIA-ს ოფიციალურად არ გაუჟღერებია. ინფორმაცია არ გავრცელებულა არც სხვა სანდო და ოფიციალური წყაროებით და მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელი ჟურნალისტის სტატიას ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, ანონიმურ წყაროებს ასახელებს.
შედეგად, ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები, რომლის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ დასავლური დახმარებიდან მიღებული თანხები მრავალმილიონიანი ქონების შეძენას მოახმარა, რიგ შემთხვევებში ყალბია, ხოლო ზოგ შემთხვევებში მტკიცებულებებს მოკლებულია.
-----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.