ლევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირის ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო პოზიტიური
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან მაჭავარიანის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო პოზიტიური.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან მაჭავარიანის განცხადება გადაამოწმა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გასული წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.
მართალია, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული არჩევნების ტექნიკური ადმინისტრირება როგორც მომზადების პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებულია რიგი არსებითი დარღვევები, რაც მისიის შეფასებითვე, უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ პირდაპირ განაცხადა, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
მისია აღნიშნავს, რომ ზოგადად „სამართლებრივი ჩარჩო ქმნის სათანადო საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის“, თუმცა იქვე დასძენს, რომ სამართლებრივი ჩარჩოს ხშირმა გადახედვამ, მათ შორის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერის გარეშე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა „შექმნა შეშფოთების საფუძველი სავარაუდო პოლიტიკურ მანიპულაციასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის პრინციპებს“. ამავე კონტექსტში, სადამკვირვებლო მისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობის ხარისხს ეხება და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა მისი მიუკერძოებლობის საზოგადოებრივ აღქმაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხმის ფარულობის კომპრომეტირების ხშირ შემთხვევებზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების პროცესის, 12%-ში მონიშვნის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის არასათანადო განლაგების გამო. ეუთო/ოდირთან დამატებითი კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით, უზრუნველყოფილი არ იყო. თავად ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ „წინასაარჩევნო დღის ტექნოლოგიური სატესტო დემონსტრაციების შედეგად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევები, რომლებიც არჩევნების დღემდე არ აღმოფხვრეს“.
ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება. ეუთო/ოდირის სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობისა და ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის, ასევე ხმის ფარულობის ხშირი დარღვევის შემთხვევებთან ერთად, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება. ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთ-ერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (ე.წ კარუსელით გაყალბების სქემა).
სადამკვირვებლო მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.
დასკვნის სახით ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისივე შეფასებით, არსებითად დიდი რიცხვია, საარჩევნო „პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.
ეუთო/ოდირის ანგარიშის დეტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მნიშვნელოვანია, აქვე ხაზი გაესვას, რომ 2016 და 2020 წლებში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შეფასებებისგან განსხვავებით, როდესაც ეუთო/ოდირი გარკვეულ კრიტიკულ დასკვნებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ამგვარად არჩევნების შედეგების სანდოობაზე მიუთითებდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მსგავსი ჩანაწერი აღარ გვხვდება. სამაგიეროდ, მოყვანილია მთელი რიგი ფუნდამენტური და მასშტაბური დარღვევებისა, რაც არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, თითქოს ეუთო/ოდირის დასკვნა პოზიტიური იყო.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან მაჭავარიანის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მცდარი.