სოზარ სუბარი: 400 ადამიანია დაჭერილი, ასი ადამიანის დაჭერა იგეგმება [აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით]
ვერდიქტი: „ფაქტ მეტრის“ დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: მიუხედავად იმისა, რომ სოზარ სუბარის მიერ მოყვანილი ფაქტები მეტწილად შეესაბამება სიმართლეს, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის/მოვლენებისა და კაპიტოლიუმის შტურმის ერთ კონტექსტში განხილვა, მოცემულ შემთხვევაში, მანიპულირებას წარმოადგენს.
კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით დამდგარ თუ არდამდგარ სამართლებრივ პასუხისმგებლობებზე საუბარი, „გავრილოვის ღამის“ მოვლენების პარალელურად, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს ორი შემთხვევა ერთნაირი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამით განცხადების ავტორი ცდილობს, მიგვანიშნოს, რომ ორივე მოვლენას მსგავსი სამართლებრივი შედეგები (პასუხისმგებლობები) უნდა მოჰყოლოდა, როგორც სამართალდამცველებთან, ისე დემონსტრანტებთან მიმართებით.
სინამდვილეში, 20-21 ივნისის აქცია/მოვლენები აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - როგორც ფორმით, მასშტაბითა და დამდგარი ზიანით, ისე მიზნითა და გამომწვევი მიზეზებით.
ანალიზი
27 აპრილს, POSTV-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ მმართველი გუნდის წარმომადგენელი სოზარ სუბარი ამნისტიის კანონპროექტის თემას შეეხო, რომლის მიღებასაც ხელისუფლება აპირებს. 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე საუბრისას, გადაცემის წამყვანმა სუბარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე იანვარში განხორციელებულ შტურმზეც ჰკითხა, რაზეც დეპუტატმა უპასუხა:
„400 ადამიანი არის დაჭერილი, ასი ადამიანის დაჭერა იგეგმება [აშშ კაპიტოლიუმის შტურმი] და ბრალი აქვს წარდგენილი, ხოლო პოლიციელი, რომელმაც პირდაპირ ეთერში დამიზნებით მოკლა შტურმის მონაწილე ქალი, რომელიც შეიჭრა კაპიტოლიუმში, მოსამართლემ, უბრალოდ, არც კი განიხილა ამ ადამიანის საქმე. თქვა, რომ მე მას არ განვიხილავ, იმიტომ რომ კაცს კანონი არ დაურღვევია და რა უნდა განვიხილო, როდესაც ეს ადამიანი იცავდა კანონს და იცავდა სახელმწიფოს“.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სოზარ სუბარის მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები (სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი) კაპიტოლიუმში მიმდინარე წლის 6 იანვარს შეიჭრნენ. მათი მიზანი კონგრესისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დადასტურებასა და ჯო ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადებაში ხელის შეშლა იყო. კაპიტოლიუმში შეჭრას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მოწოდება მხარდაჭერებისადმი, ხელი შეეშალათ ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებულად ცნობაში.
პროტესტის მონაწილეებს შორის სხვადასხა სახის იარაღით აღჭურვილი ადამიანებიც იყვნენ. დემონსტრანტებმა ჯერ პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს, რა დროსაც მათ წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული, შემდეგ კი მალევე შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში. საჭირო გახდა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ევაკუაცია და შენობის „ლოქდაუნი“. დემონსტრანტებმა დაიკავეს სენატის პალატა, კორიდორები, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის, კაბინეტი და ა.შ.; დაამტვრიეს ფანჯრები და სხვადასხვა ინვენტარი. კაპიტოლიუმში არჩევნების შედეგების ცნობის პროცესის აღდგენას შტურმიდან 6-ზე მეტი საათი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის მდგომარეობით, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შედეგად მიყენებულმა ზიანმა და უსაფრთხოების ხარჯებმა 30 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და ნავარაუდევია, რომ რიცხვი კვლავ გაიზრდება.
ამ დროისთვის [1], კაპიტოლიუმზე შტურმთან დაკავშირებით 430-ზე მეტი ადამიანია ბრალდებული. გასულ თვეში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურორები კიდევ, სულ მცირე, 100 პირის დაკავებას ელოდებიან.
შტურმის დროს და მის შედეგად პოლიციის 140 ოფიცერი დაშავდა, 5 ადამიანი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, პოლიციელი, დემონსტრანტების მხრიდან ცემის შედეგად დაიღუპა. 3 ადამიანი არეულობის დროს გარდაიცვალა. რაც შეეხება მეხუთე პირს, ის პოლიციელის ნასროლ ტყვიას შეეწირა.
ომის ვეტერანი, 35 წლის ეშლი ბაბიტი, კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების მიერ ჩამტვრეული ფანჯრიდან წარმომადგენელთა პალატისკენ მიმავალ დერეფანში გადასვლას ცდილობდა მაშინ, როცა პალატის წევრების ევაკუაცია მიმდინარეობდა. კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერმა ბაბიტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მარცხენა მხარში ესროლა. დაჭრილი ვაშინგტონის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა პოლიციის ოფიცერმა ფედერალური კანონი, ეშლი ბაბიტის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო. კანონდარღვევის დასადგენად, პროკურორებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაემტკიცებინათ, რომ ოფიცერმა არამართლზომიერი ძალა გამოიყენა და დემონსტრანტის სიცოცხლე განზრახ ხელყო.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მოცემულ საქმეში, გამოძიებამ ვერ გამოავლინა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იმ დროს, როდესაც ოფიცერმა ეშლი ბაბიტს ესროლა, ის არ მოქმედებდა თავდაცვის, კონგრესის წევრებისა და სხვა, ევაკუირების პროცესში მყოფი პირების დასაცავად. შესაბამისად, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დახურა.
მიუხედავად იმისა, რომ სოზარ სუბარის მიერ მოყვანილი ფაქტები, მეტწილად შეესაბამება სიმართლეს, 20-21 ივნისის მოვლენებისა და კაპიტოლიუმის შტურმის ერთ კონტექსტში განხილვა, მანიპულირებას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარს 20 ივნისის დემონსტრაციასა [მისი განმარტებით, „20 ივნისის შტურმი პარლამენტზე“] და კაპიტოლიუმის შტურმს შორის პარალელი აქამდეც გაუვლია და მათ თვისობრივად ერთნაირი მოვლენები უწოდა. თუმცა, მსგავსი შეფასება საფუძვლებს მოკლებულია არაერთი ფაქტობრივი გარემოების გამო.
უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას ორივე მოვლენის გამომწვევ ძირითად მიზეზსა და მიზანს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტოლიუმში შეჭრის მიზანი კონგრესისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დადასტურებაში ხელის შეშლა იყო, რასაც წინ დონალდ ტრამპის ბრალდებები უძვოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის მიზეზი კი რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტში ყოფნა და სპიკერის ადგილის დაკავება გახდა, რუსული ოკუპაციის პარალელურად.
კაპიტოლიუმთან გამართული დემონსტრაცია ძალადობრივი ფორმის იყო იმდენად, რამდენადაც დემონსტრანტებმა ჯერ პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს, შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, დააზიანეს და გაანადგურეს სხვადასხვა ინვენტარი, სკულპტურები და შენობის ნაწილები. დემონსტრანტთა ნაწილი სხვადასხა სახის იარაღით იყო აღჭურვილი. შტურმის გამო, საჭირო გახდა კონგრესის წევრთა ევაკუაცია, რადგან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მყისიერი საფრთხე შეექმნა. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცრებს დავალებული ჰქონდათ, არ გამოეყენებინათ მძიმე, არალეტალური [ასევე, ცნობილი, როგორც ნაკლებად ლეტალური] საბრძოლო შეიარაღება თავდასხმის მოსაგერიებლად, რამდენადაც ასეთ იარაღს სიცოცხლისთვის საშიში, ან მომაკვდინებელი ზიანის მიყენება შეუძლია.
რაც შეეხება 20 ივნისის საპროტესტო აქციას, პროტესტი მიმდინარეობდა მშვიდობიანად, სანამ მონაწილეთაგან ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალით სცადა პარლამენტში შეღწევა. საბოლოოდ, პარლამენტის შენობაში არცერთი დემონსტრანტი არ შეჭრილა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. კერძოდ, ისინი მყისიერი საფრთხის არარსებობის პირობებშიც კი, ადამიანებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ (იხ. ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).
შესაბამისად, განცხადების ავტორი ორ თვისობრივად სხვადასხვა პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას და მოვლენების შემდგომ სამართლებრივ განვითარებას ერთმანეთს ადარებს. ამგვარი შედარებით სოზარ სუბარს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მისი განცხადება არის მანიპულირება.