ქუთაისში ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საზოგადოება ოქროს ჩარდახის სახელით იცნობს, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს შენობა გამოშიგნულ მდგომარეობაშია და გაურკვეველია, როდის განახლდება სამუშაოები. კომპანიამ, რომელიც რეაბილიტაციას ახორციელებდა, მერიას აცნობა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში გარკვეული უზუსტობები იყო, რის გამოც, სახელშეკრულებო ვადაში სამუშაოები ვერ დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ, შემსყიდველმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც არ შედგა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
ოქროს ჩარდახი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. შენობის რესტავრაცია - რეაბილიტაციისა და მიმდებარე ფუნქციური ზონის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. პროექტი შპს „მნ-პროექტმა“ 49 000 ლარად მოამზადა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ გვიან შუა საუკუნეებს მიკუთვნებული შენობა, წლების განმავლობაში, არაერთხელ გადააკეთეს და ამდენად, მისი პირვანდელი სახის წარმოდგენა შეუძლებელია. კომპანია მიუთითებს, რომ პროექტის მომზადებამდე, ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და საფიქსაციო სამუშაო. ასევე, მოიძიეს და გამოიყენეს საარქივო მასალები.
პროექტი ითვალისწინებდა შემდეგ სამუშაოებს: შენობის მეორე სართულის ოთხივე ფასადზე ნალესობების მოხსნა და მის ქვეშ არსებული ქვის წყობის აღდგენა; ძველი და დაზიანებული კარ-ფანჯრის ჩანაცვლება ახალი კარ-ფანჯრით; შიდა სივრცეში განთავსებული მუზეუმის მთავარი დარბაზის უსახო ბუხრის დაშლა და მის ნაცვლად მეთვრამეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ქვის დეკორატიული ბუხრის აშენება; დაზიანებული ხის აივნისა და მის ქვეშ არსებული ქვის სვეტების დაშლა და ახლის მოწყობა, აივნის გადახურვა კრამიტით; დაზიანებული სახურავის მთლიანად დაშლა და ახალი ოთხქანობიანი ხის ნივნივების მოწყობა, რომლებიც დეკორატიული კრამიტით დაიფარება, სახურავის გარშემო, მთელ პერიმეტრზე, ქვის პარაპეტის მოწყობა; პირველ სართულზე არსებული ქვის კოლონებისა და თაღების რესტავრაცია-აღდგენა; ეზოს სამუშაოები და სხვა. რესტავრაცია-რეაბილიტაცია სწორედ აღნიშნული პროექტის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო.
შეწყვეტილი ხელშეკრულება
ქუთაისის მერიამ შპს „ივერთმშენთან“ (251721150), რომელიც ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, 955 555-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გააფორმა. აპრილით დათარიღებულ წერილში კი, რომელიც ზედამხედველმა შპს „ჯეოექსპერტმა“ შემსყიდველს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ მშენებელმა კომპანიამ მხოლოდ სადემონტაჟო სამუშაოები შეასრულა. მერიამ მიმწოდებელი გააფრთხილა. პასუხად „ივერთმშენმა“ მისწერა, რომ მუშაობა მყისიერად დაიწყო, თუმცა კონსტრუქციული პროექტის განხილვის პროცესში, გაურკვევლობები წარმოშვა, რის გამოც, ძეგლის რეაბილიტაციის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. კომპანიამ მერიას განსახილველი და დასაზუსტებელი საკითხები ჩამოუთვალა და მათი შესწავლა სთხოვა. შემსყიდველმა კომპანიას მიუთითა, რომ შესაბამისი კითხვებით პროექტის ავტორისთვის მაშინ უნდა მიემართათ, როცა ის ობიექტზე იმყოფებოდა. ასევე შეატყობინა, რომ პროექტის ავტორთან შეჯერებულ პასუხებს უახლოეს დღეებში გაუგზავნიდა. მაისში შემსყიდველმა „ივერთმშენს“ კიდევ ერთი გამაფრთხილებელი წერილი მისწერა, ერთი თვის შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 145 244 ლარის გადახდა დააკისრა. იმ დროს კომპანიისთვის უკვე ანაზღაურებული ჰქონდა 100 000 ლარი. თუმცა შემსყიდველმა, ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, „ალდაგის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია აამოქმედა და თანხა დაიბრუნა.
„ივერთმშენმა“ სასამართლოს მიმართა. „პროექტი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ ვსაუბრობდით პროექტის ავტორთან ამაზე და გვეთანხმებოდნენ. მერიას მივწერეთ თერთმეტი თუ თორმეტი წერილი, ვთხოვდით, იქნებ კორექტირება გააკეთოთ, რომ დავიწყოთ... [მერიამ] არასწორად შეგვიწყვიტა [ხელშეკრულება] და დაგვაკისრა ჯარიმა, ეს გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოში. სასამართლო, ალბათ, მხოლოდ მერიას ეკონტაქტებოდა და გაამართლა მერია, ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინა. ეს გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში... მერიისგან არ მიგვიღია პროექტის ავტორთან შეჯერებული პასუხები. სიტყვიერად კი გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ამას სჭირდება დოკუმენტი. პროექტის ავტორს კორექტირებული დოკუმენტი უნდა გადაეცა მერიისთვის და მერიას მოეწერა ჩვენთვის. არ გვაღირსეს ეს. ძალიან მიკვირს, [მოსამართლემ] ისინი როგორ გაამართლა. ვეუბნებით, რომ პროექტი არ გვაქვს, მოგვხედე, დაგვეხმარე, წერილს წერილზე ვუგზავნიდით და ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ“, - ასე ახსნა სიტუაცია ფაქტ-მეტრთან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ.
პეტიცია ძეგლის გადასარჩენად
ხელშეკრულების შეწყვეტამდე, პროექტმა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია. ძირითადად, მიუღებელი აღმოჩნდა სწორედ სახურავსა და ქვის კოლონების რესტავრაცია-აღდგენასთან დაკავშირებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ ოქროს ჩარდახი“, რომელმაც, ძეგლის გადარჩენის მიზნით, მოქმედება დაიწყო.
მიმდინარე წლის 23 მაისს აქტივისტებმა პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიმართვაში, რომლის ადრესატებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არიან, ვკითხულობთ, რომ სარეაბილიტაციო პროექტიდან გამომდინარე, არაერთი კითხვა გაჩნდა როგორც არქიტექტურულ, ისე - კონსტრუქციულ ნაწილთან მიმართებით. საინიციატივო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამუშაოების შეჩერება მანამდე, სანამ მისი ავთენტურობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა დეტალი და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკა არ გაირკვეოდა. აქტივისტებმა მიმართვის ადრესატებს, პროექტის განხილვის მიზნით, სთხოვეს შეხვედრის ორგანიზება, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სპეციალისტები, პროფესიული წრეები და საკითხით დაინტერესებული პირები ჩაერთვებოდნენ.
საინიციატივო ჯგუფის „გადავარჩინოთ ოქროს ჩარდახი“ წევრი ფოკი ფაჩულია „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ამბობს, რომ არაერთი მცდელობისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, შეხვედრა აგვისტოში შედგა. ამ შეხვედრით აქტივისტები კმაყოფილი არ არიან. ფოკი ფაჩულიას თქმით, ერთადერთი შედეგი, რომელიც მიიღეს, არის არქიტექტორის სიტყვიერი დაპირება, რომ პირველ სართულზე არსებულ ქვის ოთხკუთხა კოლონებს დანიშნულებას არ შეუცვლიან (როგორც რესპონდენტმა განმარტა, კოლონები ისეა დაპროექტებული, რომ მდინარე რიონის ადიდების შემთხვევაში, წყალი გაატაროს და შენობას საფრთხე არ შეექმნას) და არ შემინავენ. საინიციატივო ჯგუფისთვის ამ ეტაპზე გაურკვეველია, გაითვალისწინებენ, თუ - არა პროექტის ავტორები სპეციალისტების რეკომენდაციებს.
მიმდინარე წლის ივლისში, „ივერთმშენთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიამ გამოაცხადა კიდევ ერთი, 1 273 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც არ შედგა, რადგან შესყიდვით არავინ არ დაინტერესდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვა ჰქონდათ, მათ შორის, როგორ უნდა შეასრულოს სამუშაოები სხვა კომპანიამ საკამათო პროექტის მიხედვით, რომლის კორექტირებაც არ განხორციელებულა. ამასთანავე, აქტივისტები კვლავ მიზანშეუწონლად მიიჩნევენ ძეგლზე პარაპეტის დამატებას, რაც მის იერსახეს მთლიანად შეცვლის.
არქიტექტორის პოზიცია
შპს „მნ - პროექტის“ მთავარი არქიტექტორი მალხაზ ლეკვეიშვილი, რომელიც ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ავტორია, ფაქტ-მეტრთან აცხადებს, რომ დოკუმენტში არაფერი შეუცვლია და ამის თაობაზე არც ქუთაისის მერიას მიუმართავს. ლეკვეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მშენებელ კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ, სამუშაო პროცესში „ივერთმშენის“ ყველა ის თხოვნა გაითვალისწინეს, რომლებიც პროექტს არსებითად არ ცვლიდა და საერთოდ, მშენებლებს ყველანაირად მხარს უჭერდნენ. „როგორც მე ვიცი, რაღაც გაურკვევლობაა მერიასა და კომპანიას შორის. ჩვენ მერიამ რაც შეკითხვები გამოგვიგზავნა, გავეცით პასუხი და გადავუგზავნეთ. მერე რა განვითარება მოჰყვა, მე არ ვიცი. პროექტის მიმართ რომ მშენებლებს პრეტენზია ჰქონიათ, ახლა თქვენგან გავიგე,“ - გვითხრა „მნ - პროექტის“ დირექტორმა.
მალხაზ ლეკვეიშვილს აქტივისტების შენიშვნებზეც ვკითხეთ. „ პირველ შეხვედრაზე პრეტენზია ჰქონდათ, რომ აივნებს ვამცირებთ. ჩვენ გვინდა, სოლომონ მეფის დროს არსებული კედელი გამოჩნდეს, რასაც აივნები ფარავს. პარაპეტიც მიტომ გაჩნდა [პროექტში], რომ კედელი მაქსიმალურად აქტიური ყოფილიყო. აქტივისტების ჯგუფმა გვითხრა, რომ ქუთაისის საზოგადოება მიჩვეულია ოქროს ჩარდახის ასეთ სახეს და რატომ ჰკიდებთ ამ აივანს ხელსო. მეორე შეხვედრაზე მითხრეს, რატომ არის საერთოდ ეს აივნები, მოიხსნას და გაკეთდეს მხოლოდ კედლები. ვურჩიე, თვითონ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ... [პირველ სართულზე] სივრცე სავალალო მდგომარეობაშია, მას გაურკვეველი პირები საეჭვო დანიშნულებისთვის იყენებენ, დაბინძურებულია. ჩვენი წინადადება იყო, იქ საგამოფენო სივრცე გაკეთებულიყო და ქვის კოლონადების მინაში ჩასმით, დაცული იქნებოდა, თან ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას მივცემდით“, - განაცხადა პროექტის ავტორმა. რაც შეეხება აქტივისტების მოთხოვნას პროექტში ცვლილებების თაობაზე, არქიტექტორი ამბობს, რომ ეს მერიის გადასაწყვეტია და თუ ის ასეთი წინადადებით მიმართავს, შესაძლოა პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.
პიარსამსახურის მეშვეობით ვცადეთ გარკვევა, აპირებს, თუ - არა ქუთაისის მერია არქიტექტორებს პროექტში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართოს. ასევე დავინტერესდით, როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი, ან ხომ არ გეგმავს გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენებას. პიარი დაგვპირდა, რომ კითხვებზე პასუხებს მოგვწერდა. თუმცა მეორე დღეს შეგვატყობინა, რომ პასუხის მისაღებად წერილით უნდა მიგვემართა და ინფორმაცია გამოგვეთხოვა. ვცადეთ დაგვერწმუნებინა, რომ ინფორმაციას კი არ ვითხოვთ, არამედ - კომენტარს. პასუხს დღის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა მერიისგან კომენტარი ვერ მივიღეთ.
ბოლო არშემდგარი ტენდერის შემდეგ, ქუთაისის მერიას ელექტრონული შესყიდვა არ გამოუცხადებია და ხელშეკრულება არც გამარტივებული შესყიდვით გაუფორმებია. ამდენად, ოქროს ჩარდახის ბედი კვლავ გაურკვეველია. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით. ჭიშკარს ბოქლომი ადევს, სახურავის კრამიტის ნაწილი მოხსნილია, ხოლო კრამიტის ქვეშ არსებული თუნუქის სახურავი, ზოგ ადგილას, სავარაუდოდ, დაზიანებულია. აქტივისტები შიშობენ, რომ ამ მდგომარეობაში ძეგლის დიდ ხნით დატოვება მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.