ლელა სურმანიძე: ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამა გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს საშუალო შემოსავალი და შეუძლია, წლების განმავლობაში იხადოს ამ ბინების ღირებულება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ლელა სურმანიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ არის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც მუნიციპალიტეტი აპლიკანტ ოჯახს გადასცემს, განსაზღვრულ პერიოდში (15 წელი) ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვისა და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ „იაფი სახლის“ ანუ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დააანონსა. ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას იმ კრიტერიუმების შერჩევა წარმოადგენდა, რომლის დაკმაყოფილებაც პოტენციურ ბენეფიციარებს მოუწევდათ. პროექტის ბენეფიციარებად კი სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოიაზრებოდნენ. „ბათუმელების“ მიერ 2014 წელს გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი იმ ოჯახებზე იქნებოდა გათვლილი, რომლებიც ბათუმში 5-7 წელი ცხოვრობენ და საცხოვრებელი სახლი არ აქვთ. თუმცა კრიტერიუმებზე მუშაობა იმ პერიოდში დაწყებული არ იყო.
„იაფი სახლის“ პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. თუმცა, წლების განმავლობაში, პროექტის შინაარსი შეიცვალა და თუ დასაწყისში მოიაზრებოდა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ნამდვილად ხელმისაწვდომი იქნებოდა, საბოლოოდ, მერიის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით, ეს გამოირიცხა.
ამ ეტაპზე ბათუმში ოთხი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დასრულებული და განცხადებების მიღება-გადარჩევა მიმდინარეობს. ბინებით დაკმაყოფილდება ოთხმოცი აპლიკანტი ოჯახი, რომლებიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
დოკუმენტი, რომელიც კრიტერიუმებს განსაზღვრავს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადდა. სამიზნე ჯგუფად განსაზღვრულია მოსახლეობის ის კატეგორია, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ საშუალო ფენად ვერ ჩამოყალიბდა. კრიტერიუმები 2019 წლის თებერვალში დამტკიცდა.
საკრებულოს მიერ დამტკიცებულ განკარგულებაში წერია, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობა არ შეუძლია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც სახელმწიფოს მიერ დადგენილია საარსებო შემწეობის გაცემა. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს: ოჯახი, რომლის შემოსავალიც საცხოვრისის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას შეადგენს. აუცილებელი პირობაა, რომ აპლიკანტი ოჯახის ერთ წევრს მაინც ბათუმში რეგისტრაცია ჰქონდეს.
ხელმისაწვდომ საცხოვრისს კი არაერთი სოციალურად დაუცველი ითხოვს. მათი რაოდენობა იზრდება, საცხოვრებელი პირობები არ უმჯობესდება და თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემა. ისინი მერიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიღმა დარჩნენ.
იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მიმართ თავდაპირველი მოლოდინები აცდენილია იმ რეალობას, რომელიც კრიტერიუმების გამოქვეყნების შემდეგ დადგა, მიუხედავად განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივად ზუსტი მონაცემებისა, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი: ლელა სურმანიძემ, ბათუმის მერის მოადგილემ, განაცხადა: „ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამა გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს საშუალო შემოსავალი და შეუძლია, წლების განმავლობაში იხადოს ამ ბინების ღირებულება. ამ პროგრამის ბენეფიციარები არ არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. აუცილებელი პირობაა ბათუმში რეგისტრაცია“.
დოკუმენტი, რომელიც კრიტერიუმებს განსაზღვრავს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადდა. მასში აღნიშნულია, რომ პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ სტაბილურ საშუალო ფენად ვერ ჩამოყალიბდა, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეძლოს, როგორიცაა ადეკვატური საცხოვრებლით სარგებლობა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობა არ შეუძლია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც სახელმწიფოს მიერ დადგენილია საარსებო შემწეობის გაცემა. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს: ოჯახი, რომლის შემოსავალიც საცხოვრისის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას შეადგენს;
ოჯახის საერთო შემოსავალი არ აღმატება 1-სულიანისთვის - 1 200 ლარს, 2-სულიანისთვის - 1 800 ლარს, 3-სულიანისთვის - 2 400 ლარს და 4 და მეტსულიანი ოჯახისთვის - 3 000 ლარს; თუ ოჯახი ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს. აუცილებელი პირობაა, რომ აპლიკანტი ოჯახის ერთ წევრს მაინც ბათუმში რეგისტრაცია ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს თავად მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე აცხადებდა, რომ პროგრამის ბენეფიციარ ოჯახს საცხოვრისის ყოველთვიური შესატანის ორმაგი ოდენობის შემოსავალი უნდა ჰქონოდა. გადასახადიც გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო.
თუმცა თავდაპირველად პროექტის შინაარსი უკვე არსებულისგან განსხვავდებოდა. „ბათუმელების“ მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პროექტით იმ უსახლკარო ოჯახებს უნდა ესარგებლათ, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და ბათუმში 5-7 წელი ცხოვრობენ. იმ დროისთვის, როგორც გამოცემა მიუთითებს, ასეთი ოჯახების რაოდენობა 1 700-ს აღწევდა.
პროექტის შესახებ კრიტიკულ დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც აკეთებს, კერძოდ, 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „იაფი სახლის“ პროექტის განხორციელებას საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ფასად შესყიდვის საშუალება უნდა მიეცა, მაგრამ ღონისძიებების განხორციელება სამიზნე ჯგუფებზე კონკრეტული კვლევების ჩატარების გარეშე დაიწყო. ამასთანავე, არ არ იყო განსაზღვრული კრიტერიუმები.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ხელმისაწვდომ საცხოვრისს მრავალი წელი ელოდებოდა, თუმცა 2020 წელს დადგენილმა კრიტერიუმებმა მათ იმედი გაუცრუა. პროექტის შინაარსის ცვლილებასთან დაკავშირებით, პროტესტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ადრეც ჰქონდა. მაგალითად: 2016 წელს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ თვითმმართველობა ისეთი კრიტერიუმების დადგენას აპირებდა, რომლითაც მათ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროექტით სარგებლობის შანსს ართმევდა.
საინტერესოა, რომ „იაფი სახლის“ იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროექტთან ბათუმის მერიის ის თანამდებობის პირები იყვნენ დაკავშირებული, რომლებიც 2019 წელს დააკავეს, მათ შორის, ქალაქის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვიც, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეში სწორედ „იაფი სახლის“ პროექტთან მიმართებით განხორციელებული შესყიდვები ფიგურირებდა. სწორედ ერმაკოვის დროს მოხდა შემთხვევა, როცა ტენდერში გამარჯვებულ შპს „კონვენტ ჯორჯიას“ მერიამ ავანსად 2 მლნ ლარამდე გადაურიცხა, თუმცა კომპანიამ პროექტი მიატოვა და „გაუჩინარდა“. ამ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
2016 წელს, როცა „ფაქტ-მეტრმა“ „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, არაერთ ჩართულ მხარეს ვესაუბრეთ. იმდროინდელი საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი კობა ჩხეიძე, რომელიც აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ავტორი და კომისიის წევრი იყო, მედიასთან აცხადებდა, რომ მერიამ პროექტის შინაარსი და კრიტერიუმები რამდენჯერმე შეცვალა და ამით საცხოვრისების მშენებლობის დროულად დაწყება შეაფერხა.
საბოლოოდ, 2015 წელს დაწყებული მშენებლობა მალევე შეჩერდა და მხოლოდ 2018 წელს გაგრძელდა. 2020 წლის დასაწყისში კი ქალაქის კიდევ ერთმა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ ბრძანება გამოსცა, რომლითაც აღმასრულებელ ორგანოს პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევისა და მათთვის ბინების გადაცემის თანხმობა მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერ კიდევ წლების წინ აცხადებდნენ, რომ პროექტმა სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას ცრუ მოლოდინები შეუქმნა და ეს სიახლე უსახლკაროების პრობლემას ვერ მოაგვარებდა. ამავე ორგანიზაციის აზრით, პროექტის დაწყებამდე მერიას უნდა განესაზღვრა, ვისთვის აპირებდა ბინების მშენებლობას, სოციალურად დაუცველებისთვის, თუ დასაქმებული ადამიანებისთვის. ამავეს აცხადებდა იმდროინდელი საკრებულოს ოპოზიციური ნაწილიც. ისინი შესაძლო კორუფციის რისკებზე მიუთითებდნენ და ეჭვობდნენ, რომ შეჭირვებული ოჯახებისთვის მერია არასწორ მოლოდინს ქმნიდა.
სოციალურად დაუცველები, რომელთა შორის შემწეობის მიმღები ოჯახებიც არიან, ასევე - შშმ პირები, მრავალშვილიანი ან/და მარტოხელა მშობლები და ძალადობის მსხვერპლი ქალები არასრულწლოვან შვილებთან ერთად, წლებია, რაც ხელმისაწვდომ საცხოვრისზე ოცნებობენ. მათი რიცხვი მზარდია. თვითმმართველობას კი, უფრო მეტიც, სახელმწიფოს, უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. უსახლკაროთა ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს. ეს ფრაგმენტულობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ახასიათებს. „ფაქტ-მეტრმა“ უსახლკაროების თემაზე არაერთხელ იმუშავა, ბოლოს სტატია 2021 წლის იანვარში გამოვაქვეყნეთ. მაშინ ბათუმის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ, რამდენი უსახლკარო ჰყავს რეგისტრირებული და რა კრიტერიუმებით ხდება მათი რეგისტრაცია. ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.
სწორედ ის მოქალაქეები, რომლებსაც „იაფი სახლის“ პროექტმა ცრუ მოლოდინები შეუქმნა და რომლებიც თავს უსახლკაროებად მიიჩნევენ, მერიის მიერ აშენებულ „ხელმისაწვდომ საცხოვრისში“ რამდენჯერმე შეიჭრნენ და საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვდნენ. მათ ტერიტორია სამართალდამცავებმა დაატოვებინეს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ოთხმოცი ბინა. მსურველთა რაოდენობა კი რამდენიმე ათასს აღწევს. საინტერესოა, რომ ბათუმის მერია არაერთ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს საცხოვრისის ქირას სარეზერვო ფონდიდან უხდის და ეს წლების განმავლობაში ხდება. საზოგადოების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, ეს ფაქტორიც გათვალისწინებული იქნებოდა.
სოციალური დაუცველების საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლება, რომ ჰქონდეთ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საცხოვრებელი გარემო, კვლავ მიუღწეველია. სახელმწიფომ ვერც საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რისი ვალდებულებაც ჰქონდა.
ფაქტია, რომ ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროექტის ფარგლებში რამდნიმე კორპუსი ააშენა და კრიტერიუმებიც განსაზღვრა, თუმცა სოციალურად განსაკუთრებულად შეჭირვებულ ოჯახებზე ეს ბინები გათვლილი არ არის და მათთვის ხელმიუწვდომელია. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მიმართ თავდაპირველი მოლოდინები აცდენილია იმ რეალობას, რომელიც კრიტერიუმების გამოქვეყნების შემდეგ დადგა, მიუხედავად განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივად ზუსტი მონაცემებისა, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ფოტო:batumelebi.netgazeti.ge