ჯაბა ფუტკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ყველა იმ პროგრამის დაფინანსებას აგრძელებს, რომლებსაც აქამდე აფინანსებდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები 27 მლნ ლარით განისაზღვრა. ეს 162 300 ლარით მეტია, ვიდრე 2020 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული (ყველა მაჩვენებელი შედარებულია 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო გეგმასთან). ზრდა 0,6%-ს შეადგენს. თანხა ყველა იმ პროგრამაზე/ქვეპროგრამაზეა გადანაწილებული, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდა. სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის, მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება იზრდება.
სამინისტრომ ახალი პროგრამაც დაამატა, რომელიც სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის სასურსათო კალათით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 1 მლნ ლარია გათვალისწინებული.
განცხადების მიხედვით, პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც იზრდება. მაგალითად, 2020 წლის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით 8 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 2021 წელს კი პროგრამა, როგორც მოსალოდნელ შედეგებშია მითითებული, 8 953 ადამიანზეა გათვლილი.
ანალიზი
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: „ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს ყველა იმ პროგრამას და სოციალური დაფინანსების მუხლს, რომლებიც აქამდე ჰქონდა სამინისტროს. გარდა ამისა, იზრდება სხვადასხვა მუხლის დაფინანსება, განსაკუთრებით, ბენეფიციართა რაოდენობა სოციალური მხარდაჭერის ნაწილში. პრეცედენტულია, მომავალ წელს ჩვენი სხვადასხვა კატეგორიის მქონე მოქალაქეების სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფა იღებს პროგრამულ სახეს და ამ თვალსაზრისით 1 მლნ ლარის ბიუჯეტი დაემატება ჯანდაცვის სამინისტროს“.
აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცებულია და ძალაში 1 იანვარს შევა. მომავალი წლიდან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება. კერძოდ, სამინისტროსთვის 27 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2020 წლის გეგმას 162 300 ლარით აღემატება.
2020 წლის ბიუჯეტი, პანდემიის პირობებში, მაისში დაკორექტირდა, მაგრამ არც ერთი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსება არ შეწყვეტილა. თუმცა ხარჯები მეტ-ნაკლებად შემცირდა. 2021 წლის ბიუჯეტში კი, რომელიც 2020 წლის საბოლოო პარამეტრებთან მიმართებით დაიგეგმა, ყველა პროგრამა შენარჩუნებულია და მათი უმეტესობის დაფინანსება იზრდება.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების დაფინანსება 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით
წყარო: ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“
როგორც ვხედავთ, პროგრამების უმეტესობის დაფინანსება იზრდება. უმნიშვნელოდ მცირდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ხარჯი. ასევე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამისთვის განკუთვნილი დაფინანსებაც შემცირებულია. რაც შეეხება ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვის, ფუნქციონირების, რისკჯგუფების ინდივიდუალური საშუალებებით და საკარანტინო სივრცის სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფის პროგრამას, მისი დაფინანსება 2020 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების დროს გაიზარდა, როცა კლინიკა პანდემიის მართვის პროცესში ჩაერთო და კოვიდმიმღებ ცენტრად გადაკეთდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა. აღჭურვის ძირითადი ეტაპი გავლილია და მომავალ წელს საავადმყოფოსთვის ნაკლები ხარჯია გათვალისწინებული.
ცხრილი 1-დან ასევე ჩანს, რომ სამინისტროს პროგრამებს ახალი მიმართულება დაემატა - სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფა, რისთვისაც 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამა 14 700 ბენეფიციარზეა გათვლილი.
მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით 1 262 000 ლარი 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდანაც დაიხარჯა. ჩვენ ამის შესახებ სტატია ნოემბერში გამოვაქვეყნეთ. თუმცა იმ ეტაპზე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და მას პროგრამის სახე არ ჰქონდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პროგრამების მოსალოდნელი შედეგების თანახმად, გარკვეული მიმართულებით ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა იგეგმება. მაგალითად: თუ 2020 წლის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით 8 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2021 წელს ის 8 953 ადამიანზეა გათვლილი.
გარდა ამისა, დაგეგმილია მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაც. 2020 წელს აღნიშნულმა პროგრამამ 277 ადამიანი მოიცვა, 2021 წელს კი, მოსალოდნელი შედეგების თანახმად, ერთჯერადი მატერიალური დახმარება არა უმეტეს 300 მოქალაქეს გაეწევა.
ასევე დაგეგმილია, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, არანაკლებ 157 მოქალაქე დაკმაყოფილდეს. 2020 წელს ამ პროგრამით 152-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.