დეზინფორმაცია: პირბადის ტარება კორონავირუსით ინფიცირების ალბათობას ზრდის
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
Facebook-ჯგუფში „კორონა აფიორა“ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარება კორონავირუსის გადადების შანსს არა თუ ამცირებს, არამედ ზრდის. Facebook მომხმარებელს მტკიცებულებად ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2020 წლის 1-29 ივლისის პერიოდში ჩატარებული კვლევა მოჰყავს. პოსტში მოყვანილი სტატისტიკა მთლიანი კვლევის შედეგის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს - ავტორი მკითხველს სრულ კონტექსტს უმალავს, რაც მათ განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
სინამდვილეში, CDC სიმპტომატური მოზრდილების 14- დღიან აქტივობებს (ტესტის ჩატარებამდე) იკვლევდა, რისი მიზანიც COVID-19-ის შემთხვევებსა და საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტს შორის კავშირის დადგენა იყო. სამიზნე ჯგუფს, როგორც კოვიდდადებითი (Case-patients - 154), ისე კოვიდუარყოფითი (Control patients - 160) პირები წარმოადგენდნენ. პოსტის ავტორის მიერ გამოყენებულ ფოტოში კი მხოლოდ კოვიდდადებითი პაციენტების მონაცემებია მოყვანილი.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ კოვიდდადებითი პაციენტებიდან პირბადეს 70.6% ატარებდა, კოვიდუარყოფითებიდან - 74.2%. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კოვიდდადებითი პაციენტების 42% კორონავირუსით დაინფიციერებულ პირებთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა, ხოლო კოვიდუარყოფით პაციენტებში ეს რიცხვი გაცილებით დაბალია - 14%.
საყურადღებოა ასევე სამიზნე ჯგუფთა აქტივობა რესტორნებსა და ბარებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდდადებითი პაციენტები რესტორნებსა და ბარებს უფრო მეტად სტუმრობდნენ, ვიდრე კოვიდუარყოფითი პირები. ამასთან ერთად, კოვიდდადებითი პაციენტების დაკვირვებით, მათ ირგვლივ პირბადეს უფრო ნაკლები პირი ატარებდა, ვიდრე კოვიდუარყოფითების შემთხვევაში.
CDC-ის ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირი მობილობა და მჭიდრო კონტაქტები COVID-19-ის გავრცელებას უწყობს ხელს. რადგანაც კოვიდდადებითი პაციენტები, კვლევის თანახმად, თითქმის ორჯერ უფრო ხშირად სტუმრობდნენ რესტორნებს, ვიდრე კოვიდუარყოფითი პირები, ბარები, კაფეები და რესტორნები რისკის შემცველ ფაქტორებად გამოცხადდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მხოლოდ პირბადის ტარება ვირუსის გადაცემას ვერ შეაჩერებს. ამასთან ერთად, აუცილებელია, პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური დისტანცირება (რისი დაცვაც კვების ობიექტებში, ბუნებრივია, გაცილებით რთული აღმოჩნდა). ამ ყველაფრის გათვალისწინებით (რაც პოსტის ავტორმა სრულებით უგულებელყო), დასკვნა, რომ თითქოს კვლევამ აჩვენა - პირბადის ტარება კორონავირუსით ინფიცირების ალბათობას ზრდის - ტყუილია.
ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს. მისი განცხადებით, ჯერჯერობით, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს, ერთადერთი იარაღი პირბადეა.
СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს, პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.
პირბადის მავნებლობასთან დაკავშირებული მანიპულაციები ბოლო დროს ხშირად ვრცელდება. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.