საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ განმარტავს, რომ უსახლკაროა განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო.

სახალხო დამცველის არაერთ, მათ შორის, 2019 წლის ანგარიშშიც აღინიშნა, რომ უსახლკარო პირთა ერთიანი რეესტრი დღემდე არ არსებობს, სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და მისი სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. ამავე ანგარიშის თანახმად, კვლავ შეზღუდულია საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, ხოლო თავშესაფრებსა და სოციალურ სახლებში მოთავსებული პირების მხარდამჭერი პროგრამები მუნიციპალიტეტებს ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან არაეფექტურია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბათუმი იმ ოცდაექვსი მუნიციპალიტეტის ჩამონათვალშია, რომლებსაც უსახლკაროთა საკითხები ნაწილობრივ აქვთ მოგვარებული. კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტი ახორციელებს უსახლკარო პირების ბინის ქირით უზრუნველყოფისა და დროებითი ღამის თავშესაფრის პროგრამებს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამებით, რომლებიც უსახლკარო პირთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება, „ფაქტ-მეტრი“ 2018 წელსაც დაინტერესდა. ამ ეტაპზე ბათუმის მერიისგან ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოვითხოვეთ. მათ შორის: რამდენი პირი იყო რეგისტრირებული 2012-2020 წლებში, როგორც უსახლკარო,

რა კრიტერიუმებით ფასდება პირი უსახლკაროდ და როგორ ხდება მისი რეგისტრაცია. ამ კონკრეტულ კითხვებზე ადრესატმა არ გვიპასუხა და მხოლოდ იმ პროგრამების შესახებ მოგვწერა, რომლებსაც მერია ახორციელებს.

როგორც ირკვევა, 2010-2013 წლებში, შვეიცარიის მთავრობის (რომელსაც წარმოადგენდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო), ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი შენობა აშენდა. ეს იყო პროექტი „საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“, რომლის ფარგლებშიც თხუთმეტი სოციალურად დაუცველისა და თოთხმეტი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე ოჯახი დაკმაყოფილდა. ბენეფიციარებს საცხოვრებლები დროებით სარგებლობაში გადაეცათ. [დანართი 1]

2013-2014 წლის ზამთრის პერიოდში, ბათუმის მერიის მიერ უსახლკაროებისთვის ორგანიზებული იყო დროებითი თავშესაფარი, რომელიც 2014 წლის მაისიდან „დროებითი ღამის თავშესაფრის“ პროგრამად გარდაიქმნა. პროგრამით სარგებლობა ორმოცდაათამდე ბენეფიციარს შეუძლია. თავშესაფარში პირის ყოფნა მხოლოდ ღამის საათებშია დასაშვები. დღის განმავლობაში კი მოქალაქემ შენობა უნდა დატოვოს. ეს განაწესი პანდემიის გამო დროებით შეაჩერეს და ბენეფიციარებს თავშესაფარში დღის განმავლობაში დარჩენის უფლებაც მისცეს. პროგრამა სამედიცინო მომსახურების გაწევას, სუფთა ტანსაცმლით უზრუნველყოფასა და ორჯერად კვებას ითვალისწინებს (საუზმე და ვახშამი).

ცხრილი 1. ბათუმის დროებითი ღამის თავშესაფრის ხარჯები 2015-2020 წლებში

წყარო: ბათუმის მერია [დანართი 2]

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ორმოცდაათი ბენეფიციარის კვების ხარჯი, 2017-2020 წლებში, იგივე დარჩა. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ღამის თავშესაფრისთვის გათვალისწინებული ხარჯი 298 400 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბინის ქირის გადახდას, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების გაწევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოსა“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ გადაწყვეტილებით, თანხა მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. როგორც ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, 2010-2013 წლებში, პროექტზე „საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯულია 58 900 ლარი. ასევე, მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი უსასყიდლოდ გადაეცა ხუთ მრავალშვილიან ოჯახს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 750 ლარი გამოიყო.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ასევე - უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევის შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ ადამიანი, სხვა პრობლემებთან ერთად, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ აქტივობებს სრულად ვერ განახორციელებს. ასევე, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომელმაც, შეიძლება, ბავშვს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.

თეგები: