„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის შეჩერება გააპროტესტა. კირთაძემ განაცხადა: „ეს არის 2014 წლის ბიუჯეტი, რომელშიც მერიამ დააანონსა, რომ „იაფ სახლს“ აშენებდა, დაამთავრებდა წლის ბოლომდე და ხალხი იცხოვრებდა. 2014 წელს დამტკიცებულ 2015 წლის ბიუჯეტში მერია კიდევ ერთხელ დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე დაასრულებდა. 2015 წლის ბოლოს კიდევ ერთი ცვლილება შეიტანეს და 2016 წლის ბიუჯეტშიც ჩაწერეს, რომ დაასრულებდნენ სახლის მშენებლობას. ეს ნიშნავს, რომ აქ წლის ბოლომდე უნდა აშენდეს ოთხი კორპუსი. საკრებულოს ამ დრომდე არ დაუდგენია კრიტერიუმები, ვისთვის შენდება საერთოდ ეს სახლი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014 წლის ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომ 2013 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა და მასში მუნიციპალური პროგრამა - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ შეიტანა, სახელწოდებით - „იაფი სახლი - სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“. ამ პროგრამის ფარგლებში 2 მილიონ 500 ათასი ლარი ე.წ. „იაფი სახლის“ ასაშენებლად გამოიყო.ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულებიდან ირკვევა, რომ ეს თანხა საერთოდ არ გახარჯულა. 2014 წლის ნოემბერში ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მედიასთან აცხადებდა, რომ „იაფი სახლის“ პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ და მომდევნო წლის ბოლოს მშენებლობა დასრულდებოდა, მაგრამ სახლი არა ჯავახიშვილის ქუჩაზე, არამედ ისეთ ადგილას აშენდებოდა, რომ გზა, ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი ყოფილიყო. 2015 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში იმავე სახელით და იმავე რაოდენობის თანხით ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა კიდევ ერთხელ გაითვალისწინეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ქვეპროგრამა არ დაფინანსებულა. ბიუჯეტის შესრულებისდოკუმენტში წერია, რომ პირველი ელექტრონული ტენდერი აღნიშნულ პროექტზე ვერ შედგა, ხოლო მეორე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 15 დეკემბერს გაფორმდა და ქვეპროგრამის დაფინანსება საანგარიშო პერიოდში ვეღარ მოესწრო.
2016 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტი სხვა სახელით - „საცხოვრებელი სახლების მშენებლობა“ შევიდა და მისი დაფინანსება ამჯერად 2 მილიონ 774 ათას 300 ლარით განისაზღვრა.ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კობა ჩხაიძე გაზეთ „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ მათ („თავისუფალმა დემოკრატებმა“) „იაფი სახლის“ პროექტზე მუშაობა 2012 წელს დაიწყეს და ის სოციალურად დაუცველებზე იყო გათვლილი. მერიამ კი პროექტის თავდაპირველი ჩანაფიქრი შეცვალა, ბარაკების კომპენსაციისა და „იაფი სახლის“ პროექტების გაერთიანება განიზრახა და ობიექტს სხვა სტატუსი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტში პროექტის დასრულების თარიღად 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული, ხოლო 2016 წელს პროექტის მიმდინარეობის პერიოდად 2016-2019 წლები განისაზღვრა, თუმცა პროგრამის განაცხადის ფორმაში 2016 წლის შუალედურ მოსალოდნელ შედეგად წერია: „დასრულებულია საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ბინები მომზადებულია შემდგომი განკარგვისთვის“.
„25-ე არხთან“ მშენებლობის შეჩერების მიზეზებზე საუბრისას გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს უნდა გაევლო, რაც მერიამ თავის დროზე ვერ გათვალა. ამ ინფორმაციას მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ხინთიბიძეც ადასტურებს და მშენებლობის შეჩერების მიზეზად 6.35 კილოვატიანი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას ასახელებს. ის აცხადებს, რომ ამ ხაზების გაყვანა მიმდინარე წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
ფაქტ-მეტრი „თავისუფალ დემოკრატებსაც“ დაუკავშირდა. ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და 69-ე ოლქში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე - კობა ჩხეიძემ ჩვენთან საუბარშიც აღნიშნა, რომ თავად იდეის შინაარსიც კი გარდაიქმნა. მისი თქმით, ეს პროექტი თავდაპირველი სახით მიზნად ისახავდა სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრისის შექმნას, თუმცა შემდგომში შეიცვალა და იაფი სახლის სახე მიიღო. იმის ნაცვლად, რომ მერიას აეშენებინა სახლები სოციალურად დაუცველებისთვის, მან დაიწყო ფიქრი დაბალშემოსავლიან ოჯახებზე, რომლებსაც ასეთი სახლების გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებოდათ და სოციალურად დაუცველებმა მერიის ამ პროექტით სარგებლობის შანსი დაკარგეს. ჩხეიძე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე ხარვეზი გამოიკვეთა და ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი კორუფციის ნიშნებსაც შეიცავდა. მისი თქმით, შეიცვალა შენობის პროექტიც, რომელზეც შვეიცარიის სააგენტოსთან ერთად მუშაობდნენ და ტენდერი სრულიად სხვა პროექტზე გამოცხადდა. იგი აცხადებს, რომ ეს ახალი პროექტი ერთ კონკრეტულ კომპანიაზე იყო მორგებული და კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებულ ეჭვებს სწორედ ეს აჩენდა.
ამ საკითხზე გაზეთ „ბათუმელებს“ მოკვლევაც აქვს ჩატარებული. როგორც სტატიიდან ირკვევა, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ-ერთი კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციას ემთხვეოდა. მეტიც, სატენდერო დოკუმენტაციაში გამოყენებული იყო ამ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სურათებიც.
კობა ჩხეიძე იყო იმ კომისიის წევრიც, რომელიც ამ პროექტით მოსარგებლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობდა. მისი თქმით, ეს კრიტერიუმები მართლაც არ არსებობს, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ რეკომენდაციაა და საკრებულოს ის ჯერ არ დაუმტკიცებია.
კრიტერიუმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს ნათია ზოიძესაც. ერთი მხრივ, ის თავად პროექტს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც სახლს არ ექნება ლიფტი და შშმ პირმა აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იცხოვროს. მეორე მხრივ, ნათა ზოიძე კითხვის ნიშნის ქვეშ თავად კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი კომისიის კომპეტენციას აყენებს. „კომისიის წევრების უმრავლესობას სოციალური სახლის მშენებლობასთან კი არა, საერთოდ, სახლის აშენებასთან შეხება არ ჰქონია; კომისიაში სოციალური სფეროს წარმომადგენლები თითქმის არ არიან, მას ტენდერის გამოცხადებამდე რომ ემუშავა, ცხადია, ურბანისტებისა და არქიტექტორების ყოფნასაც აზრი ექნებოდა. სატენდერო პირობები შესაბამისად ჩამოყალიბდებოდა“, - აღნიშნავს ზოიძე. მისი აზრით, ამ მხრივ ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზებია და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება არის აუცილებელი.
დასკვნა
გიორგი კირთაძე ყურადღებას იაფი სახლის მშენებლობის გაჭიანურებასა და კრიტერიუმების არარსებობაზე ამახვილებდა. როგორც აღმოჩნდა, ბიუჯეტში პროექტი 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე მართლაც იყო გათვალისწინებული, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. კრიტერიუმებიც, რომლებზეც კომისია მუშაობდა ბუნდოვანია და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს. ამ საკითხებზე ყურადღებას როგორც სხვა ოპოზიციონერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ამახვილებენ.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის სიმართლე.