-
დაბა ჩაქვსა და ბათუმში რაგბის სტადიონები...
არ შესრულდაარ შესრულდა -
წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ძალი...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა -
თბილისის მეტროს გაჭიანურებული პროექტები
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი
Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ სტატიებზე ვერდიქტის შესწორებისა და გასაჩივრების გზამკვლევი
2016 წელს, Meta-მ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, ფაქტების გადამმოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ფაქტების გადამოწმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. 2020 წლის 21 სექტემბერს, Meta-მ აღნიშნული პროგრამა საქართველოშიც აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც, მისი ადგილობრივი პარტნიორები „ფაქტ-მეტრი“ (www.factcheck.ge) და „მითების დეტექტორი“ (www.mythdetector.ge) გახდნენ. აღნიშნული ორგანიზაციები პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული წევრები არიან. გარდა ამისა, ორივე ორგანიზაცია ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) აკრედიტირებული წევრები არიან.
Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფაქტების გადამმოწმებლები ინფორმაციის სიზუსტეს ამოწმებენ Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე. შესაძლო არასწორი ინფორმაციის შემცველი მასალის აღმოჩენის შემდეგ, პროგრამის მონაწილე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები სადავო მასალას Facebook-ის შემდეგი ვერდიქტებით აფასებენ:
1. ცრუ
2. დარედაქტირებული
3. ნაწილობრივ ცრუ
4. კონტექსტის გარეშე
5. სატირა
6. სიმართლე
აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრისა“ (www.factcheck.ge) და „მითების დეტექტორის“ (www.mythdetector.ge) მიერ პირველი 4 ვერდიქტით (ცრუ, დარედაქტირებული, ნაწილობრივ ცრუ, კონტექსტის გარეშე) შეფასებული შინაარსის გამავრცელებელ გამომცემლებს (ინდივიდუალური მომხმარებელი, Meta-გვერდი) Meta გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, რაც, მათ შორის, ასეთი მასალის გავრცელების შეზღუდვას გულისხმობს. იმავე გამომცემლების მიერ იდენტური დარღვევის განმეორებითი გამოვლენის შემთხვევაში, Meta-მ შესაძლოა, მათ წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართოს: გავრცელების შემცირებას, რეკლამირებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვას და სხვა.
გაითვალისწინეთ, რომ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული სტატია და შესაბამისი ვერდიქტი შესაძლოა, Meta-მ გამოიყენოს სხვა მსგავსს ან იდენტურ Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მასალებზე ვერდიქტის და შეზღუდვის ავტომატურად გასავრცელებლად. ამ შემთხვევაში, მასალაზე მითითებული იქნება შემდეგ წინადადება: „იგივე ინფორმაციამ სხვა პოსტიდან გაიარა ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება.“ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ მასალაზე „ფაქტ-მეტრს“ არ შეუძლია შესწორების ან გასაჩივრების მოთხოვნის განხილვა. აღნიშნულის შესახებ ვრცლად იხილეთ Meta-ს პოლიტიკა.
შესაძლებელია თუ არა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ვერდიქტის გადახედვა?
პოსტისთვის მინიჭებული ვერდიქტის გადახედვის ორი შესაძლებლობა არსებობს:
● მასალის შესწორება: თუ ეთანხმებით ვერდიქტს, რომელიც თქვენს მიერ გაზიარებულ მასალას მიენიჭა, შეგიძლიათ დაშვებული უზუსტობა შეასწოროთ, რაც გულისხმობს დაშვებული შეცდომის შესახებ მკითხველის მკაფიოდ ინფორმირებას ცვლილებების იმავე ბმულზე შეტანის გზით, რომელზეც საწყისი სადავო მასალა გავრცელდა. შესწორების განხორციელების შესახებ „ფაქტ-მეტრის“ ინფორმირების შემდეგ ჩვენ Facebook-ზე თავდაპირველ ვერდიქტს მოვხსნით. შესწორების განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.
● ვერდიქტის გასაჩივრება: თუ არ ეთანხმებით ვერდიქტს, შეგიძლიათ ის გაასაჩივროთ, რის შემდეგაც თქვენს არგუმენტებს განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას ვერდიქტის მოხსნის ან ძალაში დატოვების შესახებ. გასაჩივრების განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ.
შენიშვნა! არ წაშალოთ სადავო მასალა, იქნება ეს Facebook-პოსტი თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიმართ Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩება და ჩვენ ვერ შევძლებთ მინიჭებული ვერდიქტის შეცვლას, ვერც შესწორების და ვერც გასაჩივრების მოთხოვნის საფუძველზე.
ვის შეუძლია მომართვა?
დაინტერესებულ მხარეს - გამომცემელს (ინდივიდუალური მომხმარებელი, Facebook-გვერდი), ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სადავო მასალის გავრცელებაზე, შეუძლია, მოგვმართოს და მისი მასალისთვის მინიჭებული ვერდიქტის შესწორება ან გასაჩივრება მოითხოვოს.
რა ვადებში შეიძლება შესწორების ან გასაჩივრების მიზნით მომართვა?
დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) რედაქციას Meta-ზე გამოქვეყნებული მასალისათვის ვერდიქტის მინიჭებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მომართოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული საჩივრები არ განიხილება.
რა ვადებში მოხდება რეაგირება?
საწყისი მასალის სრულყოფილად შესწორებისა და ამის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) ინფორმირების შემთხვევაში, დასაბუთებული პასუხის დაბრუნება 3 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება, რა დროსაც „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტის გადახედვის ან ძალაში დატოვების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი გასაჩივრების ან შესწორების მომართვა მოიცავს შევიწროების, სიძულვილისა თუ სხვა ტიპის მუქარის ენას, „ფაქტ-მეტრი“ იტოვებს უფლებას, არ დააბრუნოს პასუხი.
როგორ ხდება მასალის შესწორება?
თუ ჩვენს მიერ Meta-ს პლატფორმებზე მინიჭებულ ვერდიქტს ეთანხმებით და გამოქვეყნებული მასალის შესწორება გსურთ:
● შეფასებული პოსტი არ წაშალოთ! პოსტის წაშლა მის შესწორებას და/ან Meta-ს მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას შეუძლებელს გახდის.
● შესწორება გამოქვეყნებული მასალის ტიპის მიხედვით უნდა მოხდეს:
1. ფოტო/ვიდეო მასალის შესწორება.
- თუ მცდარი ინფორმაცია ფოტო ან ვიდეო პოსტის სახით გაავრცელეთ, Meta-ს პლატფორმებზე ფოტოს/ვიდეოს აღწერაში მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება და ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები, რათა მკითხველმა ფოტოს/ვიდეოს შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. ამისათვის შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის დამატებითი ბმულები (მათ შორის “ფაქტ-მეტრის” განმარტებითი სტატიის) დაურთოთ.
2. საავტორო ტექსტის (text-only post) შესწორება
- თუ მცდარი ინფორმაცია მხოლოდ ტექსტური პოსტის (text-only post) სახით გაავრცელეთ, ის სწორი ინფორმაციით ჩაანაცვლეთ, ხოლო დასაწყისში მიუთითეთ, რომ პოსტში შესწორება განხორციელდა. ასევე, გარკვევით განმარტეთ შეტანილი ცვლილებები. შეგიძლიათ პოსტს განახლებული ინფორმაციის დამატებითი ბმულები (მათ შორის “ფაქტ-მეტრის” განმარტებითი სტატიის) დაურთოთ.
3. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის შესწორება - Facebook-ზე გაზიარებული მასალის შესწორებისთვის, რომელიც თავდაპირველად თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგი ცვლილებები განახორციელეთ:
⮚ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის დასაწყისში მიუთითეთ, რომ ტექსტის თავდაპირველი ვერსია არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და მკაფიოდ განმარტეთ შეტანილი ცვლილებები და უზუსტობები.
⮚ საჭიროების შემთხვევაში, შეასწორეთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური ისე, რომ მასში არასწორი ინფორმაცია აღარ იკითხებოდეს და სათაურშივე მიუთითეთ, რომ სტატია შესწორებულია - სიტყვით „შესწორებულია“.
⮚ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოსტის აღწერაშიც მკაფიოდ მიუთითეთ შესწორება. ასევე, გარკვევით განმარტეთ პოსტში შეტანილი ცვლილებები.
მას შემდეგ, რაც მასალის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებას შეიტანთ, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნა Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ:
• თქვენი პროფილიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის გადადით პროფილის სტატუსზე (საკუთარ პროფილზე, მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს, რომელზეც სამი წერტილი არის გამოსახული. ჩამოშლილ სიაში იხილავთ პროფილის სტატუსზე გადასასვლელ ღილაკს).
• თქვენს მფლობელობაში არსებული გვერდიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის, გადადით გვერდის სტატუსზე.
• თქვენ მიერ ადმინისტრირებული ჯგუფიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის გადადით ჯგუფის სტატუსზე.
• თქვენ მიერ გავრცელებული დარეკლამებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნისთვის გადადით ბიზნესის მხარდაჭერის მთავარ გვერდზე.
თითოეულ მათგანში ასახული იქნება ფაქტების გადამოწმების სტატიები, რომლითაც თქვენი პოსტები ვერდიქტით იქნა შეფასებული.
დეტალურად Instagram-სა და Threads-ის პოსტზე შესწორების გამოგზავნის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.
იმ შემთხვევაში, თუ თავად Meta-ს პლატფორმების საშუალებით ვერ ახერხებთ ვერდიქტის შეცვლის მოთხოვნას, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) შესწორების ნიმუში და შეტანილი ცვლილებების შესახებ გვაცნობეთ ელექტრონულ მისამართზე [email protected]. ჩვენ გავეცნობით თქვენს შესწორებას და იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილადაა შესრულებული, რაც მკითხველს დაშვებული შეცდომისა და სწორი ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდის, Meta-ს პლატფორმებზე თქვენი მასალისთვის მინიჭებულ ვერდიქტს შევცვლით.
შენიშვნა! არასრულად შესრულებული შესწორების შემთხვევაში ვერდიქტის შეცვლა არ მოხდება. შესწორების მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია ვერდიქტის მინიჭებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
როგორ ხდება ვერდიქტის გასაჩივრება?
შეფასებული პოსტი არ წაშალოთ! პოსტის წაშლა მის გასაჩივრებას და/ან Meta-ს მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას შეუძლებელს გახდის.
ვერდიქტის გასაჩივრება Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ:
• თქვენი პროფილიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით პროფილის სტატუსზე. (საკუთარ პროფილზე, მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს, რომელზეც სამი წერტილი არის გამოსახული. ჩამოშლილ სიაში იხილავთ პროფილის სტატუსზე გადასასვლელ ღილაკს).
• თქვენს მფლობელობაში არსებული გვერდიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით გვერდის სტატუსზე.
• თქვენს მიერ ადმინისტრირებული ჯგუფიდან გავრცელებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით ჯგუფის სტატუსზე.
• თქვენს მიერ გავრცელებული დარეკლამებული პოსტის ვერდიქტით შეფასების შემთხვევაში, ვერდიქტის გასაჩივრების მოთხოვნისთვის გადადით ბიზნესის მხარდაჭერის მთავარ გვერდზე.
თითოეულ მათგანში ასახული იქნება ფაქტების გადამოწმების სტატიები, რომლითაც თქვენი პოსტები ვერდიქტით იქნა შეფასებული.
დეტალურად Instagram-სა და Threads-ის პოსტზე საჩივრის გამოგზავნის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.
იმ შემთხვევაში, თუ თავად Meta-ს პლატფორმების საშუალებით ვერ ახერხებთ ვერდიქტის გასაჩივრებას, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ „ფაქტ-მეტრის“ (www.factcheck.ge) შესწორების ნიმუში და გასაჩივრების მოთხოვნა გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected].
შენიშვნა! არასრულად შევსებული ან ვადების დარღვევით შემოსული საჩივარი არ განიხილება. ვერდიქტის გადახედვის მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია შეფასებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
„ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიებზე შესწორების მოთხოვნა
2013 წლიდან „ფაქტ-მეტრის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ზრდა და მათ განცხადებებში მოცემული ფაქტების გადამოწმებაა. „ფაქტ-მეტრი“ უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, „ფაქტ-მეტრი“ სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წარმოდგენას. ჩვენი გუნდი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს.
განახლება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ.
შესწორება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ.
განახლებულ თუ შესწორებულ სტატიას თვალსაჩინო ადგილას მიეთითება, თუ ვისი თხოვნით ან რა არგუმენტის გამო განახლდა/შესწორდა ის. აგრეთვე, მსგავსი სტატიები ხელახლა ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ ვებ და სოციალური მედიისგვერდებზე. იმ შემთხვევაში თუკი ორიგინალ პუბლიკაციაში შეუძლებელი ცვლილების შეტანა (მაგ. FactCheck.ge-ის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია), ხელახლა გამოქვეყნდება მასალა იმავე ფორმატითა და არხით, როგორც ორიგინალი, და თვალსაჩინოდ მიეთითება შეტანილი ცვლილებები.
დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს დასაბუთებული მოსაზრება შემდეგ იმეილზე [email protected], ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/). შემოსულ წერილს ფაქტ-მეტრის სარედაქციო საბჭო სტატიის ავტორთან ერთად განიხილავს [1].
[1] სარედაქციო საბჭო შედგება სამი რედაქტორისგან: მთავარი რედაქტორი, ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამული მიმართულების რედაქტორი და მმართველი რედაქტორი. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით.
თუ თვლით, რომ ფაქტმეტრი არღვევს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ან/და ევროპულ პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy
ან მიმართეთ ფაქტების გადამოწმების ევროპულ ქსელს (EFCSN), მისამართზე: https://efcsn.com/complaints/
IFCN და EFCSN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პროექტს შეუჩერონ ან გაუუქმონ ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი.
2022 წელს შესწორებული მასალები
- იოსებ ხახალეიშვილი: „სულ მოკლე ხანში დაიწყება აღნიშნული ობიექტების [ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე და კოლხური შადრევანი] რეაბილიტაცია“. https://factcheck.ge/ka/story/41094
- სოციალურ ქსელში არესტოვიჩის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/40853
- სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება“. https://factcheck.ge/ka/story/41425
2023 წელს შესწორებული მასალები
- ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას - https://factcheck.ge/ka/story/42156
- დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა - https://factcheck.ge/ka/story/42271
- ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული ბავშვები გალიებში გამოკეტა, ისრაელის გამოცემა არ ადასტურებს - https://factcheck.ge/ka/story/42272