რომან გოცირიძე: ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
ქონების გადასახადი ამჟამინდელი ფორმით 2004 წლიდან მოქმედებს. 2005-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები 179%-ით, ხოლო 2005-2025 წლებში (2025 წელს იანვარ-სექტემბრის პერიოდში) 186%-ით გაიზარდა, რაც 2.8-ჯერ და 2.9-ჯერ ზრდას ნიშნავს. 2004 წლის 40 000 ლარი მსყიდველუნარიანობით დღევანდელ 114 000 ლარს უდრის და დღევანდელი 40 000 ლარი 2004 წლის 14 000 ლარს.
2004-2024 წლებში ნომინალური ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი 12.5-ჯერ - 157-დან 1970 ლარამდე, ხოლო ნომინალური წლიური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9.9-ჯერ - 2500-დან 24 900 ლარამდე გაიზარდა.
2004 წელს პირს რომ ქონების გადასახადის ვალდებულება გასჩენოდა, საშუალოზე 21-ჯერ მეტი ხელფასი უნდა ჰქონოდა, ახლა 1.7-ჯერ მეტიც საკმარისია. ნომინალური ხელფასის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2029 წელს საშუალო ხელფასის მქონე ადამიანი ქონების გადასახადის გადამხდელი გახდება.
2013 წლის მდგომარეობით (უფრო ძველი სტატისტიკა ხელმიუწვდომელია), ხელფასის საფუძველზე ქონების გადასახადის გადამხდელთა ბაზაში 49 ათას ადამიანს უწევდა რეგისტრაცია, 2024 წლის მდგომარეობით 5.5-ჯერ მეტს 270 ათასს.
2023 წელს ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა დააანონსა, თუმცა 2 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.
ბოლო 20 წელიწადში სამომხმარებლო ფასებიც გაიზარდა, ნომინალური ხელფასიც და ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტიც, არ შეცვლილა მხოლოდ ქონების გადასახადის ვალდებულების წარმოშობისთვის დაწესებული ზღვარი. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ ქონების გადასახადთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: 20 წელზე მეტი გავიდა რაც ეს გადასახადი [ქონების გადასახადი] შემოვიდა ( ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ’.
მეექვსე მოწვევის პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი 2004 წლის დეკემბერში მიიღო. რომელიც 2005 წლის იანვრიდან ამოქმედდა. გადასახადების საერთო რაოდენობა 21-დან 6-მდე შემცირდა. მათგან ერთ-ერთი ქონების გადასახადი იყო. ქონების გადასახადს იხდიდა იურიდიული პირი და ის ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური დაბეგვრამდელი შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა. ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადის კატეგორიას მიეკუთვნება. განაკვეთი საფეხურებისა (40-დან 100 ათას ლარამდე და 100 ათას ლარზე მეტი) მუნიციპალიტეტების მიხედვით განისაზღვრება, თუმცა ზედა ზღვარი ქონების ღირებულების 1%-ია.
ქონების გადასახადი თავისი არსით ე.წ. მდიდრების გადასახადია. სახელმწიფო ბეგრავს მათ, ვისაც მდიდრებად მიიჩნევს. დაბეგვრის ობიექტს უძრავი ქონება (სახლი, მიწის ნაკვეთი, აგარაკი, სხვადასხვა ტიპის შენობა ნაგებობები) თვითმფრინავები და იახტები წარმოადგენს. 2010 წელს მიღებული ახალი კოდექსით ჩამონათვალს მსუბუქი ავტომობილიც დაემატა.
2004 წელს, პირობით ქვედა ზღვრად წლიური 40 000 ლარის შემოსავალი იქნა მიჩნეული. განსხვავებული, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთით იბეგრებოდნენ ის ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 000 ლარს აღემატებოდა.
დროთა განმავლობაში ინფლაციამ ფულის ღირებულება შეამცირა. 2005-2025 წლებში[1] სამომხმარებლო ფასები 186%-ით, ანუ 2.9-ჯერ გაიზარდა. 2025 წელს მიღებული 40 000 ლარი თავის მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც 2004 წლის 14 000 ლარი და მაშინდელი 40 000 ლარი იგივეა, რაც დღევანდელი 114 000 ლარი. სხვა სიტყვებით, თუ 2004 წელს მთავრობა 39,999 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანს არასაკმარისად მდიდრად თვლიდა და მას ქონების გადასახადს არ აკისრებდა, დღეს მას არათუ მდიდრად, ძალიან მდიდრად თვლის და ქონების გადასახადის მეორე უფრო მაღალი განაკვეთით ბეგრავს.
გრაფიკი 1: 40 000 ლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილება (2004=100)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2004-2024 წლებში მკვეთრად გაიზარდა როგორც ნომინალური საშუალო, ასევე რეალური ხელფასის ოდენობაც. 2004 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური დაბეგვრამდელი ხელფასი 157 ლარს შეადგენდა, 2024 წელს 12.5-ჯერ მეტს - 1970 ლარს. 2004 წელს ადამიანს საშუალოზე 21-ჯერ მეტი ხელფასი უნდა ჰქონოდა ქონების გადასახადის ვალდებულება რომ გასჩენოდა, 2024 წელს კი მხოლოდ 1.7-ჯერ მეტი. 2024 წლის მდგომარეობით, თუ ოჯახში 2 ადამიანი მუშაობს და თითოეულს საშუალო ხელფასის 85% აქვს (დასაბეგრი 1670, ხელზე ასაღები 1300 ლარი) ქონების გადასახადის გადამხდელთა ბაზაში ხვდებიან.
ნომინალური ხელფასი მუდმივად იზრდება, ეკონომიკური კრიზისების პერიოდშიც კი. 2024 წელს ნომინალური ხელფასი 11.5%-ით გაიზარდა. 10%-11%-იანი ზრდა დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებშიც. აღნიშნული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2029 წელს ქვეყნის მასშტაბით და 2027 წელს ცალკე აღებულ თბილისში საშუალო ხელფასი წლიურად 40 000 ლარს გადააჭარბებს.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 3600 ლარი ან მეტი (წლიურად 43 200 ლარი) 270 ათას პირს ერიცხებოდა, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით (უფრო ძველი მონაცემი არ მოიძებნა), 49 ათასს. ხელფასის საფუძველზე ქონების გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა დაახლოებით 5.5-ჯერ გაიზარდა. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, შემოსავლად იჯარა, ჰონორარი და სხვა სახის ფინანსური სარგებელიც ითვლება, თუმცა ძირითადი დატვირთა ხელფასის მიმღებებზე მოდის.
2023 წლის ოქტომბერში ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმის მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საგადასახადო კოდექსში აღნიშნული მიმართულებით არაფერი შეცვლილა, თუმცა გიორგი კაკაურიძე ცვლილების საჭიროებას კვლავ ადასტურებს.
2004-2024 წლებში ნომინალური ხელფასის ოდენობა 12.5-ჯერ - 157-დან 1970 ლარამდე, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9.9-ჯერ - წლიურად 2500-დან 24 900 ლარამდე გაიზარდა, ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ხელფასი და რეალური მშპ 4.5-ჯერ და 3.5-ჯერ, ქონების გადასახადის დაწესებისთვის დადგენილი მინიმალური შემოსავალი კი არ შეცვლილა და ისევ 40 000 ლარია. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.