ანალიზი:
მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში არჩილ გამზარდიასთან სტუმრობისას განაცხადა (10:40): შავი ზღვის არენა, საკონცერტო დარბაზი, დღეს ბიუჯეტს უზარმაზარი თანხა უჯდება, იქით ვიხდით...ეხლა ჩვენ ვიხდით წელიწადში 4 თუ 5 მილიონ ლარს.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო საწარმოების მდგომარეობაცაა მიმოხილული. დოკუმენტში სახელმწიფო საწარმოების მიერ მიღებული სუბსიდიების შესახებაც არის ინფორმაცია მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ 3.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. კომპანიის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს და მასში 116 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე წელს, ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე „ბლექ სი არენაზე“ ფაქტობრივად, ღონისძიებები არ გამართულა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში გასული წლის მონაცემებიცაა შეყვანილი. გასულ წელს, ამ დოკუმენტის მიხედვით, „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ სუბსიდიის სახით 9,5 მილიონი ლარი მიიღო. ჯამში, 2 წელიწადში კომპანიის მიერ სუბსიდიის სახით მიღებულმა თანხამ 13 მილიონს გადააჭარბა.
საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და მისი განმახორციელებელი ფონდი „ქართუ“ იყო. მშენებლობა 2016 წელს დასრულდა და ობიექტი ფონდმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. არენის აშენებაში 115 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
სახელმწიფოს მფლობელობაში 230-ზე მეტი კომპანიაა და ბოლო 5 წლის განმავლობაში მათი ზარალი 2,6 მილიარდ ლარს აჭარბებს. სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიებიდან რეკორდულ ზარალს „საქართველოს რკინიგზა“ აფიქსირებს.