მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში ყოველთვის შემოდიან ახალი მოქალაქეები და ასევე გადიან გარკვეული რაოდენობის ადამიანები... 2016 წელს პროგრამის ბიუჯეტი თვეში დაახლოებით 2.5 მლნ-ით იზრდება".
ფაქტ-მეტრმა ზაზა სოფრომაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2006 წელს ამოქმედდა და იმ მოქალაქეებს შეეხო, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია (ფორმულა) სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის ქონება და ოჯახის საჭიროებები. ფორმულით განისაზღვრება ოჯახის სარეიტინგო ქულა. 100 ათასი და მეტი სარეიტინგო ქულა ნიშნავს, რომ ოჯახი სრულად აკმაყოფილებს საარსებო მინიმუმს. თუმცა, ფულად სოციალურ დახმარებას მხოლოდ ის ოჯახები იღებდნენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატებოდა.
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის პირველი წევრი 30 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარს იღებდა. 2013 წლის პირველი ივლისიდან კი შემწეობა გაორმაგდა და ოჯახის პირველ წევრი 60 ლარს, ყოველი მომდევნო წევრი კი 48 ლარს იღებდა.
2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ UNICEF-ის მხარდაჭერით შეიმუშავა. ახალი მეთოდოლოგიით, ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, 60 ლარს იღებს. 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე კი 30 ლარს იღებენ. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს იღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი გათვალისწინებული არ იყო. ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ, ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება დაიწყო, რასაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება მოჰყვა (ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა). აქედან, გარკვეულ ნაწილს სოციალური დახმარება შეუწყდა, ნაწილს კი დროებით შეუჩერდა. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადამოწმების შედეგად კვლავ შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაშინ მას ის პერიოდიც უნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა. მეთოდოლოგიის ცვლილება პირველ ეტაპზე გარკვეულწილად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას იწვევს. ანალოგიური სურათი იყო 2010 წელსაც, როდესაც საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია შეცვალა, რომელიც ძალაში იმავე წლის ივნისიდან შევიდა. 2010 წლის ივლისამდე საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა, ივლისიდან კი ოქტომბრის ჩათვლით მათი რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა (იხილეთ სტატისტიკური მონაცემები).სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოში მუდმივად შემოდის ახალი განაცხადი სოციალური დახმარების მიღების თაობაზე. UNICEF-ის შინამეურნეობების კვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნაში არის მოწყვლადი ჯგუფები, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახები ადვილად ღარიბდებიან და პირიქითაც, მათი მდგომარეობა უმჯობესდება და შესაბამისად, იცვლება საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეებიც.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების და მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იცვლება. თუმცა, 2015 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება მეტწილად მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016
წელს საარსებო შემწეობაზე 37.2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, ვიდრე 2015 წელს დაიხარჯა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და შესაბამისად ნაკლები თანხა დაიხარჯა, ვიდრე 2014 წელს. მიმდინარე წელს 2014 წელთან შედარებით კი საარსებო შემწეობის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მლნ ლარით იზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ზრდაზე გავლენა მოახდინა ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 10 ლარიანი დანამატის შემოღებამ.
გრაფიკი 2:
საარსებო შემწეობის ყოველთვიური ბიუჯეტი (საშუალო მაჩვენებელი, მლნ ლარი)
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
მეტი თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ ასევე განვიხილეთ მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ რამდენად გაიზარდა ყველაზე გაჭირვებული ოჯახების ფულადი შემწეობა. იმ ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 000-ს არ აღემატება, ოჯახის პირველი წევრისთვის, ან ერთწევრიანი ოჯახისთვის ფულადი დახმარება (60 ლარი) უცვლელი დარჩა, ხოლო ყოველი მომდევნოსთვის 12 ლარით გაიზარდა (თანხა დათვლილია ბავშვის დანამატის გარეშე).
30 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები | |||
ოჯახის წევრთა რაოდენობა | თანხა ძველი მეთოდოლოგიით | თანხა ახალი მეთოდოლოგიით | დაემატა |
1 | 60 | 60 | 0 ლარი |
2 | 108 | 120 | 12 ლარი |
3 | 156 | 180 | 24 ლარი |
4 | 204 | 240 | 36 ლარი |
5 | 252 | 300 | 48 ლარი |
30 000-
დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები კი, ყოველთვიურად 2-დან 10-ლარამდე ნაკლებ თანხას იღებენ, ვიდრე ძველი მეთოდოლოგიით იღებდნენ (თანხა დათვლილია ბავშვის დანამატის გარეშე).
30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები: | |||
ოჯახის წევრთა რაოდენობა | თანხა ძველი მეთოდოლოგიით | თანხა ახალი მეთოდოლოგიით | დააკლდა |
1 | 60 | 50 | 10 ლარი |
2 | 108 | 100 | 8 ლარი |
3 | 156 | 150 | 6 ლარი |
4 | 204 | 200 | 4 ლარი |
5 | 252 | 250 | 2 ლარი |
57 000-
დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის კატეგორიაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველთვიურად 30 და 40 ლარიან დახმარებებს იღებენ. ამ კატეგორიაში ძველი მეთოდოლოგიით ფულადი დახმარება არ გაიცემოდა. ამასთან, თითოეულ ბავშვზე 10 ლარიან დახმარებას ყველა ის ოჯახი იღებს/მიიღებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება.
დასკვნა
სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა. თუმცა, ბოლო 3 წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა (ოჯახების და მოსახლეობის) რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2015 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება მეტწილად მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება.
2016წელს საარსებო შემწეობაზე 37.2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, ვიდრე 2015 წელს დაიხარჯა. თუმცა, 2015 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება დაიწყო და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, ამიტომ 2014 წლის ბიუჯეტთან შედარება უფრო ლოგიკურია. მიმდინარე წელს 2014 წელთან შედარებით საარსებო შემწეობის საშუალო თვიური ბიუჯეტი დაახლოებით 0.8 მლნ ლარით იზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ზრდაზე გავლენა მოახდინა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 10 ლარიანი დანამატის შემოღებამ.
მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ 30 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 2 და მეტ წევრიანი ოჯახების ფულადი დახმარება გაიზარდა. ფულად დახმარებებს იღებენ/მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-დან 65 000-მდეა. ძველი მეთოდოლოგიით, ამ კატეგორიაში ფულადი დახმარება არ გაიცემოდა. ხოლო 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების დახმარების თანხა შემცირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა სოფრომაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.