ჰომეოპათი თინა თოფურია პანდემიასთან დაკავშირებით მორიგ ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, პანდემია დასრულდა და „ომიკრონს“ განიხილავს, როგორც ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს. მისივე მტკიცებით, მსოფლიოში „ომიკრონით“ გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

მტკიცება: ჯერჯერობით მსოფლიოში „ომიკრონით“ გარდაცვალება არ აღწერილა. აღწერეს მხოლოდ ომიკრონით დამძიმებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომელთაც ასევე ჰქონდათ ომიკრონი და გარდაცვალების მაჩვენებელიც ამის მიმანიშნებელია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს „ომიკრონით“ გარდაცვალება არ დაფიქსირებულა, არის ყალბი ამბავი. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ასაკოვან მოსახლეობას და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს კორონავირუსით (ყველა შტამის შემთხვევაში) გარდაცვალების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 9 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, მსოფლიოში ვირუსის 130 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინის არსებობის ეპოქაში ვირუსით ნახევარი მილიონი ადამიანის გარდაცვალება საგანგაშო და შემაშფოთებელია. ჯანმოს კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ „ომიკრონს“ აქვს გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები... სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს. ასაკოვანი მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, კვლავ რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად“.

მტკიცება: აბა დაფიქრდით, რას უფრო ჰგავს „ომიკრონი“ კოვიდს თუ ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს? .. ხომ არ არის ეს უფრო მეტად ა ან ბ ტიპის სეზონური ვირუსები?

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი სეზონური გაციებაა [ან გრიპი], სიმართლეს არ შეესაბამება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ ბევრად უფრო საშიში დაავადებაა, ვიდრე ჩვეულებრივი გაციება და არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან. ამასთან, „ომიკრონი“ განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს იმ ქვეყნებში წარმოადგენს, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

„ომიკრონს“ „დელტასთან“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა მითია, რომ „ომიკრონი“ არ იწვევს დაავადების გართულებას ან/და სიკვდილიანობას. „ომიკრონი“ უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება, ამასთან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ იმყოფება არავაქცინირებული ადამიანები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის მოსახლეობა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები.

მტკიცება: ამოვიგდოთ თავიდან თითქოს „ომიკრონი“ კოვიდის გაგრძელებაა და პანდემია არ დასრულებულა. პანდემია დასრულდა.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

არსებობს ვარაუდი, რომ „ომიკრონმა“ შესაძლოა პანდემია დაასრულოს, თუმცა მტკიცება, რომ თითქოს პანდემია დასრულდა, არის ყალბი ამბავი.

ჯანმოს ცნობით, პანდემია მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა, ვირუსი ჯერ კიდევ განიცდის მუტაციას და შესაძლოა COVID-19 ვირუსის ახალი შტამები გამოჩნდეს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2 ვირუსი ენდემური გახდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაქრება, ცალკეულ ტერიტორიებზე ვირუსის ცირკულაცია მუდმივად იქნება, თუმცა გარკვეული პერიოდულობით, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად აფეთქებებს გამოიწვევს. ამისთვის, ადამიანთა საკმარისმა რაოდენობამ უნდა მოიპოვოს იმუნიტეტი ვაქცინაციისა და ბუნებრივი დაინფიცირების გზით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, როდის დასრულდება პანდემია და როდის გახდება COVID-19 ენდემური, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

ჯანმოს წარმომადგენელმა განმარტა, „ჩვენ დავინახეთ, როგორ ხდება ვირუსის განვითარება, მუტაცია, ამიტომ ვიცით, რომ იქნება კიდევ მეტი შტამი, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც, ჯერ პანდემიის დასასრულს არ მივახლოებივართ".

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.