რუსეთის ფედერაციიდან ბუნებრივი აირის შესაძლო იმპორტის საკითხი 2015 წლის 25 სექტემბრიდან გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც "გაზპრომის" ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია

გამოქვეყნდა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს როგორც სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული დეტალები, ისე საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი. 2016 წლის იანვრის ჩათვლით "გაზპრომის" წარმომადგენლებთან დამატებით ოთხი შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციის თავდაპირველი გავრცელების შემდგომ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები სომხეთში ტრანზიტის დეტალებს და რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შესყიდვის საკითხს ეხებოდა და შემდგომ კი დააზუსტა, რომ საუბარი მხოლოდ კომერციულ გაზზე იყო. სახელისუფლებო გუნდის მხრიდან დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეც გაკეთდა განცხადებები. საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანში დაუგეგმავი ვიზიტით ჩასულმა, შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ნათიკ ალიევსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრების დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ვიზიტი "გაზპრომისგან" გაზის შესაძლო შესყიდვის საკითხს არ უკავშირდება, უარყო რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლების შესაძლებლობა და საუბარს ნებისმიერ დივერსიფიკაციაზე აბსურდული უწოდა. აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკური პარტიის" მიმართვის პასუხად, 2015 წლის 30 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დაფიქსირებული პოზიციით, "გაზპრომისგან" სახელმწიფოს მიერ კომერციული სექტორისათვის გაზის შესყიდვა არ იგეგმებოდა, ხოლო სოციალური გაზის შესყიდვის საჭიროება კი არ იდგა, ვინაიდან სოციალური მოთხოვნის დაკმაყოფილება აზერბაიჯანულ მხარესთან 2009 წელს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებით იყო უზრუნველყოფილი. უშუალოდ კომერციული სუბიექტების მიერ გაზის შეძენის პროცედურაში მთავრობა არ ერევა. ხელშეკრულების მხარეებს შორის შეთანხმება სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშეა შესაძლებელი და მსგავსი პრეცედენტი

ცნობილია.

ერთმანეთისგან განსხვავდება მოლაპარაკების საგანთან დაკავშირებით კახა კალაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიც. თავდაპირველად, კალაძემ ახალი მომწოდებლის მოძიების აუცილებლობა აზერბაიჯანული გაზის სიძვირით ახსნა. ასევე, დასახელდა მიზეზი, რომ აზერბაიჯანს გაზის საკმარისი რესურსი არ გააჩნდა და მოპოვებაში პრობლემა ჰქონდა. აღნიშნულის უარყოფა აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ სცადა.

  გრაფიკი 1:

გაზის ჯამური მოხმარების ტენდენცია საქართველოში, 2013-2016 წლებში

image001 წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ პრობლემა არა გაზრდილი ჯამური მოხმარების დაკმაყოფილებაში, არამედ პიკური მოხმარების პერიოდში, დღიურად მოხმარებული მოცულობის მოსაწოდებლად საჭირო ტექნიკური შესაძლებლობის არარსებობაში მდგომარეობს. კახა კალაძის მიმდინარე წლის 12 იანვრის განცხადებით,

ზამთრის პერიოდში დღიურმა მოხმარებამ 11 მლნ კუბ.მ-ს მიაღწია, აზერბაიჯანიდან მომავალი გაზსადენებით კი, ამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. მისი განმარტებით, ე.წ. "ყაზახის" გაზსადენით დღიურად საქართველოს 6 მლნ კუბ.მ, სამხრეთ-კავკასიური მილსადენით კი 2.9 მლნ კუბ.მ ბუნებრივი აირი მოეწოდება. 2015 წლიდან, დანაკლისის ანაზღაურებისათვის მხოლოდ ტრანზიტულად სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ (2015 წელს 210 მლნ კუბ.მ-მდე) საქართველოში დასარჩენი ბუნებრივი აირი საკმარისი არ არის. შესაბამისად, 2015 წელს დეფიციტის შესავსებად საქართველომ უკვე მოიხმარა 2016 წლის ქვოტით გათვალისწინებული ტრანზიტის საფასურის ნახევარი. 2016 წელს კი, ჯამური დეფიციტის შესავსებად საჭირო გაზის მოცულობა 300-400 მლნ კუბ.მ-ს შეადგენს და მისი შესყიდვა გაზპრომისაგან იგეგმება. დასახელებული მოცულობა საქართველოს 2016 წლის გეგმიური მოხმარების 12-16%-ს უტოლდება. ტრანზიტის საფასურად საქართველოში დასარჩენი გაზის მოცულობის ჩათვლით კი, რუსული გაზის წილი მთლიან მოცულობაში 20-25%-ს მიაღწევს.

პიკურ პერიოდში მიწოდებაში ტექნიკური პრობლემის არსებობა დაადასტურა "სოკარ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა. თუმცა, მისი განმარტებით, "

სოკარი" "შაჰ-დენიზის" გაზსადენის კომერციული ოპერატორია და შესაძლებლობა აქვს ზამთარ-ზაფხულს ამ მილსადენით მოწოდებული მოცულობის პროპორციების შეცვლით დააკმაყოფილოს დანაკლისი. ამავდროულად, "სოკარი" 7 მლნ-მდე გაზრდის "ყაზახის" გაზსადენით მოწოდებულ მოცულობას. აღნიშნული შესაძლებლობის არსებობის პირობებში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდებოდა რუსული გაზის წინმსწრებად ათვისება და არა "სოკართან" უფრო ინტენსიური მუშაობა და პიკურ პერიოდში დამატებითი მოცულობის მიწოდების ტექნიკური უზრუნველყოფა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ის რუსული გაზის ფასს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, თუმცა ის აზერბაიჯანული გაზის ფასზე ნაკლებია. მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით

კი, რუსული გაზის ფასი საკმაოდ მაღალია (თუმცა, მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ მისი მოადგილის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა).

ვინაიდან "სოკარსა" და ქართულ მხარეს შორის კომერციულ გაზზე გაფორმებული კონტრაქტის პირობები კომერციული საიდუმლოა, ჩვენ აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასზე მხოლოდ ირიბ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვისაუბროთ. მოსახლეობისთვის მისაწოდებელი სოციალური გაზის ფასი დღეისათვის შეადგენს 120 აშშ დოლარს 1 000 კუბ.მ-ზე, ხოლო თბოსადგურებისთვის 143 აშშ დოლარს 1 000 კუბ.მ-ზე. ე.წ სოციალური გაზის (2015 წელს 1.35 მლრდ კუბ.მ) ძირითად წყაროს სომხეთის ტრანზიტის შედეგად მიღებული გაზის მოცულობა და "შაჰ-დენიზის" კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენენ, დანარჩენი მოცულობის შევსება კი უზრუნველყოფილია "სოკართან" გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, რევაზ არველაძის ინფორმაციით, "შაჰ-დენიზის" კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით, თურქეთის მიმართულებით გატარებული ტრანზიტის 5% საქართველოს უფასოდ ეკუთვნის (2014 წლის მონაცემით - 295 მლნ კუბ.მ), დამატებით 500 მლნ კუბ.მ გაზს საქართველო იღებს - "55 დოლარს დამატებული 1.5% წელიწადში" - პირობით. შემდეგ მოდის 500 მლნ კუბ.მ მოცულობის გაზი, რომლის ფასიც ყოველ 1 000 კუბ.მ-ზე 189 დოლარია. ხსენებულ მოცულობებს ზევით მიღებული ბუნებრივი აირის ფასი, ექსპერტის განმარტებით, 250 დოლარს შეადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციითაც, აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი 260 დოლარის ფარგლებშია.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში, 2014 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1 939 მლნ კუბ.მ ბუნებრივი აირი მიიღო, გადახდილმა თანხამ კი მთლიანობაში 295 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ყოველ მოხმარებულ 1 000 კუბ.მ გაზზე საქართველომ საშუალოდ 152 დოლარი გადაიხადა. 2015 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს 2 084 მლნ კუბ.მ გაზი მიაწოდა, საშუალო შეწონილმა ფასმა კი 148.6 დოლარი შეადგინა.

"

გაზპრომის" მონაცემებით, 2013 წელს რუსული გაზი ევროპას საშუალოდ 304 დოლარად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კი საშუალოდ 224 დოლარად მიეწოდებოდათ. 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, რუსული გაზის ფასი (გერმანიის საზღვარზე) 1 000 კუბ.მ-ზე 212.3 დოლარს შეადგენდა.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით აღებული მაჩვენებელი ცალსახად ასახავს რუსეთის პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტული ქვეყნის მიმართ (იხ. ბმული). კერძოდ, ბუნებრივი აირი რუსეთის "მეგობარ" ბელორუსს და სომხეთს შესაბამისად 166 და 189 დოლარად მიეწოდებოდათ. კონფრონტაციაში მყოფ უკრაინას 2013 წელს 1 000 კუბ.მ ბუნებრივ აირში 485 დოლარის გადახდა უწევდა (იხ. ბმული). 2014 წლის მონაცემებით, ფასი შენარჩუნდა სომხეთსა და ბელორუსში, უკრაინისთვის კი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ფასი 268 დოლამდე შემცირდა, ხოლო პრორუსული მთავრობის მართვიდან ჩამოცილების შემდგომ ფასი 468 დოლარამდე გაიზარდა (იხ. ბმული1; ბმული2). დღეის მდგომარეობით კი, 2016 წლის პირველ კვარტალში მისაწოდებელი რუსული გაზის ფასი უკრაინისთვის 230 დოლარია. 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში ფასი არ შეცვლილა, თუმცა რუსულ მხარესთან მისი 165 დოლარამდე შემცირების საკითხი უკვე შეთანხმებული იყო (იხ. ბმული). აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმისტური გათვლების პირობებშიც, რუსული გაზის საშუალო ფასი აზერბაიჯანული გაზის საშუალო ფასზე ნაკლები დიდი ალბათობით არ იქნება. მეტიც, ექსპერტთა განმარტებით, რუსული გაზის ფასი საშუალოდ აზერბაიჯანულზე 100 დოლარით მაღალი იქნება (იხ. ბმული).

ფაქტ-მეტრის შეფასებით, თუ რუსეთი ("გაზპრომი") გადაწყვეტს, საქართველოს გაზი იმავე ფასში ან უფრო იაფად მიაწოდოს, ვიდრე ბელორუსსა და სომხეთს, ეს პოლიტიკური და არა კომერციული ფასი იქნება.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ შექმნილი ვითარების ანალიზისას ლეგიტიმური კითხვები ჩნდება მთავრობის მისამართით. არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლები ადრეც ცნობილი იყო ხელისუფლებისათვის, შესაბამისად გაურკვეველია, რატომ შეხვდა მთავრობა მოსალოდნელ პრობლემას მოუმზადებელი და დამდგარი შედეგის პრევენციის მიზნით რატომ არ იქნა გადადგმული ნაბიჯები რამდენიმე წლით ადრე? მოთხოვნა-მიწოდებაში მოკლევადიანი შეუსაბამობის დასაბალანსებლად უკვე დაგეგმილია გაზსაცავის მშენებლობა, თუმცა შესაძლებელი იყო თუ არა მისი მშენებლობის დაგეგმვა და განხორციელება უფრო ადრე, ვიდრე დღეის მდგომარეობითაა დაგეგმილი? ასევე, კითხვებს ბადებს ის, თუ რით იყო გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზების ძიება - "გაზპრომთან" მოლაპარაკებით - მაშინ, როდესაც აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრების ინტენსიფიკაცია მხოლოდ პოსტფაქტუმ მოხდა. ასევე, გაურკვევლობა წარმოშვა "გაზპრომთან" შეხვედრების საიდუმლო ვითარებაში გამართვამ. საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტებისთვის უცნობი იყო არათუ მოლაპარაკების საგანი, არამედ მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაც. საზოგადოების პროტესტის, ცხარე დისკუსიისა და მედიის აქტიურობის შედეგად, აღნიშნული მოგვიანებით გამოსწორდა.

ბოლო შეხვედრებამდე არ გასაჯაროებულა მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტიც, რაც ტრანზიტის საფასურის ანაზღაურების სასაქონლო ფორმის ფულადით ჩანაცვლების მოთხოვნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, საქართველო "გაზპრომისგან" სომხეთში ტრანზიტით გატარებული მოცულობის 10%-ს იღებს. უცნობია, რა მოცულობის ანაზღაურებას სთავაზობს "გაზპრომი" სანაცვლოდ ქართულ მხარეს, თუმცა ექსპერტთა შეფასებით, ვინაიდან გაზსადენის სიგრძე მცირეა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ანაზღაურება საკმაოდ მცირე იქნება.

შესაბამისად, მიღებული სახსრებით ვერ მოხერხდება იგივე მოცულობის ბუნებრივი აირის შეძენა, რაც ნატურალური ფორმით შეიძლებოდა მიეღო საქართველოს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გაზის ხსენებული ნაკადი მთლიანი სოციალური გაზის მოცულობის ნაწილს წარმოადგენს. მისი ჩანაცვლება საბაზრო ფასად შეძენილი რესურსით კი, გაზრდის სოციალური გაზის ღირებულებას, რაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასზეც აისახება.

ექსპერტების შეფასებით, კონტრაქტის აღნიშნული პუნქტის შეცვლა მუდმივად წარმოადგენდა "გაზპრომის" ინტერესის საგანს, თუმცა დღემდე საქართველო პირობების შენარჩუნებას ახერხებდა. კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომმა" ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სომხეთს გაზით ირანიდან მოამარაგებდა. ირანიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის მიმდინარე წლიური გამტარუნარიანობა 1 მლრდ კუბ. მ-მდეა, ხოლო სომხეთის მოხმარება 2 მლრდ-ს აჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ სომხეთს ირანთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ხელშეკრულების პირობებით, სომხეთი ირანიდან მიღებული გაზით ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს, მის ნაწილს კი ირანს აწვდის. ამდენად, გაზსადენის სრული რესურსის სომხეთის მომარაგებაზე გადართვა სირთულეს წარმოადგენს.

გამტარუნარიანობის გაზრდა ტექნიკურად შესაძლებელია 2-2.5 მლრდ კუბ. მ-მდე, თუმცა, არა მოკლევადიან პერიოდში. შესაბამისად, სომხეთის გაზით ირანიდან მომარაგება რუსეთის მხრიდან უფრო შანტაჟს წარმოადგენს, ვიდრე რეალობას. სომხეთის გაზმომარაგების სრულფასოვანი ალტერნატიული წყაროს არარსებობის პირობებში კი, ქართულ მხარეს აქვს ბერკეტი, რომ კონტრაქტის პირობები ამ ეტაპზე უცვლელად შეინარჩუნოს.

ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის მიუხედავად, ვერ მოახერხა მომზადებული შეხვედროდა პერიოდს, როდესაც ბუნებრივ აირზე ჯამური მოხმარება ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის კრიტიკულ ზღვარს მიაღწევდა (მაგალითად, აზერბაიჯანულ მხარესთან მუშაობის ინტენსიფიკაცია, საკომპრესორო სადგურების დამონტაჟება, ტარიფის კორექტირება, ალტერნატიული ენერგიის წყაროების უფრო ინტენსიური განვითარება და ა.შ.). ექსპლუატაციაში შესული გაზსაცავის არარსებობის პირობებში, დეფიციტის აღმოსაფხვრელად დამატებითი მოცულობის შეძენა "გაზპრომისგან" გახდა აუცილებელი, რამაც მოლაპარაკების პროცესში რუსულ მხარეს მისცა საშუალება, ტრანზიტის პირობების გადახედვის სახით, დამატებითი მოთხოვნა წამოეყენებინა. ამ პრობლემამ თავი 2015 წელს იჩინა და იმ დროისთვის მთავრობამ მარტივი დროებითი გამოსავალი იპოვა. 2015 წელს მივიღეთ 2016 წელს "გაზპრომისგან" ტრანზიტის ქვოტით მისაღები გაზის ნახევარი, რითაც მიმდინარე წლის დეფიციტი კიდევ უფრო გავზარდეთ.

უკანასკნელ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციის გამოსწორებას ცდილობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო შეხვედრა 20 იანვარს ვენაში გაიმართა და კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მორიგი შეხვედრის გამართვის ადგილი და თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი