ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 390 კილომეტრია. 2014 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე საგზაო საფარი სულ 127,7 კილომეტრზეა დაგებული, ხოლო მოძრაობა კი დაახლოებით 101 კილომეტრიან მონაკვეთზეა გახსნილი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე 57,6 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დაიგო, საიდანაც, 18 კილომეტრის დაგება 2014 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მოხდა. ამავე წერილის თანახმად, 2006 წლიდან 2012 წლამდე 70 კილომეტრი გზა დაიგო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 6 თვის ანგარიშის თანახმად (გვ. 9), 2014 წლის პირველ 6 თვეში სამშენებლო აქტივობა სულ 131 კმ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლომდე, სამშენებლო აქტივობა 140 კმ გზაზეა დაგეგმილი, ხოლო 2014 წელს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთებზე სულ 32,2 კილომეტრი გზა უნდა გახსნილიყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,2013 წლიდან დღემდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი ერთდროულად 7 საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რუისი-აგარის მონაკვეთის მშენებლობა 2012 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. დაიგეგმა 11 კილომეტრი სიგრძის გზის სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის, მოძრაობა 5 კილომეტრიან მონაკვეთზეა გახსნილი, 2014 წლის ბოლომდე კი, მოძრაობა დამატებით 3 მონაკვეთზე იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის – ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის გაუმჯობესების პროექტი 2011 წლის 25 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის 19 ნოემბერს დასრულდა. ამ დროისთვის, მოძრაობა 16 კილომეტრიან მონაკვეთზეა გახსნილი. 2013 წლის ივლისში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები 15 კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულდა და გზა ექსპლუატაციაშიც შევიდა.
2011წლის 1 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო და 2013 წლის ოქტომბერში დასრულდა. ამ მომენტისთვის, გადაადგილება 13.4 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზეა ნებადართული.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობისთვის საჭირო თანხები 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოინახა. კერძოდ, 2010 წელს დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება; 2011 წელს – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა-მოდერნიზაციის დაფინანსება; ხოლო 2012 წელს კი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რუისი-აგარის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის დაფინანსება.
2013და 2014 წლებში, სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზის (კმ 0-კმ 50) მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაფინანსება დაიწყო. თუმცა, თუ რა ეტაპზეა ამჟამად სამშენებლო სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ წერილში დაკონკრეტებული არ არის.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ამ დროისთვის დასრულებული საგზაო მონაკვეთების მშენებლობის პროცესი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაიწყო. ამას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სიაც ადასტურებს.დასკვნა 2012
წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით 57.6 კილომეტრი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა. 2014 წელს, საქართველოს მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 140 კილომეტრზე მიმდინარეობდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით, მოძრაობა გახსნილია 35 კილომეტრიან მონაკვეთზე, ხოლო წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში დამატებით 3 კილომეტრიანი მონაკვეთი შევა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მართლაც დაიგო 55 კილომეტრის სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტი ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, 70 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 6 წელიწადში დაიგო და არა 8 წელიწადში. გარდა ამისა, ამ დროისთვის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიგეგმა და დაიწყო, ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ჩათვლით. ასევე აღსანიშნავია, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა მხოლოდ ორ ზოლშია ნებადართული და არა ოთხ ზოლში. აგრეთვე, როგორც უკვე ვთქვით, მაგისტრალის უმეტესი მონაკვეთების მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიება და გამოყოფა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მოხდა, გარდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის (კმ 0-კმ 50) მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობისა და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.