საქართველოს 2.5 მილიარდ კუბ.მ-იანი მოხმარებიდან, 95% გაზი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა

რეზიუმე: 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში გაზის მთლიან მიწოდებაში, აზერბაიჯანული გაზის წილი, 94.2%-ის დონეზე იყო პროგნოზირებული. 2019 წლის ბალანსის თანახმად კი, ანალოგიური მაჩვენებელი, 99%-ის ნიშნულზეა ნავარაუდევი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება დაგეგმილი არ არის.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ მაჩვენებლებს, სემეკის[1] მონაცემებით, 2018 წელს, მთლიან მიწოდებაში, აზერბაიჯანული გაზის წილმა 97.2% შეადგინა და აღნიშნული მაჩვენებელი 3.3 პუნქტით არის გაზრდილი, 2017 წელთან შედარებით. აზერბაიჯანული გაზის წილის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღები ტარიფის მონეტიზაცია[2]. კერძოდ, ტრანზიტის საფასურის ნატურალური ფორმით მიღებისას (2016 წლამდე სრულად და 2017 წელს ნაწილობრივ), საქართველო ერთგვარად იძულებული იყო მოეხმარა სომხეთის მოხმარების 10%-ის ოდენობით რუსული გაზი (გატარების საფასური). ტარიფის მონეტიზაციის შედეგად, საქართველო აღარ იღებს ტრანზიტის გატარების სანაცვლოდ ბუნებრივ აირს, მოხმარების შემცირების ფონზე (2018 წელს 2176 მლნ კუბ.მ) კი, აზერბაიჯანული წყაროებიდან მისაღებმა რესურსმა თითქმის სრულად უზრუნველყო არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2018 წელს შედარებით, მცირე ოდენობით რუსული გაზის შეძენა გახდა საჭირო (39 მლნ კუბ.მ), ვიდრე აქამდე მოქმედი ხელშეკრულების პირობებში მოიხმარებოდა (2016-2017 წლებში შესაბამისად 122 და 135 მლნ კუბ.მ).

აზერბაიჯანული გაზი საქართველოს ორი ალტერნატიული გაზსადენით მოეწოდება. მთლიანი მიწოდების ერთი ნაწილია შაჰდენიზის გაზსადენით[3], ტრანზიტულად გაზის გატარების სანაცვლოდ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, მისაღები ბუნებრივი აირის მოცულობები. აზერბაიჯანული გაზის მეორე ნაწილი კი, საქართველოს „სოკარის“ ოპერირების ქვეშ მყოფი „ყაზახი-საგურამოს“ გაზსადენით მოეწოდება.

ანალიზი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში აღნიშნა, რომ ბუნებრივ აირზე საქართველოს მოხმარების 95% აზერბაიჯანული გაზით კმაყოფილდება, რომელიც ქვეყანას ორი წყაროდან მიეწოდება და სრულად ფარავს მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურების მოხმარებას.

საქართველომ ბუნებრივი აირი თეორიულად ხუთი განსხვავებული წყაროდან შეიძლება მიიღოს. მათ შორის, რუსეთიდან შემომავალი „მოზდოკი-საგურამოს“ გაზსადენის გამტარუნარიანობა დღეში 20 მლნ კუბ.მ-ს შეადგენს. მოცემული გაზსადენით, რუსული ბუნებრივი აირი შესაძლებელია მიეწოდოს საქართველოსა და სომხეთს, თუმცა საქართველოს ბოლო წლების მთლიან მოხმარებაში რუსული აირის დაბალი ხვედრითი წილის ფონზე (საშუალოდ 10%-ზე ნაკლები), გაზსადენის ძირითადი დატვირთვა სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტზე მოდის. 2017 წლამდე მოცემული გაზსადენით ტრანზიტული გაზის გატარების საფასურად საქართველო გატარებული აირის მოცულობის 10%-ს ნატურალური სახით იღებდა, ხოლო 2018 წლიდან ანაზღაურება სრულად ფულადი სახით ხორციელდება. მოცემულ საკითხზე იხ. ფაქტ-მეტრის კვლევები (ბმული1; ბმული2; ბმული3).

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის უმთავრესი წილის მოწოდება აზერბაიჯანიდან შემომავალი ორი გაზსადენით ხორციელდება. აზერბაიჯანიდან შემომავალი „ყაზახი-საგურამოს“ გაზსადენის გამტარუნარიანობა დღეში 5 მლნ კუბ.მ-ს უტოლდება და მისი საშუალებით საქართველოს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანული სახელმწიფო გაზის კომპანია „სოკარი“ აწვდის. აზერბაიჯანიდანვე შემომავალი სატრანზიტო გაზსადენის („სამხრეთ კავკასიური მილსადენი - SCP”) საპროექტო გამტარუნარიანობა დღეში 18 მლნ კუბ.მ-ია, თუმცა მოცემულ სისტემასთან საქართველოს ერთი მიერთების წერტილი აქვს, საიდანაც დღეში 3.25 მლნ კუბ.მ გაზის მიღებაა შესაძლებელი. სწორედ მოცემული გაზსადენით იღებს საქართველო აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის გატარების საფასურის სახით მისაღებ ბუნებრივ აირს. ასევე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით შესასყიდ ოფციურ და დამატებით მოცულობებს. სომხეთში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის რევერსული გაზსადენის გამტარუნარიანობა დღეში 3.14 მლნ კუბ.მ-ია და მისი საშუალებით ბუნებრივი აირის მიღება სომხეთიდანაა შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული მოცულობა, როგორც წესი, მიზერულია. ბუნებრივი აირის მეხუთე წყარო ადგილობრივი მოპოვების პუნქტებია, საიდანაც მისაღები აირის მოცულობა ფაქტობრივ მოპოვებაზეა დამოკიდებული.

საქართველოში ბუნებრივ აირზე არსებული მოთხოვნა ბოლო წლებში საშუალოდ 2.2 მლრდ კუბ.მ-ის ფარგლებშია, ცალკეულ წლებში კლიმატური პირობებითა თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული გადახრით საშუალოდან.

გრაფიკი 1: ბუნებრივი აირის მოხმარება საქართველოში

წყარო: სემეკი

რაც შეეხება ბაზრის მიწოდების მხარეს, ბუნებრივი აირის ადგილობრივი მოპოვება მიზერულია და მთლიან მიწოდებაში მისი წილი 0.3-0.4%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. ბუნებრივი აირის მიწოდებას მომწოდებელი ქვეყნების მიხედვით ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1: ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოში[4] 

მომწოდებელი

ზომის ერთეული

2015

2016

2017

2018

აზერბაიჯანი

მლნ კუბ.მ

2 080

2 113

2 201

2 223

ბაზრის წილი

82.8%

93.5%

93.9%

97.2%

რუსეთი

მლნ კუბ.მ

295

122

135

39

ბაზრის წილი

11.7%

5.4%

5.8%

1.7%

სომხეთი

მლნ კუბ.მ

127

19

0

15

ბაზრის წილი

5.1%

0.8%

0.0%

0.7%

ადგილობრივი

მლნ კუბ.მ

11

6

8

9

ბაზრის წილი

0.4%

0.3%

0.3%

0.4%

სულ

მლნ კუბ.მ

2 513

2 260

2 344

2 286

წყარო: სემეკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა აზერბაიჯანია. 2018 წლის მდგომარეობით, წლიური ჯამური მიწოდების 97.2% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის და აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია წინა პერიოდებთან მიმართებით. აღნიშნულის მიზეზი რუსეთიდან სომხეთში გასატარებელი ტრანზიტის საფასურის ტარიფის მონეტიზაციაში შეიძლება მდგომარეობდეს. კერძოდ, 2016 წლის ჩათვლით, სრულად და 2017 წელს ნაწილობრივ ,ტრანზიტის საფასური რუსული გაზით ნატურალური ფორმით ნაზღაურდებოდა, შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივადავტომატურ რეჟიმში იღებდა სომხეთის მოხმარების 10%-ის ოდენობით რუსულ გაზს. 2018 წლიდან ტრანზიტის ტარიფი ფულად ფორმაშია განსაზღვრული და შესაბამისად, რუსული გაზის მოხმარების აუცილებლობა აღარ დგას.

მინისტრი განცხადებაში სავარაუდოდ გაზის ბალანსში ასახულ საპროგნოზო მონაცემებს ეყრდნობა, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების თანახმად, მთლიან მიწოდებაში აზერბაიჯანული გაზის წილი 94.2%-ის დონეზე იყო განსაზღვრული. 2019 წლის ბალანსის თანახმად კი, ანალოგიური მაჩვენებელი 99%-ის ნიშნულზეა ნავარაუდევი. საგულისხმოა, რომ 2019 წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება დაგეგმილი არ არის.



[1] საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

[2] ნატურალურის ნაცვლად ფულად ფორმაში განსაზღვრა

[3] იგივე სამხრეთ კავკასიის“ ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენი

[4] ჯამურ მოხმარებასა და ჯამურ მიწოდებას შორის სხვაობა ტრანსპორტირების დანაკარგით არის გამოწვეული