პანდემიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მომავალი წლის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 328 მლნ 474 ათას ლარს შეადგენს, რაც 2020 წლის გეგმასთან - 306 მლნ 974 ათას 600 ლართან მიმართებით, დაახლოებით 7%-ით მეტია. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში აღნიშნული მუხლი 322 094 300 ლარით იყო დაგეგმილი. მაისში, როცა პანდემიით გამოწვეული რეალობიდან გამომდინარე, „საგანგებო ბიუჯეტი“ დაიგეგმა, შემოსულობების მაჩვენებელი შემცირდა და საბოლოო ვარიანტის თანახმად, გეგმამ 306 974 600 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მომავალი წლის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, 2020 წლის დასაწყისში დაგეგმილთან მიმართებით, მხოლოდ 2%-ით მეტია.

რაც შეეხება 2021 წელს, შემოსულობების კომპონენტების საპროგნოზო მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

შემოსავლების ყველაზე დიდი წილი, როგორც წესი, გადასახადებზე მოდის. კერძოდ, მომავალი წლის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შემოსავლის, მოგებისა და კაპიტალის ღირებულების ნაზარდზე, 290 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ის 255 მლნ ლარითაა წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელ მაჩვენებელთან მიმართებით, ზრდა 13%-ს აღემატება.

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 474 000 ლარს შეადგენს. ეს 2020 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან, 13 907 500 ლართან მიმართებით, 17,5%-ით ნაკლებია.

2020 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებისას, შემცირება ხარჯვით ნაწილსაც შეეხო და თუ წლის დასაწყისში დაგეგმილი მაჩვენებელი 350 094 300 ლარი იყო, ბოლო გეგმიური მონაცემი კი 338 474 600 ლარს შეადგენს. 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 349 მლნ 474 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც, მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, გაზრდილია 3,24%-ით, ხოლო წლის დასაწყისში დაგეგმილთან მიმართებით, დაახლოებით, 0,2%-ით ნაკლებია.

გადასახდელები კომპონენტების მიხედვით ასე გამოიყურება:

ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

აღსანიშნავია, რომ ხარჯების ნაწილში მუხლის „საქონელი და მომსახურება“ საპროგნოზო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება, 11 408 600 ლარით. ოდნავ ნაკლებია შრომის ანაზღაურების მაჩვენებელიც. საინტერესოა აღნიშნული მაჩვენებლების შედარება 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტის მონაცემებთან. ცვლილების შედეგად, შრომის ანაზღაურების მოცულობა შემცირდა, ხოლო საქონელი და მომსახურებისთვის განსაზღვრული დაფინანსების მოცულობა გაიზარდა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ცხრილი 3. აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 2019-2021 წლების მიხედვით, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

როგორც ვხედავთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი, 2020 წლის ბიუჯეტის როგორც თავდაპირველ ვარიანტთან, ისე ცვლილებების შემდგომ მონაცემთან შედარებით, შემცირებულია. შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნაკლებია საქონელი და მომსახურებისთვის დაგეგმილი ხარჯის მოცულობაც.

მხარჯავი დაწესებულებებიდან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიიღებს. 2020 წლის გეგმით, აღნიშნული უწყებისთვის გათვალისწინებული ასიგნება 109 361 200 ლარს შეადგენს (ცვლილებამდე დაგეგმილი იყო 113 800 800 ლარი), 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებლით კი 123 363 200 ლარია გათვალისწინებული.

აქედან 5 450 500 ლარი განკუთვნილია 269 მომუშავის შრომის ანაზღაურებისთვის, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30 700 ლარით აღემატება. უმნიშვნელოდ გაზრდილია ასევე რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენის პროგრამებისთვის დაგეგმილი ხარჯის მოცულობა. რაც შეეხება ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის პროგრამას, მისი დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 770 000 ლარს შეადგენს, რაც 5 867 700 ლარით მეტია, ვიდრე 2020 წლის გეგმა. თუმცა, ამ მიმართულებით, წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო 4 972 000 ლარის გახარჯვა. ცვლილების შედეგად, თანხის მოცულობა შემცირდა და ამ ეტაპზე გეგმა 902 300 ლარია. პროგრამით გათვალისწინებული ფინანსები დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების ქვეპროგრამებს უნდა მოხმარდეს.

გარდა ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი გათვალისწინებულია სოციალურად და სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის, რაც ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლებული, აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც გულისხმობს. კიდევ 5 მლნ ლარი კი აჭარის მაღალმთიან რეგიონში მიმდინარე გაზიფიკაციის ქვეპროგრამაზე დაიხარჯება, ხოლო 8 მლნ ლარზე ოდნავ მეტი გათვალისწინებულია რეკრეაციული ადგილების, მათ შორის, ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარებისთვის.

შემცირდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ასიგნებების საპროგნოზო მაჩვენებელი და 7 700 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის გეგმაზე 12 709 100 ლარით ნაკლებია. თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში უწყებისთვის გამოყოფილი იყო 9 711 300 ლარი. პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული მაჩვენებელი გაიზარდა და 20 409 100 ლარი შეადგინა. დამატებული თანხის უმეტესი წილი საკარანტინო სივრცეების მოწყობას მოხმარდა, რის შესახებაც „ფაქტ-მეტრმა“ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთი საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2021 წელს 61 მლნ ლარს მიიღებს. 2020 წელს ანალოგიური პარამეტრი 56 960 000 ლარს შეადგენს. მომავალ წელს 59 785 000 ლარის დახარჯვა იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვაზე. ამ მიზნით წლევანდელი გეგმიური მაჩვენებელი 55 772 900 ლარით იყო განსაზღვრული.

2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მაისში განხორციელებულ ცვლილებამდე 56 390 100 ლარი იყო დაგეგმილი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის. პანდემიის პირობებში სამინისტროს ასიგნებები შემცირდა და 48 980 300 ლარი გახდა. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 58 774 600 ლარით დაიგეგმა. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია როგორც შარშანდელ ფაქტობრივ, ისე წლევანდელ გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამ თანხიდან 17 056 800 ლარი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ინვენტარიზაციისა და საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამაზე დაიხარჯება. მცირედით იზრდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელოვნებო და მუსიკალური სკოლებისა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დაფინანსება. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის პროგრამას, 2020 წლის გეგმიური მაჩვენებელი 2 598 600 ლარია, ხოლო მომავალი წლისთვის დაგეგმილი დაფინანსება ოდნავ მცირდება და 2 518 600 ლარს შეადგენს.

1 746 700 ლარით მცირდება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება. 2021 წელს უწყების ბიუჯეტი 25 091 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა 2020 წლის დასაწყისში, ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებამდე, გეგმა 21 მლნ ლარს შეადგენდა. მაისში უწყების ბიუჯეტს 6 082 500 ლარი დაემატა ბათუმის ახალი მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში ჩაერთო და დღეს ყველაზე მეტ კოვიდპაციენტს იღებს. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებისთვის მომავალ წელს 3 მლნ ლარის გახარჯვა დაიგეგმა.

რაც შეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის დაფინანსებაც წელს 15 704 700 ლარით არის განსაზღვრული, ოდნავი ზრდა შეინიშნება და საპროგნოზო მაჩვენებელი 15 900 900 ლარს შეადგენს. აქედან 5 მლნ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, ხოლო 5 484 900 ლარით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაფინანსება იგეგმება.

შემცირდა საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელების მოცულობის საპროგნოზო მაჩვენებელი და 117 426 200 ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წლის გეგმიური მაჩვენებელი 126 452 700 ლარია, თუმცა თავდაპირველად, საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცებამდე, 132 147 200 ლარით იყო განსაზღვრული. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წლის გეგმა შემცირებულია ორივე მაჩვენებელთან შედარებით. აქედან 75 331 600 ლარი (2020 წლის გეგმა იყო 62 700 000 ლარი) გათვალისწინებულია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების პროგრამისთვის, 1 500 000 ლარი - ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარებისთვის (2020 წლის გეგმა - 11 200 000 ლარი), ხოლო 27 618 100 ლარი - სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებისთვის (2020 წლის გეგმა - 32 480 200 ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღბული დივიდენდები გათვალისწინებულია რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებში, კერძოდ, სხვა შემოსავლებში, 3 მლნ ლარის ოდენობით.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სარეზერვო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელი და 3 200 000 ლარს შეადგენს, რაც წლევანდელ გეგმიურ მაჩვენებელზე 3 100 000 ლარით ნაკლებია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის საჭირო ქონების სანაცვლოდ კომპენსაციის თანხას, ის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში ჯერ გათვალისწინებული არ არის. მიმდინარე წელს ამ მიზნით 3 მლნ-ზე მეტი იყო გამოყოფილი.

2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მაისში განხორციელებული ცვლილების შედეგად, უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 100 ათასი ლარით შეუმცირდა. 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებლით, ის თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა და კვლავ 5 216 800 ლარს შეადგენს. აჭარის ა/რ მთავრობის აპარატისთვის კი დაგეგმილია 3 000 200 ლარის დაფინანსება. 2020 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 3 250 200 ლარით იყო განსაზღვრული, რაც მაისში 250 ათასი ლარით შემცირდა და მომავალი წლის საპროგნოზო მოცულობა იმავე ფარგლებში დარჩა.

თეგები: