სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2; 3) ამჯერად ჰამასის მიერ გატაცებული მოქალაქის შესახებ პოსტს აქვეყნებს. პოსტის ავტორს მოჰყავს ციტატა ჰამასის მიერ გატაცებული იოჩევედ ლიფშიცის განცხადებიდან, რომელიც მან ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის მიერ მოყვანილი ციტატა არასრულია, რამაც შესაძლოა მკითხველს მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნას.
იოჩევედ ლიფშიცი მის მეუღლესთან ერთად ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელიდან გაიტაცეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თელ-ავივის იშილოვის ჰოსპიტალში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიფშიცმა დეტალურად ახსნა, თუ რა მოხდა მისი გატაცების შემდეგ. მან განაცხადა, რომ ღაზისკენ მიმავალ გზაზე მოტოციკლის უკანა ნაწილზე მოისროლეს და ჯოხით სცემეს, ჰქონდა სუნთქვის გართულებები და სისხლჩაქცევები. მისი თქმით, ის იძულებული იყო რამდენიმე კილომეტრი სველ მიწაზე ევლო. იგი ღაზის ქვეშ არსებულ უზარმაზარ გვირაბების ქსელში წაიყვანეს, რომელიც ობობას ქსელს ჰგავდა. სხვა 25 მძევალთან ერთად გვირაბებში ყოფნის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი განცალკევებულ ოთახში გადაიყვანეს, სადაც თითოეულს დაცვა ჰყავდა და ექიმთან წვდომა ჰქონდა: „ზრუნავდნენ ჰიგიენაზეც, რათა ავად არ გავმხდარიყავით“. ლიფშიცის თქმით, მათ მატრასებზე ეძინათ, ხოლო გვირაბები ნესტიანი და სველი იყო: „როდესაც იქ მივედით, მათ გვითხრეს, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ყურანის და ისინი ზიანს არ მოგვაყენებდნენ და ჩვენ მივიღებდით იმავე პირობებს, როგორც თავად ჰქონდათ გვირაბებში“.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ლიფშიცის მონაყოლის პირველ ნაწილს უგულებელყოფს, სადაც ის ღაზასკენ მიმავალ გზაზე გადამხდარ მძიმე ვითარებაზე საუბრობს, რა დროსაც მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
--------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.