„რუსთავი 2“-ის ეთერში “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „უკრაინის [ახალი] ხელისუფლება გამოვიდა და თქვა, რომ რუსული ენა უნდა აიკრძალოს და ყველა, ვინც რუსულად დაილაპარაკებს, ციხეში უნდა წავიდეს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში ახსენებს უკრაინის ახალ ხელისუფლებას და სავარაუდოდ გულისხმობს მის მცდელობას, გაეუქმებინა კანონი „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ (უკრაინის ახალი ხელისუფლების სხვა ინიციატივა 2014 წლის დასაწყისისთვის ჩვენ ვერ მოვიპოვეთ და შესაბამისი ინფორმაცია ვერც ბურჯანაძის პრესსამსახურიდან მივიღეთ). ნინო ბურჯანაძის აზრით, ზემოხსენებული ფაქტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მაპროვოცირებელი გახდა, რასაც მოგვიანებით რუსეთის მხრიდან ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა.
2012 წლის 3 ივლისს უკრაინის პარლამენტმა პარტია „რეგიონების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ("სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლების შესახებ") მიიღო, რომელიც ქვეყნის რამდენიმე ნაწილის უკრაინულ და რუსულენოვან რეგიონებად გამოცხადებას ითვალისწინებდა. მოგვიანებით, 10 აგვისტოს, პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელმოწერის შემდეგ, კანონი ძალაში შევიდა. ამავდროულად, იანუკოვიჩმა მთავრობას ცნობილ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც კანონმდებლობის დასახვეწად ქვეყანაში ენების გამოყენებასთან დაკავშირებულ სისტემურ წინადადებებს მოამზადებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინამ 2006 წელს მოახდინა „რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიციკაცია.
კანონის - „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ - მიხედვით, უკრაინული ენა რჩებოდა ერთადერთ ოფიციალურ ენად. ხოლო, იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის 10%-ზე მეტისთვის რუსული და სხვა უმცირესობების ენები (სულ 18 უმცირესობის ენა) მშობლიური იყო, მათ განსაკუთრებული სტატუსი ენიჭებოდათ. ეს გულისხმობდა უკრაინის 27-დან 13 ოლქში რუსულ და სხვა უმცირესობათა ენებისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას. ასეთ რეგიონებში სურვილისამებრ გადაწყვეტდნენ, საქმის წარმოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში რომელ ენას მიანიჭებდნენ უპირატესობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონი, მოქალაქის სურვილისამებრ, იძლეოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არა სახელმწიფო, არამედ რეგიონალურ ენაზე შევსების უფლებას. ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა ოპოზიციის პროტესტი განაპირობა, რადგან რუსულს, პრაქტიკულად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი ენიჭებოდა.
პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, უკრაინის უმაღლესმა რადამ (334 დეპუტატიდან 232-ის მხარდაჭერით) კანონი "სახელმწიფო ენების პოლიტიკის საფუძვლების შესახებ" ძალადაკარგულად გამოაცხადა. აღნიშნული კანონის გაუქმებას უკმაყოფილება მოჰყვა არა მხოლოდ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობასა და რუსეთის პოლიტიკურ წრეებში, არამედ ევროპელ დიპლომატებშიც. ევროპარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუციაც მიიღო, სადაც ქვეყნის პრემიერსა და ახალ მთავრობას უმცირესობების უფლებებისა და მათი ენების პატივისცემისკენ, ასევე, ახალი კანონმდებლობის შემუშავებისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინის მიერ „რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევრუპული ქარტიით“ აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იქნებოდა.
აღნიშნული კანონის გაუქმებას ხელი არ მოაწერა (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) მაშინდელმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა. 2014 წლის 10 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო 57 დეპუტატის (რომლებიც კანონის - „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდნენ) საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ზემოხსენებული კანონის არაკონსტიტუციურობის შესახებ. 2016 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა ზეპირი მოსმენა და 2017 წლის 13 იანვარს გადავიდა პროცესის დახურულ ნაწილზე.
უკრაინაში რუსული და სხვა უმცირესობათა ენების სტატუსი კვლავ დისკუსიის თემად რჩება. 2017 წლის იანვარში 32 პარლამენტარის თანაავტორობით (რომლებიც სხვადასხვა ფრაქციას წარმოადგენენ) რადაში „ოფიციალური ენის შესახებ“ სამი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლებიც ეროვნულ ტელევიზიებში უკრაინული ენის 75%-იან კვოტას ითვალისწინებს. კანონპროექტი კრძალავს უკრაინული ენის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, ან საზოგადოებაში ოფიციალური ენის უპატივცემულობას. ასევე, მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნეს შეხვედრებზე, ოფიციალურ ღონისძიებებზე, სამხედრო და შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო, სამართალდამცავ და სასაზღვრო უწყებებში სახელმწიფო ენის გამოუყენებლობა გახდება დასჯადი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან პატიმრობას 6 თვიდან 3 წლამდე. სახელმწიფო ენა გამოყენებული იქნება პარლამენტსა და სასამართლოში. რადაში დღესდღეობით რეგისტრირებული კანონპროექტები, რომლებიც ჯერ განხილვის პროცესშია, მიზნად ისახავს უკრაინული ენის გაძლიერებას უკრაინელების ყოფითი ცხოვრების ყველა სფეროში - განათლების, მომსახურების, პროდუქციის შესყიდვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. მისი ავტორების განცხადებით, შეიძლება მოხდეს კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტის შემუშავება, რომელიც განსახილველად დეპუტატებს წარედგინებათ.
დასკვნა ნინო ბურჯანაძის თქმით, უკრაინის ახალი ხელისუფლება მოქალაქეებს უკრძალავდა რუსული ენის გამოყენებას და ყველას, ვინც რუსულად დაილაპარაკებდა პატიმრობა ემუქრებოდა, რაც, მისი განცხადებით, რუსეთი-უკრაინის კონფლიქტის მაპროვოცირებელი გახდა. ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მსგავსი ინიციატივა ვერ მოვიპოვეთ, შესაბამისი წყარო ვერც პოლიტიკოსის პრესსამსახურმა მოგვაწოდა. სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ 2012 წელს მიღებული კანონის გაუქმების მცდელობას გულისხმობდა. მის გაუქმებას მხარი 2014 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რადას დეპუტატების უმეტესობამ დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება რუსულ და სხვა უმცირესობების ენებს (სულ 18 ენა) რეგიონული ენის სტატუსს უკარგავდა. მისი გაუქმება არც რუსული ენის გამოყენებას კრძალავდა და არც ვინმეს პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, აღნიშნული კანონის გაუქმებას ხელი არ მოაწერა მაშინდელმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა და, შესაბამისად, ის ძალაში დარჩა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო ბურჯანაძის განცხადება არის ტყუილი.