2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა. მოგვიანებით, გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა, 29 მაისს კი ახალი პოლიტიკური პარტიის, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია გამართა.
პარტიის წარდგენამდე და შემდეგ სოციალურ ქსელში გიორგი გახარიასთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის გამოხმაურება გავრცელდა. გამავრცელებლებს შორის არიან პოლიტიკური ფიგურები, ექსპერტები, საინფორმაციო სააგენტოები და ყალბი თუ რეალური Facebook-ანგარიშები. „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ სტატიაში გახარიასთან დაკავშირებული გზავნილებისა და მათი წყაროების მიმოხილვას გთავაზობთ.
გზავნილი #1: გახარიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს
გიორგი გახარიასთან დაკავშირებული პირველი გზავნილი მისი გუნდის, ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან, დაკავშირება იყო. 2021 წლის 27 მაისს, გიორგი გახარიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის წარდგენამდე ორი დღით ადრე, საინფორმაციო სააგენტო Ongo.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით, „გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი, დავით კეზერაშვილი გახდა. საკუთარ [ანონიმურ] წყაროზე დაყრდნობით, Onge.ge აცხადებდა, რომ ორი ექსმინისტრი ერთმანეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალეკო ხოჯევანიშვილის მეშვეობით ურთიერთობენ.
საინფორმაციო სააგენტო Ongo.ge-ის ვებგვერდზე მფლობელისა და გუნდის შესახებ ინფორმაცია განთავსებული არ აქვს. ასევე, მათი საქმიანობის აღწერილობა მისამართი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა, რაც მათ გამოცემას უფრო გამჭვირვალეს გახდიდა. ყველაზე ადრე დათარიღებული სიახლე მათ ვებგვერდზე 2019 წლის სექტემბერში იძებნება. მათი Facebook-გვერდის მიხედვითაც, სააგენტო 2019 წლის სექტემბერში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, სააგენტო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიას შესახებ სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილის მიერ გახარიას დაფინანსების ამბავი იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ და „PosTv“-მ საზოგადოებას მთავარ სიახლედ მიაწოდეს. მათი ერთადერთი წყარო კი Ongo.ge-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია იყო:
გახარიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის - „საქართველოსთვის“ წარდგენის შემდეგ კი, 3 ივნისს, Ongo.ge-მ ახალი სტატია გამოაქვეყნა, სათაურით, „კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის ხარჯები უკვე მილიონს გასცდა - „ONGO წყაროს მტკიცებით, მხოლოდ ყრილობა დავით კეზერაშვილს 150 000 ლარამდე დაუჯდა“.
მსგავსად წინა შემთხვევისა, ამჯერადაც ტელეკომპანია „იმედმა“ და „PosTv“-მ Ongo.ge-ის სტატია იმავე დღეს უცვლელი სახით გამოაქვეყნეს:
Ongo.ge-ის აღნიშნული სტატია კვლავ გაავრცელეს და პინგ-პონგის ტექნიკით იმუშავეს საინფორმაციო სააგენტოებმა - „პრაიმ ტაიმი“, „Pia.ge“, „Lifenews.ge“, „Exclusivenews.ge“, „Newsone.ge“, „Kvira.ge“, „For.ge“, „თვალსაზრისი“.
გზავნილი #2: გახარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს
გარდა კეზერაშვილთან კავშირისა, მთავრობის წევრები, ცალკეული ექსპერტები თუ საინფორმაციო გამოცემები გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან კავშირზეც საუბრობენ. აღნიშნული გზავნილის გავრცელება ჯერ უშუალოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, მედიაში მათი გაძლიერება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული საექსპერტო წრეებისგან გაგრძელდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გახარიასა და სააკაშვილის სავარაუდო საერთო გეგმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობის" გეგმის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით კიევიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლების „აყირავებას“ და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სარფიდან შემოსვლას ისახავდა მიზნად. გეგმის შესასრულებლად 2 დღე იყო საკმარისი. ამავე დროს, კობახიძემ აღნიშნა, რომ გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის სწორედ 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.
სააკაშვილისა და გახარიას კავშირის შესახებ მსგავსი განცხადება მამუკა მდინარაძემაც გააკეთა, რომლის თანახმადაც, გახარია იბრძვის იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს. ანალოგიური პოზიცია ექსპერტმა მამუკა არეშიძემაც გამოხატა. გამოცემა „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან ვარაუდი გამოთქვა, რომ გიორგი გახარიას გადადგომა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს. არეშიძეს დაეთანხმა კიდევ ერთი ანალიტიკოსი, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე, რომელმაც განმარტა, რომ არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური სცენარისა და ამ სცენართან გიორგი გახარიას კავშირის შესახებ საუბრობს, სრულიად ლოგიკურია. კიდევ ერთი ექსპერტის, დავით ქართველიშვილის, განცხადებით კი, გიორგი გახარიას პარტიის „მარჯვენა და „მარცხენა“ კიდურები სააკაშვილთან და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან“.
პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოცემული გზავნილები ტელეკომპანია „იმედმა“ და „PosTv“-მაც გააშუქეს. გარდა ტელევიზიისა, საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით, „სააკაშვილი-გახარიას შეთქმულება - როგორ ამზადებდა გიორგი გახარია მიშას საქართველოში შემოსვლის გეგმას - სარფში ჩასაფრებული გაწბილებული მიშა“.
გზავნილი #3: გახარია ლგბტ საზოგადოებას ფინანსურად ეხმარება
ულტრა-მემარჯვენე პარტია „ქართული მარშის“ თავმჯდომარის მოადგილემ და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, გიორგი გიგაურმა, 31 მაისს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გიორგი გახარიას „რიონის ხეობის გამყიდველ ლგბტ ლობისტს უწოდებს“. გიგაურის თანახმად, 2020 წლის 12 მაისს, პრემიერ გახარიას დავალებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხში გახარიას მრჩეველი, ლელა აქიაშვილი, ლგბტ სოლიდარობის ვიდეო-კონფერენციაში პირადად მონაწილეობდა. გიგაური საქართველოს ისტორიაში პირველ შემთხვევას უწოდებს, როცა საქართველოს მთავრობამ ლგბტ ღონისძიებაში ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული განცხადების მიზანია, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერისთვის გახარიას გუნდის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაც, თავის მხრივ, არალიბერალურ ამომრჩეველში მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება.
ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერა გიორგი გახარიას გუნდის დისკრედიტაციისათვის გამოიყენეს ულტრა-მემარჯვენე და პრორუსული იდეოლოგიის მხარდამჭერმა ტელევიზია „ალტ-ინფომ“ და ლევან ვასაძის პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა ბექა ვარდოსანიძემაც. მათი განცხადებით, გახარიას გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი, ლგბტ აქტივისტია, რომელმაც სტამბოლის კონვენციას მოაწერა ხელი. ამით კი უკვე ნათელია, თუ რა ღირებულებები შეიძლება ჰქონდეს გახარიას პარტიას.
გახარიას ამ კუთხით დისკრედიტაციის მიზანი ჰქონდა საინფორმაციო სააგენტო „TaoNews-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასაც, სათაურით, „გახარიას პრემიერობისას მთავრობამ 2020 წელს ლგბტ პირებს მატერიალური დახმარება გაუწია“. „TaoNews“-ის გენერალური დირექტორი პრორუსული ტელევიზიის, „ობიექტივის, ყოფილი წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძეა.
გახარიასა და „პრაიდკვირეულის“ სავარაუდო კავშირის შესახებ მოსაზრება ასევე დავით ქართველიშვილმაც გამოთქვა. პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთან“ ჩასაფრებულებს მოუწოდა, 1-5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „პრაიდკვირეულის“ მმართველ ხელისუფლებასთან დაკავშირებას თავი დაანებონ. შემდეგ კი განაცხადა, რომ თუ „პრაიდკვირეულის“ უკან გიორგი გახარია დგას, ეს ლიბერალურ ამომრჩეველში მის რეიტინგზე დადებითად იმოქმედებს. ამ სავარაუდო კავშირის შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული ინტერვიუც უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს. „მარშალპრესმა“ 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია, სათაურით, „დგას თუ არა „პრაიდკვირეულის” უკან გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის?” - დავით ქართველიშვილი“.
გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული ანგარიშები Facebook-ზე
გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად არაერთი Facebook-ანგარიშიც მოქმედებს. სტატიის მომზადების პროცესში აქტიური იყო Facebook-გვერდი „მოღალატე გახარია“, რომელიც ამჟამად აღარ იძებნება. აღნიშნული Facebook-გვერდი 2021 წლის 26 მაისს, პარტიის პრეზენტაციამდე 3 დღით ადრე შეიქმნა. გთავაზობთ ამ ინფორმაციის ამსახველ სქრინებს:
მოცემული Facebook-გვერდი გახარიას შესახებ იუმორისტული შინაარსის პოსტებთან ერთად, დიდი ნაწილს მის ნეპოტისტურ ქსელთან კავშირს უთმობდა, რომელიც ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTv“-ის ბოლოდროინდელი სიუჟეტების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა:
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს პროსახელისუფლებო Facebook-გვერდი „რეალობაც“, რომელიც განსხვავებით წინა წლებისა, როცა გახარიასადმი მხარდაჭერას გამოხატავდა, ამჟამად, გახარიას დისკრედიტაციას სხვადასხვა ფორმით ეწევა:
კიდევ ერთი გვერდი - „ტერენტი გლდანელი“, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას დეზინფორმაციის გავრცელებით ეწევა, ამჯერად იუმორისტული შინაარსის მასალებით გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასაც ეხმაურება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 6 ივნისს აღნიშნულმა ანგარიშმა და გვერდმა „მოღალატე გახარია“ იდენტური შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც გახარიასა და მისი თანაგუნდელის, კახა ქემოკლიძის, მანერულ მსგავსებას შეეხებოდა:
გახარიას მადისკრედიტირებელი ვიდეოები გამოაქვეყნა პროსახელისუფლებო Facebook-გვერდმა „შუბლის ძარღვ გაწყვეტილები“. აღნიშნული ვიდეოების შინაარსი ემთხვევა სახელისუფლებო გზავნილებს, რომ გახარიამ „ქართულ ოცნებას“ უღალატა და ის სააკაშვილის თამაშს თამაშობს:
პროსახელისუფლებო ანგარიშებიდან აღსანიშნავია გვერდები - საინფორმაციო ბლოგი, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishili და Bidzina Ivanishvili for Georgia, რომლებიც, ჩვეულებრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სამთავრობო ექსპერტების პოზიციებს აქვეყნებენ. მათი ყურადღების ქვეშ მოექცა გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული განცხადებებიც, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლებმა და სახელისუფლებო ექსპერტებმა გაავრცელეს:
გახარიასა და მისი გუნდის შესახებ სარკასტული და იუმორისტული შინაარსის პოსტებს ავრცელებენ ოპოზიციური Facebook-გვერდებიც, რომლებიც ხშირად ერთნაირი შინაარსის მასალას აზიარებენ: ლურჯი ვირი, ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, Annual events ყოველწლიური მოვლენები, როდის მიდის? როდის მოდის?
გიორგი გახარიას მხარდამჭერი ანგარიშები Facebook-ზე
Facebook-ზე გიორგი გახარიას ღიად მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა პარტიის წარდგენამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და ახლაც გრძელდება. მაგალითად: გიორგი გახარია. "საქართველოსთვის", გახარია & ახალი პარტია საქართველოსთვის, საქართველოსთვის🇬🇪ხალხის გუნდი ✊🇬🇪❤️, გახარიას პარტიის მხარდამჭერები, მე ვირჩევ გახარიას - საქართველოსთვის, საქართველოსთვის გიორგი გახარია, საქართველოსთვის გიორგი გახარია, გახარია ჩემი არჩევანია! ჩვენი მხარდაჭერა გახარიას ! აღნიშნული ჯგუფები საჯაროა და მათი ადმინისტრატორები რეალური ადამიანები არიან.
გიორგი გახარიას მხარდამჭერი Facebook-გვერდების უმეტესობა 2021 წლის 23-29 მარტის შუალედში შეიქმნა: გახარია news, გახარია გიორგი, გახარია & მედია, გიორგი გახარია&ახალი პოლიტიკური ძალა, გიორგი გახარია. Facebook-გვერდი - გახარია გმირია და გახარია "საქართველოსთვის" - პარტიის პრეზენტაციის წინა და მომდევნო დღეებში შეიქმნა. გახარიას მხარდამჭერი გვერდებიდან აღსანიშნავია ისეთი ანგარიშები, რომლებიც სოციალურ ქსელში სხვა სახელით დარეგისტრირდნენ, მოგვიანებით კი - სახელი შეიცვალეს. ასეთებია:
გახარია - მესამე ძალა - გვერდი 2018 წელს შეიქმნა, სახელით - „მათემატიკა“, 2021 წლის 19 თებერვლამდე კი სახელი 3-ჯერ შეიცვალა, ყველა მათგანი მათემატიკასთან იყო დაკავშირებული. 2021 წლის 19 თებერვალს გვერდი „გახარია - მესამე ძალად“ გადაკეთდა.
გიორგი გახარია - გვერდი 2020 წლის იანვარს შეიქმნა, სახელით - „მტრედი“. თებერვალში სახელი შეიცვალა და გახდა „შვიდი • Seven“. 2021 წლის 22 თებერვალს კი „გიორგი გახარიად“ გადაკეთდა.
გახარია - პოლიტიკა - გვერდი 2020 წლის აპრილში შეიქმნა, სახელით - „Ufalia Chemi cxovreba“, მალევე გადაკეთდა „საქართველო დედა ეკლესიად“, 2021 წლის 24 მარტს კი მისი სახელი „გახარია-პოლიტიკა“ გახდა.
Gakharia & Media - გვერდი 2011 წლის ოქტომბერს შეიქმნა, სახელით - „Bidzina Ivanishvili & Media“. 10 წლის მანძილზე გვერდი ამ სახელით ფუნქციონირებდა. 2021 წლის 23 მარტს „Gakharia & Media“-დ გადაკეთდა.