მიშა ბოლქვაძე: [ხელვაჩაურის] მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ნაგვის ნარჩენებთან დაკავშირებით. არ აქვთ ურნები და არ აქვთ ავტომობილი, რომ გაიტანონ სოფლებიდან, დასახლებებიდან ნაგავი.
ვერდიქტი: მიშა ბოლქვაძის განცხადება არისსიმართლე.
რეზიუმე:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წლის ბოლოს გათვალისწინებულია ერთი ერთეული ნაგავმზიდის შეძენა, ასევე აჭარის ა/რ ნარჩენების მართვის დეპარტამენტი 2024 წლისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ოთხ ერთეულ ნაგავმზიდსა და 594 ერთეულ ურნას შეუძენს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხელვაჩაური, აჭრის მუნიციპალიტეტებს შორის, მოსახლეობის რაოდენობით, 52 900 მაცხოვრებლით, მესამე ადგილზეა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, რომელიც 63 სოფელს მოიცავს, 0,09 მ3-ის მოცულობის 352 ერთეული ურნა და ერთი ნაგავმზიდი ემსახურება. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ სოფელზე 5-6 ურნა მოდის, რაც, ბუნებრივია, საკმარისი ვერ იქნება. ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტმა 594 ახალი ურნის შეძენა და 5 ნაგავმზიდის დამატება გადაწყვიტა, მეტყველებს, რომ მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პრობლემა რეალურად დგას. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიშა ბოლქვაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი: ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა: „[ხელვაჩაურის] მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ნაგვის ნარჩენებთან დაკავშირებით. არ აქვთ ურნები და არ აქვთ ავტომობილი, რომ გაიტანონ სოფლებიდან, დასახლებებიდან ნაგავი“.
„ფაქტ-მეტრმა“, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა. ადრესატს კონკრეტული კითხვებით მივმართეთ და დავინტერესდით, რომელ სოფელში რამდენი სანაგვე ურნაა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის, რომელ სოფელში არაა საერთოდ და რამდენი ურნაა საჭირო, რათა მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელები შეუსაბამო ადგილებში არ დაყაროს, ასევე, რა სიხშირით გააქვთ შესაბამისი ტრანსპორტით საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ერთთვიანი ლოდინისა და შეხსენების შემდეგ, ზოგადი პასუხი მოგვწერეს, რომ სოფლებში, ჯამში, 352 ერთეული 0,09 მ/კუბის ტევადობის ურნაა განთავსებული. ურნებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები პერიოდულად ერთი ნაგავმზიდით გააქვთ, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. იმავე წერილის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს გათვალისწინებულია ერთი ერთეული ნაგავმზიდის შეძენა, ასევე აჭარის ა/რ ნარჩენების მართვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ 2024 წლისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული ნაგავმზიდი და 594 ცალი ურნა შეუძინოს. დანართი 1
უკვე არაერთი წელია, რაც მოსახლეობა საუბრობს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ხელვაჩაურში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანა და ტერიტორიების დაბინძურება პრობლემად იქცა. ამ საკითხზე ადგილობრივ მედიაში ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. იხ. TV 25-ის ფოტომასალა და ვიდეოსიუჟეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის ბიუჯეტი წლიდან წლამდე მზარდია, მერიამ ნაგავმზიდი აქამდე ვერ შეიძინა. თუმცა მან ახალი მსუბუქი ავტომანქანები იყიდა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხელვაჩაური, აჭრის მუნიციპალიტეტებს შორის, მოსახლეობის რაოდენობით, 52 900 მაცხოვრებლით, მესამე ადგილზეა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 63 სოფელს მოიცავს. მთელ ამ ტერიტორიას 352 ერთეული ურნა და ერთი ნაგავმზიდი ემსახურება. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ სოფელზე 5-6 ურნა მოდის, რაც, ბუნებრივია, საკმარისი ვერ იქნება. ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტმა 594 ახალი ურნის შეძენა და 5 ნაგავმზიდის დამატება გადაწყვიტა, მეტყველებს, რომ მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პრობლემა რეალურად დგას. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიშა ბოლქვაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.