„კალაძის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყნისათვის მიყენებული ზარალი არის წელიწადში 66 მილიონი ლარი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება. გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი შესაძლებელია მიეწოდოს საქართველოსა და სომხეთს, თუმცა საქართველოს ბოლო წლების მთლიან მოხმარებაში რუსული აირის დაბალი ხვედრითი წილის ფონზე (საშუალოდ 10%-ის ფარგლებში) გაზსადენის ძირითადი დატვირთვა სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტზე მოდის.
2017წლამდე, ტრანზიტის საფასურად საქართველო გატარებული აირის მოცულობის 10%-ს ნატურალური სახით იღებდა (ბოლო წლების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 200 მლნ კუბ.მ წელიწადში), ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით შეძენილ ბუნებრივ აირში 2016 წლის მეორე ნახევრიდან 215 დოლარს იხდიდა. რუსული მხარე ნატურით ანგარიშსწორების ფორმას და ოდენობას მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა და პერიოდულად ანაზღაურების ფულად რეჟიმზე გადასვლას ითხოვდა, რაც ბაზრის მიმდინარე კონიუნქტურის პირობებში საქართველოსათვის მომგებიანი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იყოს (თუ უახლოეს პერიოდში გაზის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, ან ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო მიიღებს გავრცელებულ პრაქტიკასთან შედარებით რამდენჯერმე მაღალ ტარიფს, რაც ნაკლებად სავარაუდოა). კერძოდ, ანაზღაურების მონეტარული რეჟიმის პირობებში ანგარიშსწორება ხდება 1 000 კუბ.მ ბუნებრივი აირის 100 კმ-ზე გატარების სანაცვლოდ დაწესებული ტარიფის შესაბამისად, რომელიც ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგია და არსებული ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 2.7-დან 4.5 დოლარამდე მერყეობს. ვინაიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის სიგრძე მხოლოდ 221 კმ-ია, ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული სახსრებით, თეორიულად, საქართველო იგივე მოცულობის გაზს ვერ შეიძენს (ბუნებრივი აირის მიმდინარე ფასის გათვალისწინებით), რასაც ნატურალური ფორმით იღებდა.
ანგარიშსწორების ფორმის ცვლილების საკითხზე მოლაპარაკებები განსაკუთრებით გამწვავდა 2015 წლის ბოლოს (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევები - ბმული 1; ბმული 2).მაშინ ქართულმა მხარემ სტატუს-კვოს შენარჩუნებას მიაღწია, თუმცა 2016 წლის ბოლოდან დაწყებული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდგომ საქართველო დათანხმდა ტრანზიტის ანაზღაურების მონეტარულ რეჟიმზე გადასვლას. ორწლიანი კონტრაქტის დეტალური პირობები არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია, რომ 2017 წლის განმავლობაში საქართველო საფასურის ნაწილს ძველი კონტრაქტის პირობებით, ნატურალური სახით მიიღებს, ნაწილს კი შეთანხმებული ტარიფის შესაბამისი ფულადი ანაზღაურებით, ხოლო 2018 წლიდან ანაზღაურება სრულად ფულადი სახით განხორციელდება. დამატებით, რუსულმა მხარემ აიღო ვალდებულება საქართველოს წინასწარ შეთანხმებულ ფასად მიაწოდოს მიმდინარე მოხმარების დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი აირი. ფინანსთა სამინისტროს ექსპორტ-იმპორტის ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ივნისის ჩათვლით რუსეთიდან მიღებული გაზის ფასად 215 დოლარი ფიქსირდება, აგვისტოდან კი ფასი 195 დოლარამდე მცირდება. აღნიშნული მონაცემები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ წინასწარ შეთანხმებული ფასი 195 დოლარია.
რაც შეეხება ანგარიშსწორების ახალ ფორმაზე გადასვლით გამოწვეულ შესაძლო დანაკარგებს, ბოლო წლებში, სომხეთის მიერ რუსული გაზის მოხმარების წლიური მაჩვენებელი საშუალოდ 2 მლრდ კუბ.მ-ის ფარგლებშია, შესაბამისად ძველი კონტრაქტის პირობებით საქართველოს წლიურად 200 მლნ კუბ.მ ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. რუსული გაზის ფასი საქართველოსთვის 215[1]აშშ დოლარს შეადგენდა 1 000 კუბ.მ-ზე. შესაბამისად, ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღები ნატურალური რესურსის ღირებულება 43 მლნ დოლარია.
შესაძლო დანაკრგის ან მოგების გასაანგარიშებლად აღნიშნული ღირებულება უნდა შედარდეს ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი კონტრაქტის შესაბამისად მისაღები პირდაპირი და ირიბი სარგებლის ჯამს. პირდაპირი სარგებელი გულისხმობს ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებას, ირიბ სარგებელში კი ახალ პირობებზე დათანხმების სანაცვლოდ მიღებული ფასდათმობით გამოწვეული ხარჯების შემცირება უნდა მოვიაზროთ. ვინაიდან ფასდათმობის ოდენობა 20 დოლარს შეადგენს სარგებელი ფასდათმობიდან აღნიშნული სიდიდისა და გაზპრომისაგან შეძენილი/შესაძენი ბუნებრივი აირის მოცულობის ნამრავლის ტოლია. ამ დრომდე, შემცირებულ ფასად ბუნებრივი აირი საქართველომ მხოლოდ აგვისტოს თვეში შეიძინა (411 768 დოლარის ღირებულების 2 104 700 კუბ.მ ბუნებრივი აირი) და ფასდათმობით მიღებული სარგებელი 40 734 დოლარამდეა. წლის განმავლობაში მიღებული ირიბი სარგებელი დამოკიდებულია გაზპრომისგან გაზის ფაქტობრივი შესყიდვების ოდენობაზე და მისი ზუსტი მნიშვნელობის გაანგარიშება წლის დასასრულს იქნება შესაძლებელი.
თუ ირიბი სარგებლის მეტ-ნაკლებად ზუსტად გაანგარიშება შესაძლებელია, სირთულეს წარმოადგენს პირდაპირი სარგებლის ოდენობის დადგენა, ვინაიდან გაფორმებული კონტრაქტის პირობები კომერციულ საიდუმლოდ იქნა მიჩნეული და არ გასაჯაროებულა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,კონტრაქტით განსაზღვრული ტარიფი 100 კმ-ზე გატარებულ ყოველ 1 000 კუბ.მ ბუნებრივ აირზე 3 დოლარს შეადგენს. ფაქტ-მეტრი არ განიხილავს აღნიშნულ ინფორმაციას როგორც ფაქტს და არ შედის მსჯელობაში მოცემული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არსებობს უტყუარი წყარო მის დასადასტურებლად ან უარსაყოფად. შემდგომი ანალიზი ეყრდნობა მხოლოდ ჰიპოთეტურ დაშვებას, რათა შეფასდეს რა შედეგი დადგებოდა იმ შემთხვევაში თუ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
ტარიფის დასახელებული ოდენობის პირობებში ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღები ანაზღაურება წლიურად 13.3 მლნ დოლარს (2.21*3*2,000,000) შეადგენს. ძველი კონტრაქტის პირობებში მისაღები სარგებლის (43 მლნ დოლარი) და ახალი კონტრაქტის თანახმად მისაღები პირდაპირი სარგებლის[2] (13.3 მლნ დოლარი) სხვაობა 29.74 მლნ დოლარია, რაც რომან გოცირიძის განცხადების თარიღისთვის არსებული გაცვლითი კურსის (2.48) გათვალისწინებით 74 მლნ ლარამდეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან მიღებული გაზის მოცულობისა და მისი ღირებულების ცვლილების ტენდენციის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ანაზღაურების ძველი ფორმა შენარჩუნდა. მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით გაზპრომის მიერ სომხეთში ექსპორტირებული აირის მოცულობაკი მლრდ კუბ.მ-მდეა (მთელი მოხმარების ნახევარი). შესაბამისად, ჰიპოთეტური ზარალი ახალი პირობებიდან მიმდინარე წლის მანძილზე 37 მლნ ლარამდე მცირდება. სავარაუდოდ, აღნიშნულ მაჩვენებელს წლის ბოლომდე რუსეთისაგან შემცირებულ ფასად შესყიდული (შემოდგომა-ზამთრის პერიოდში როგოც წესი იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს დამატებითი რუსული გაზის შესყიდვის აუცილებლობას) მოცულობის შედეგად მიღებული სარგებელი შეამცირებს.
სრულად ფულადი ანაზღაურების სისტემაზე გადასვლის შემდგომ პერიოდზე (2018 წლიდან) კი შესაძლებელია ითქვას, რომ თუ საქართველო საერთოდ არ შეიძენს წლის მანძილზე რუსულ ბუნებრივ აირს (არ მიიღებს ირიბ სარგებელს) ხოლო სომხეთის მოხმარება არსებითად არ შეიცვლება, ძველი პირობების ანალოგიური სარგებლის უზრუნველსაყოფად ტარიფმა 1 000 კუბ.მ აირის 100 კმ-ზე გატარების სანაცვლოდ 9.73 დოლარი უნდა შეადგინოს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ამავდროულად, ყოველ 1 000 კუბ.მ აირზე რომლის შეძენაც საქართველოს რუსული მხარისგან მოუწევს ირიბი სარგებელი 20 დოლარამდეა. ბოლო წლებში რუსული გაზის წილი საქართველოს მოხმარებაში 10-12%-ის ნიშნულზე იყო, რაც 200-300 მლნ კუბ.მ-ს შეესაბამება. რუსული გაზის მოხმარების 300 მლნ კუბ.მ-ზე შენარჩუნების პირობებშიც კი, რუსულ გაზზე ფასის შემცირებით, საქართველო 6 მლნ დოლარის შეღავათს მიიღებს. სომხეთში გაზის გატარებიდან შემოსავლის (13.3 მლნ დოლარი) ჩათვლით, საქართველოს 20 მლნ დოლარამდე სარგებელი ექნება, როცა ძველი კონტრაქტით მინიმუმ 43 მლნ დოლარის ღირებულების გაზს ვიღებდით.
დასკვნაბოლო წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, ძველი კონტრაქტის პირობებით, საქართველოს მიერ სომხეთში ტრანზიტულად ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ, საშუალოდ მიღებული/მისაღები გაზის ღირებულება უხეში გათვლებით 43 მლნ დოლარია. კონტრაქტის ცვლილების პირობებშიც აღნიშნული ოდენობის სარგებელს მიიღებს თუ არა ქართული მხარე, დამოკიდებულია ერთი მხრივ ტრანზიტისთვის განსაზღვრულ ტარიფზე, მეორე მხრივ კი ბუნებრივი აირის მოცულობაზე, რომლის რუსული მხარისგან შესყიდვის აუცილებლობა წარმოეშობა საქართველოს. „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული ტარიფის შესახებ ინფორმაციის არქონის პირობებში, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რა სარგებელს/ზარალს ნახულობს საქართველო ახალი კონტრაქტზე ხელმოწერით.
თუმცა, იმ დაშვების პიროებებშიც კი, რომ ტარიფის დასახელებული ოდენობა (3$) სიმართლეს შეესაბამება, ზარალი კონტრაქტის ძველ პირობებთან შედარებით 2017 წლისათვის სავარაუდოდ გაცილებით ნაკლებია 66 მლნ ლარზე, ვინაიდან გაანგარიშება ერთის მხრივ არ ითვალისწინებს კონტრაქტის ახალი პირობებით დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას. მეორე მხრივ კი უგულვებელყოფილია წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი აირის ნატურალური სახით მიღების პრაქტიკის სავარაუდოდ შენარჩუნების ეფექტი. სხვა თანაბარ პირობებში, დანაკლისი 2018 წლიდან გაიზრდება 23 მლნ დოლარამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი კონტრაქტის პირობებში საქართველო დიდი ალბათობით ნაკლებ სარგებელს იღებს ძველი კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, თუმცა დანაკარგის ზუსტი ოდენობის დასახელება, კონტრაქტში ასახული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის უტყუარი წყაროს არ არსებობის პირობებში, შეუძლებელია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშეტოვებს.
[1]
რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესაძენი მიმდინარე ფასი 195 დოლარია თუმცა ფასის შემცირება ახალ კონტრაქტზე გადასვლის ერთ-ერთი პირობაა და კონტრაქტის ძველი პირობების შენარჩუნებისას აირის შესაძენი ფასიც არ შემცირდებოდა, შესაბამისად გაანგარიშებისას მიზანშეწონილია დავეყრდნოთ ახალი კონტრაქტის შეთანხმებამდე არსებულ ღირებულებას.
[2] თუ დავუშვებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.