მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა, გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც არასაკმარისი აღმოჩნდა. 2020 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება თავდაპირველად 757 მლნ ლარით განისაზღვრა, ივნისში ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი პროგრამის წლიური ბიუჯეტი 802 მლნ ლარამდე გაიზარდა, ნოემბერში პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა და დამატებითი თანხების მოძიება გახდა საჭირო. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 12 თვის რეალურმა ხარჯებმა 948.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც თავდაპირველ გეგმას 191.2 მლნ ლარით აღემატება.
2021 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 800 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის რეალურ ხარჯზე 142.2 მლნ ლარით ნაკლებია. ამასთან, წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები მზარდია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეალური ხარჯი 2021 წელსაც დაგეგმილზე მეტი იქნება.
2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებით, ჯანდაცვის სისტემაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის საყოველთაო მოცვით ჩანაცვლდა. ამასთან, შეიცვალა დაფინანსების წესიც - კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დამყარებული დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გადახდის წესით ფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. მსგავსი პრაქტიკა კი ხარჯების მართვის ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება. გასული წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ხარჯების შეკავება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი გამოწვევაა. პროგრამის გეგმიური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ის ყოველ წელს დეფიციტურია.
პროგრამის ამოქმედების დღიდან, ჯანდაცვის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და მათ შორის „ფაქტ-მეტრი“, პროგრამის არაეფექტიანობაზე, გადაჭარბებულ ხარჯვაზე მიუთითებდნენ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ე.წ. საყოველთაო მიდგომა არაეფექტური აღმოჩნდებოდა, ერთი მხრივ ის მაღალ დანახარჯებს გამოიწვევდა, მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის სერვისების ფართო მოცვას (მაგალითად სამკურნალო საშუალებების დაფინანსება) ვერ უზრუნველყოფდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაღალი დანახარჯების მიუხედავად, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები არ შემცირებულა, რაც თავის მხრივ მედიკამენტებზე ფასების ზრდას უკავშირდება, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებდა. აღნიშნული კი ნათლად აჩვენებდა საყოველთაო მიდგომის აბსურდულობას (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
თავის დროზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან კერძო სადაზღვევო კომპანიების გამოთიშვა, ერთი მხრივ უარყოფითად აისახებოდა ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზრის განვითარებაზე, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ბიუჯეტზე ფინანსურ რისკს გაზრდიდა (ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა).
გრაფიკი 1: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი და რეალური ხარჯები, 2013-2020 წლებში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, სახელმწიფომ საყოველთაობის პრინციპი მიზნობრივ მიდგომით ჩაანაცვლა. 2017 წლის 1 მაისიდან, შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. ამასთან, მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ ვრცელდება. მიუხედავად აღნიშნულისა, პროგრამის მზარდი ხარჯების შეკავება მაინც ვერ მოხერხდა.
შემდგომ კი, მმართველმა გუნდმა საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების შეკავება 2019 წლის ნოემბრის 520-ე დადგენილებით სცადა. აღნიშნული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა: კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია და რეანიმაციული მომსახურეობა, კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფების შემცირება/გათანაბრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დროებით შეკავების მექანიზმი იყო, რომელიც ამავდროულად საფრთხეს უქმნიდა დარგის - მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარებას. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები რიგ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლები იყო და დადგენილი ტარიფების გადახედვას მოითხოვდნენ.
520-ე დადგენილებამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე სახელმწიფოს დანახარჯების შემცირება ვერ უზრუნველყო, მეორე მხრივ კი, კლინიკების წარმომადგენლები აღნიშნული დადგენილებით მიყენებულ ზიანზე საუბრობენ (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჯანდაცვის მთავარი გამოწვევა კორონავირუსის პანდემიაა, რაც სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების ზრდაზე გარკეულწილად შესაძლოა, პანდემიას ჰქონდა გავლენა, თუმცა COVID-19-ის მკურნალობა ჯანდაცვის ქვეპროგრამის „ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის მართვა“ ფარგლებში ფინანსდება. აღნიშნული ქვეპროგრამის რეალურმა ხარჯმა გასულ წელს 223.2 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. კერძოდ, 2020 წლის 17 მარტის დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ოპერაციების დაფინანსება 4 თვით გადავადდა. მანამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსების, ე.წ. მოცდის პერიოდი 2 თვე იყო . 2020 წლის ნოემბერში კი გეგმიური ოპერაციების დაფინანსება ისევ 4 თვით, 1 მარტამდე გადავადდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელსაც დღემდე მმართველი გუნდი ერთ-ერთ „წარმატებულ რეფორმად“ მიიჩნევს, ვერ უზრუნველყო მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების შემცირება. ამასთან, საყოველთაობის პრინციპი კვლავ მიზნობრივმა მიდგომამ ჩაანაცვლა, რაც თავის მხრივ, რაციონალური გადაწყვეტილება იყო. ამასთან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაღალი დანახარჯების გამო, პროგრამაში მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტის დამატება, დღემდე ვერ ხერხდება. რაც შეეხება, ე.წ. უფასო მედიკამენტების ქვეპროგრამას, ის მხოლოდ კონკრეტული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას გულისხმობს და მოსახლეობის მცირე ნაწილს ეხება. გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების მართვას ვერ ახერხებს, მიუხედავად ამისა, დაფინანსების წესი არ იცვლება და მმართველი გუნდი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებებით, ხარჯების დროებით შეკავებას ცდილობს და არა პრობლემის გადაჭრას.