2022 წლის ბოლოს არაერთმა სახელმწიფო უწყებამ და მუნიციპალიტეტის მერიამ მსუბუქი ავტომობილები შეისყიდა. მხოლოდ დეკემბერში შპს „კია საქართველოსთან“, შპს „სტრადა მოტორსთან“, სს „ფრანს ავტოსთან“, შპს „კავკასუს მოტორსთან“ და სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“, კონსოლიდირებული ტენდერების გზით, 60-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა. მათი ჯამური ღირებულება 22 მლნ ლარს შეადგენს.
დანართში მოცემული შესყიდვები სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდა. გამონაკლისია აჭარის ა/რ სამთავრობო უწყებებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციებისთვის შეძენილი ავტომანქანები, რისთვისაც დაფინანსება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიემართება. ასევე, ერთ შემთხვევაში, დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტი. გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 20 823 000 ლარს აღემატება. არსებული მდგომარეობით, 16 966 200 ლარზე მეტი უკვე გადახდილია. სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების სახსრებით, ხელშეკრულებები სულ 362 ერთეული მეორე და მესამე კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით გაფორმდა. აქედან თერთმეტი ერთეული ავტომანქანის ღირებულება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიფარება (დიდი წილი უკვე გადახდილია), ერთი, როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებია.
2022 წლის დეკემბერში მსუბუქი ავტომობილები მუნიციპალიტეტებმაც შეისყიდეს. შესყიდვა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან დაფინანსდა.
ცხრილი 1. 2022 წლის დეკემბერში კონსოლიდირებული ტენდერებით შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მიხედვით
შემსყიდველი | მიმწოდებელი | შესყიდვის ობიექტი | რაოდენობა | ხელშეკრულების ღირებულება, ლ | გადახდილი თანხა, ლ | ხელშეკრულების ნომერი |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 76944 | არ ფიქსირდება | №172 |
ყვარლის მუნიციპალიტეტი | კია საქართველო | Kia Seltos | 1 | 68272 | არ ფიქსირდება | №269 |
ყვარლის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 76944 | არ ფიქსირდება | №271 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 1 | 38472 | არ ფიქსირდება | №255 |
გორის მუნიციპალიტეტი | კია საქართველო | Kia Seltos | 1 | 68272 | არ ფიქსირდება | N6 |
გორის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 5 | 192360 | არ ფიქსირდება | №8 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 76944 | არ ფიქსირდება | №287 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | ფრანს ავტო | Renault Duster | 5 | 270000 | არ ფიქსირდება | №196 |
ასპინძის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 1 | 38472 | არ ფიქსირდება | №142 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 76944 | არ ფიქსირდება | №128 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტი | კია საქართველო | Kia Seltos | 1 | 68272 | არ ფიქსირდება | №134 |
ახმეტის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 76944 | არ ფიქსირდება | №410 |
საჩხერის მუნიციპალიტეტი | სტრადა მოტორსი | FIAT TIPO 1.6 P | 2 | 76944 | არ ფიქსირდება | №273 |
ა(ა)იპ ფოთის სერვისების ცენტრი | კავკასუს მოტორსი | Mitsubishi L200 | 1 | 61346 | 61346 | N599 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
გასული წლის მიწურულს ახალი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება თერთმეტმა მუნიციპალიტეტმა შეისყიდა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრებით შესყიდულია, ჯამში, ოცდარვა ავტომობილი. მათი საერთო ღირებულება 1 267 000 ლარს აღემატება. მოცემული მდგომარეობით, გადახდა მხოლოდ ა(ა)იპ ფოთის სერვისების ცენტრის შემთხვევაში ფიქსირდება.
ხელშეკრულებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები 2022-2023 წლის გამოშვება უნდა იყოს და ისინი შემსყიდველებს 210, ზოგ შემთხვევაში კი - 240 დღეში უნდა მიეწოდოს.