ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი

ანალიზი: 2023 წლის 15 აგვისტოს Black Sea Arena-ზე კონცერტი იმართებოდა, სადაც სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი უკრავდა. მათ შორის იყო „The Killers“-ი, რომლის სოლისტმაც, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, აუდიტორიიდან სცენაზე ეროვნებით რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულ ფაქტს მსმენელთა ნაწილი უარყოფითად შეხვდა, რასაც უკმაყოფილო შეძახილებიც მოჰყვა. „The Killers“-მა სიმღერა რუს დრამერთან ერთად შეასრულა და ამავდროულად, განაცხადა, რომ დარბაზში შეკრებილი მსმენელები ერთმანეთის დები და ძმები არიან. ამის გამო, მსმენელთა დიდმა ნაწილმა დარბაზი კონცერტის დასრულებამდე დატოვა, ხოლო ჯგუფმა გამოსვლა სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაასრულა.

აღნიშნულ საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე კომენტარები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს, მათ შორის, ერთ-ერთი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი კობახიძეა, რომელმაც ხალხის აღელვებას „ხელოვნური“ უწოდა. მისი თქმით: „გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას, აქირავებდა, აქირავებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, აქირავებდა, ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მგონია, მაქვს უფლება, მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები არის ხელოვნური. შეიძლება, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად აღელდა, გასაგებია, ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები.“

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ინფორმაცია გიორგი ვაშაძის მიერ რუსეთის მოქალაქისთვის ბინის მიქირავების შესახებ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაიკავა, საქართველოში რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხზე დებატი გააქტიურდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა და მასთან ეკონომიკური კავშირები აუცილებელია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს, მათ შორის, დაკეტოს საზღვარი და აღკვეთოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება. რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, ძირითადად, ოპოზიციური ძალები გამოდიან.

ოპოზიციურ ძალებს შორისაა გიორგი ვაშაძეც, რომელიც აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი დროებით უნდა დაკეტილიყო, რათა არ მომხდარიყო საქართველოს ანექსია ტანკების გარეშე.

ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ გიორგი ვაშაძის ოჯახმა რუსეთის მოქალაქეს ბინა ნამდვილად დაუთმო. ეს ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებმა შეიტყვეს. 2023 წლის 17 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ აღნიშნულ ფაქტს სიუჟეტიც მიუძღვნა, რომელშიც საუბარია, რომ გიორგი ვაშაძის ოჯახს ბინა რუსეთის მოქალაქისთვის აქვს მიქირავებული.

ბინის დათმობის ფაქტს თავად ვაშაძეც აღიარებს. ის ამბობს, რომ ბინით მოსარგებლე ხარკოვშია დაბადებული და მისი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს, თუმცა ის რუსეთის მოქალაქეა. ვაშაძის განმარტებით, ეს ადამიანი ბინაში მისმა დედამ ნაცნობის თხოვნით მას შემდეგ შეუშვა, რაც გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ის ნამდვილად უკრაინელი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ მისმა ოჯახმა წარმოშობით უკრაინელ რუსეთის მოქალაქეს ბინა დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადასცა და ასევე უსასყიდლოდ სხვა ადამიანებიც დააბინავა.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, ქირავნობა სასყიდლიანია [1], რაც იმას გულისხმობს, რომ დამქირავებელი ვალდებულია, გამქირავებელს დათქმული ქირა გადაუხადოს. ქირავნობის უსასყიდლოდ ანუ ქირის წინასწარი დათქმის გარეშე დადება შეუძლებელია. მის ალტერნატივად თხოვება ითვლება, რომელიც, ქირავნობისგან განსხვავებით, უსასყიდლოა. გიორგი ვაშაძე ადასტურებს ბინის რუსეთის მოქალაქისთვის უსასყიდლოდ დათმობის ფაქტს. ფაქტ-მეტრი მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს, იღებს, თუ - არა პოლიტიკოსი მატერიალურ სარგებელს აღნიშნული გარიგებიდან. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება ბინის გაქირავების ნაწილში დაუსაბუთებელია და საჯაროდ ხელმისაწვდომი თუ სხვა ფორმით გასაჯაროებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.


[1]https://gccc.tsu.ge/წიგნი-მესამე/კერძო-ნაწილი/კარი-i-სახელშეკრულებო-სამ/თავი-iii-ქირავნობა/მუხლი-531/- გვ 5

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიის გამოქვეყნების შემდგომ „ფაქტ-მეტრს“ ბრალდების ადრესატი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე დაუკავშირდა და განმარტა, რომ სტატიის დატოვება ვერდიქტის გარეშე ქმნიდა შთაბეჭდილებას თითქოს საკითხის ირგვლივ გაურკვევლობაა. რეალურად კი, მისი ოჯახის მხრიდან ფინანსური ინტერესის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს და შესაბამისად, არც ბრალდების ავტორთა მხრიდან ყოფილა წარდგენილი. მისი შეფასებით, მან არაერთგზის განმარტა, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც დროებით ცხოვრობდა მისი ოჯახის წევრის ბინაში, უკრაინაში დაბადებული პირია (რაც დასტურდება პასპორტში ჩანაწერითაც), რომელმაც ომის დაწყების შემდგომ თავი საქართველოს შეაფარა და ხსენებული საცხოვრებელი აღნიშნულ პირს უსასყიდლოდ დაეთმო. მისივე განმარტებით, ტექნიკურად არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს სხვა გზა, რითაც ის ფინანსური დაინტერესების ნაწილში ბრალდების უარყოფას მოახერხებს. „ფაქტ-მეტრის“ რედაქციამ აღნიშნული შენიშვნა გაიზიარა. კერძოდ, ბრალდების სახიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლების შესაძლებლობას ადრესატი ბუნებრივად მოკლებულია, ბრალდების მხარეს კი ფინანსური ინტერესის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება ბინის გაქირავების ნაწილში დაუსაბუთებელია და საჯაროდ ხელმისაწვდომი თუ სხვა ფორმით გასაჯაროებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. აღნიშნულის გათვალისწინებით სტატია განახლდა და ვერდიქტი „ვერდიქტის გარეშე“ შეიცვალა ვერდიქტით „მეტწილად მცდარი“. ბრალდების ავტორთა ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში „ფაქტ-მეტრი“ მასალას მიღებული ინფორმაციის შესაბამისად დაარედაქტირებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია