იტვირთება

საქართველოსკანონით- „სოციალური დახმარების შესახებ“ - უსახლკაროდ ითვლება მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ზუსტად ერთი წლის წინ გავრცელებულიინფორმაციით, უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა ეფექტიანი არ არის, რადგან სტატისტიკური მაჩვენებლებისა და უსახლკაროთა ინდივიდუალური საჭიროებების კვლევა არ ხორციელდება.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა მონაცემები არსებობს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში უსახლკარო მოქალაქეების შესახებ და როგორია მათი რაოდენობა წლების მიხედვით.

ბათუმის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდის მიხედვით, ქალაქის მასშტაბით რეგისტრირებული უსახლკარო ადამიანების რიცხვი 46-ს შეადგენს. წინა წლებში კი ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა:

ცხრილი 1:ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროების რაოდენობა 2013-2017 წლების მიხედვით

წელი რაოდენობა
2013 30
2014 30
2015 36
2016 44
2017 49

წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, უსახლკარო მოქალაქეების რიცხვი, 2017 წლის ჩათვლით, გაზრდილია. ხოლო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი სამი ერთეულითაა შემცირებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქნის“ დირექტორი თეონა აბაშიძე, რომელიც მიუსაფარი და ქუჩაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე მუშაობს, ამბობს, რომ ეს მაჩვენებლები ზუსტი არაა. „ბათუმის მერიას ამდენი უსახლკარო ჰყავს ღამის დროებით თავშესაფარში და როგორც ჩანს, ეგ მონაცემი მოგაწოდათ. რეალურად, უსახლკაროთა მაჩვენებელი უფრო დიდია, დაახლოებით 80 ადამიანამდე, მაგრამ მათი აღრიცხვა არ ხდება. მე თვითონ დავდივარ ზოგიერთთან, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში, მიწურებსა და ყუთებს აფარებენ თავს და საკვები და თბილი ტანსაცმელი მიმაქვს ხოლმე. ისინი საშინელ, გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში არიან. ერთ-ერთი ისეა დაავადებული, რომ ვერავინ ეკარება, საკვები რომ მიაწოდოს, თვითონ კი ვერ ჭამს. განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც გამოქცეული არიან სახლებიდან და ქუჩაში ათენებენ. სახლში მოძალადე მშობლები ჰყავთ და რამდენჯერაც უნდა დააბრუნო, ყოველთვის გარბიან. ასე რომ, უსახლკაროთა რიცხვი დაახლოებით ორჯერ აღემატება მაჩვენებელს, რომელიც მერიამ მოგაწოდათ. მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ბათუმის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თორემ ჩამოსულ მოქალაქეებსაც თუ დავუმატებთ, გაცილებით მეტს მივიღებთ“, - განაცხადა აბაშიძემ ფაქტ-მეტრთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიააფინანსებსდროებითი ღამის თავშესაფარს, რომელიც 50 ბენეფიციარზეა გათვლილი. თავშესაფარში გათვალისწინებულია საუზმე და ვახშამი, მაგრამ დღის განმავლობაში ბენეფიციარებს იქ ყოფნის უფლება არ აქვთ. 2018 წლის ადგილობრივბიუჯეტშითავშესაფრისთვის 297 800 ლარია გათვალისწინებული.

თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოვიშველიებთ, 2014 წელს ბათუმში 1 700 უსახლკარო ოჯახიცხოვრობდა. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი აღნიშნულ წელს ქალაქში მხოლოდ 30 უსახლკარო იყო. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ ფაქტ-მეტრთან განაცხადა: „კომისიის სხდომაზე დავსვით საკითხი, რამდენია ეს საბინაო ფონდი, რა ჯდება ზოგადად, საერთო ჯამში როგორ ხდება ათვისება, ბოლო ადამიანს როდის გამოიყვანს ძველი ბათუმის იმ ადგილებიდან, სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ამაზე გვიპასუხეს, რომ მერია მუშაობს და პასუხი იქნება წარმოდგენილი. თუმცა, როდის იქნება წარმოდგენილი, კონკრეტული ვადა არ ვიცით. სტრატეგია არ აქვთ. კონკრეტულ ვითარებაში, როგორ, საიდან და რა ვითარებაში უნდა გაიცეს ბინები, ამის სტრატეგია უნდა არსებობდეს“.

ბათუმის მერიის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ახალ მერს აღნიშნული საკითხებისადმი სრულიად სხვა მიდგომა და ხედვა აქვს.

საინტერესოა, რომ 2018 წელს მერიაში ბინით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეებისგან უკვე 13 განაცხადი შევიდა.

ცხრილი 2:ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში ბინით დაკმაყოფილების თაობაზე შესული განცხადებების რაოდენობა 2012-2018 წლების მიხედვით

წელი განცხადებების რაოდენობა
2012 1 274
2013 452
2014 551
2015 84
2016 124
2017 157
2018 მიმდინარე პერიოდი 13

წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წლის შემდეგ განცხადებების რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებული უნდა იყოს „სოციალური სახლის“ პროექტთან, რომელიც აჭარაში 2012 წლიდან ხორციელდება. ყველაზე მეტი განაცხადი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე მერიაში იმ წელს შევიდა, როცა ხელისუფლებამ ახალი პროექტის დაწყების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. ფაქტ-მეტრი გასულ წელსწერდა, რომ პროექტის ფარგლებში ათი საცხოვრებელი აშენდა/რეაბილიტირდა. აქედან ექვსის მშენებლობა/რეაბილიტაცია აჭარის ა/რ მთავრობამ დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს საბინაო ფონდი, რომელიც ივსება ქალაქის საკუთრებაში არსებული, ბინათმშენებლობის პირობით აუქციონის წესით განკარგული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე განხორციელებული მშენებლობებიდან, სახელშეკრულებო პირობების თანახმად.

ცხრილი 3:ბათუმის მერიისთვის 2012-2017 წლებში გადაცემული საცხოვრებელი ბინების მისამართი და ფართი

კომპანია მისამართი ბინების რაოდენობა საერთო ფართი,კვ. მ
შპს „ცვლილებათა ქარი“ ლერმონტოვის ქუჩა 107 ჟ 71 4122,7
ფიზ. პირი კორნელი კემულარია შ. ხიმშიაშვილის ქუჩა 1 140 12253,2
შპს „დუკა 2006“ ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა 52 4272,1

წყარო:ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური

სულ, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, ბათუმის მერიას გადაეცა 263 ბინა, რომელთა საერთო ფართი 20 648 კვ მ-ს შეადგენს. აქედან უკვე განკარგულია 228, ხოლო დარჩენილია 35 ბინა (მთლიანი ფართი - 2 907,5). როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური გვატყობინებს, ბინების განკარგვა ხდება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ბინები გადაეცემათ კომპენსაციის სახით იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საკუთრებაში არსებული ფართიც, ბათუმის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიყენეს საავტომობილო გზების მშენებლობის ან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. საბინაო ფონდიდან ბინები გაიცემა ასევე ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ შვიდი და მეტი შვილი. მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, საცხოვრებელი ბინები საკუთრების უფლებით 11 მრავალშვილიან ოჯახსგადაეცა.

ბათუმის საკრებულომ ბოლო სხდომაზე კიდევ 9 ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ეს ოჯახები გამსახურდიას ქუჩის ქ. № 11-ში მცხოვრებლები არიან, რომელთაც საცხოვრებელი 2013 წელს ხანძარმა გაუნადგურა. ბათუმის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულების ბინებით უზრუნველსაყოფად მერიის საბინაო ფონდში არსებულ საცხოვრებელ ფართებს გამოიყენებენ. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ბედი ეწევათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხანძრით განადგურებული შენობის პირველ სართულზე კომერციულ ფართებს ფლობენ. ლომაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მათთვის ალტერნატიული ფართის ან თანხის გადაცემა არ იგეგმება, რადგან ეს ძალიან დიდ ფინანსებს უკავშირდება. ამიტომ, მხოლოდ მეორე-მესამე სართულის ბინადართა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი გადაწყდა.


მსგავსი სიახლეები

3186 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი