ელენე ხოშტარია: ბრალდების აღწერაში წერია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი გამიზნულად ესვრის და აზიანებს ორ დემონსტრანტს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: პროკურატურის მიერ 2019 წლის 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ არ წერია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი გამიზნულად ესვრის და აზიანებს ორ დემონსტრანტს, თუმცა აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები აქციის ორ მონაწილეს მიაყენა.
გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი აქციის 2 მონაწილეს ახლო მანძილიდან დამიზნებით ესვრის და მათ დაზიანებებს აყენებს.
ანალიზი
21 აპრილს „ტვ პირველის“ ეთერში პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტზე ისაუბრა. მან აქცენტი შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებულ ამნისტიაზე გააკეთა, რომელმაც ბოლო დღეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„მე გუშინ მოვისმინე ბატონი გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ ამნისტიაში მოიაზრება მხოლოდ 3 პოლიციელი...ჩავხედე, რა საქმეებზე არის საუბარი. ეს არის 333-ე მუხლი - უფლებამოსილების გადამეტება, როდესაც გავეცანი საქმეს, ეს არის 16 ივლისს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ბრალდება, ბრალდების აღწერაში წერია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი გამიზნულად ესვრის და აზიანებს ორ დემონსტრანტს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, ელენე ხოშტარიას განცხადება, ერთ-ერთი პოლიციელის ბრალდებასთან დაკავშირებით, სიმართლეს რამდენად შეესაბამება.
შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს. შეთანხმების ტექსტი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე რეაგირებასაც ითვალისწინებს.
საუბარია იმაზე, რომ ხელმომწერებმა დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე რეაგირება ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით უნდა მოახდინონ, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. ტექსტში საუბარია ამნისტიის კანონზე, რომელიც შეთანხმებიდან 1 კვირის ვადაში უნდა დაინიცირდეს პარლამენტში და რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელების საკითხს საზოგადოების ნაწილიდან კრიტიკა მოჰყვა.
მოძრაობა „სირცხვილიამ“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა, თუმცა მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს იმ დანაშაულებზე, რომლებიც 2019 წლის 19-20 ივნისს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საჯარო მოხელეების მიერ არის ჩადენილი. შეთანხმების აღნიშნულ ნაწილს აქციებზე დაზარალებულთა ნაწილიც აპროტესტებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. როგორც ორგანიზაციამ განმარტა, დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.
ამავდროულად, ოპოზიციის რიგებიდან განმარტავენ, რომ არავინ აპირებს ინდულგენციის გაცემას მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პოლიციელისთვის; და რომ თვალების დათხრა არის არაადამიანური მოპყრობის მუხლი, ამ მუხლს კონვენცია იცავს და მასზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება.
რაც შეეხება განმარტებებს ხელისუფლების რიგებიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა ამნისტია ყველაზე და ყველაფერზე გავრცელდება.
3 პოლიციელის საქმე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეთანხმების ტექსტში წერია, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ტექსტში აღნიშნული არაა, ვინ შეიძლება იყოს გამონაკლისი მოცემული ამნისტიიდან, შესაბამისად, ეს საკითხი გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
შეთანხმების შემდეგ საუბარი 3 პოლიციელზე დაიწყო, რომელთაც შესაძლოა, ასევე, შეეხოს ამნისტია. როგორც ცნობილია, 20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, 3 პოლიციელს წარედგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.
ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის ბრალის წარდგენის შესახებ პროკურატურამ განცხადება 2019 წლის 16 ივლისს გაავრცელა (რომელზეც ელენე ხოშტარია საუბრობს). განცხადების თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები აქციის ორ მონაწილეს მიაყენა.
გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი აქციის 2 მონაწილეს ახლო მანძილიდან დამიზნებით ესვრის და მათ დაზიანებებს აყენებს.
რაც შეეხება დანარჩენ 2 პოლიციელს, მათი ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკურად ძალადობაში გამოიხატა (ბმული 1; ბმული 2).
ამნისტიის თავსებადობა საერთაშორისო სტანდარტებთან
მას შემდეგ, რაც შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ გახდა ცნობილი, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და საიამ განმარტეს, რომ აქციისას სამართალდამცველების მხრიდან დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევას იწვევს, შესაბამისად, მასზე ამნისტია არ უნდა იქნეს გავრცელებული.
„2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის დაშლა აქციაზე მყოფი პირების უფლებების მასშტაბურ დარღვევაში გადაიზარდა. დაზარალებულთა მიმართ გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, აქტიური სპეციალური საშუალებების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებული პრობლემები, და გამოძიების არაეფექტიანობა, თავისი არსით, იწვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტის დარღვევას“ ,- საია.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3 პოლიციელს, რომელთაც შესაძლოა ამნისტია შეეხოს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აქვთ წარდგენილი (რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით) და არა წამებისთვის (მუხლი 14411), დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლი 14433).
ეს კი აჩენს კითხვებს, საერთოდ შეადგენს, თუ - არა ასეთი სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს, იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, თუ - არა, კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება საკითხს, შეიძლება, თუ - არა დემონსტრაციის დაშლისას გამოყენებულმა უკანონო და არაპროპორციულმა ძალამ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა გამოიწვიოს, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ამაზე პასუხს იძლევა.
გადაწყვეტილებაში „აბდულა იასა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა. საქმის გარემოებების თანახმად, თურქეთში დემონსტრაციებისას (რომელიც არ იყო მშვიდობიანი) სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს მომჩივანს ცრემლსადენი გაზის ჭურვით ცხვირი დაუზიანდა.
სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერებით ნათლად ვერ იქნა დადგენილი, როგორ მოხდა ჭურვის გასროლა, მიღებული შედეგისა და დაზიანებების გათვალისწინებით, გასროლა მოხდა პირდაპირ, და არა ჰაერში, რითიც პოლიციელმა დაარღვია ცრემლსადენი გაზის გამოყენების წესი.
დასკვნისთვის, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ეროვნულ დონეზე მინიჭებული სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციისა, სამართალდამცველის მხრიდან დემონსტრაციების დაშლისას ძალის გადამეტება, რასაც პირის დაზიანება მოჰყვება, შესაძლოა იწვევდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. აღნიშნული მუხლის დარღვევა, თავის მხრივ, დამრღვევზე ამნისტიის გავრცელებას დაუშვებელს ხდის.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას განცხადებას, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით არის მეტწილად სიმართლე. პროკურატურის მიერ 2019 წლის 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ არ წერია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი გამიზნულად ესვრის და აზიანებს ორ დემონსტრანტს, თუმცა ამის ამსახველი ვიდეო განცხადებას თან ერთვის.
გარდა ამისა, როგორც ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, კერძოდ, სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი დაარღვია და ჯანმრთელობის დაზიანებები აქციის ორ მონაწილეს მიაყენა.