ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა და დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება. „თბილისში წელს არცერთი საქმე არ არის გაუხსნელი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბოლო თვეების განმავლობაში დედაქალაქში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა მოხდა, რამაც საზოგადოებაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესების აღქმა გააჩინა. მოსახლეობის შეშფოთებას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები იწვევს, რომლებიც მართალია ხშირად ცხელ კვალზე იხსნება, თუმცა მათი რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია.
სწორედ დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, დანაშაულთა (მკვლელობათა) პრევენცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრი განვითარებული ქვეყნისთვისაც დიდ გამოწვევად რჩება, რომლის მოსაგვარებლად განსაკუთრებით მნიშვნელობანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებზე დროული რეაგირება და დამნაშავეების დასჯა. მამუკა მდინარაძემ დედაქალაქში ამ მხრივ არსებულ ვითარება დადებითად შეაფასა, რის საილუსტრაციოდაც თბილისში რეგისტრირებულ დანაშაულებზე გახსნის აბსოლუტური მაჩვენებელი დაასახელა.
იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის იანვრის შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოუქვეყნებია, ფაქტ-მეტრმა მამუკა მდინარაძის განცხადების გადამოწმების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა და 2015-2016 წლებში თბილისში რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა და მათი გახსნის მაჩვენებელი გამოითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი რაიონული დანაყოფების მიერ რეგისტრირებულ დანაშაულთან დაკავშირებით 2015 წლის და 2016 წლის იანვარ-მარტის, იანვარ-ივნისის და იანვარ-აგვისტოს სტატისტიკა და გახსნილი საქმეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციამოგვაწოდა, რომლის თანახმადაც 2015 წელს თბილისში სულ 9 339 დანაშაული იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 5 242 დანაშაულია გახსნილი, ხოლო 2016 წლის იანვარ-აგვისტოს კუმულატიური სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სულ რეგისტრირებული იყო 7 321 დანაშაული, საიდანაც მხოლოდ 4 082 არის გახსნილი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი რაიონული დანაყოფები | რეგისტრირებული დანაშაული | გახსნილი |
2015 წ. | 9 339 | 5 242 |
2016 წ. იანვარი-მარტი | 2 876 | 1 459 |
2016 წ. იანვარი-ივნისი | 5 560 | 3 138 |
2016 წ. იანვარი-აგვისტო | 7 321 | 4 082 |
აღნიშნული ცხრილიდან ირკვევა, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ დანაყოფებში რეგისტრირებული დანაშაულიდან, როგორც 2015 წელს, ასევე 2016 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, მხოლოდ 56%-ია გახსნილი. მართალია, მამუკა მდინარაძის სიტყვები - „თბილისში წელს არცერთი საქმე არ არის გაუხსნელი“ - ყველა სახის დანაშაულს გულისხმობს, თუმცა, კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები იგულისხმა და შესაძლებელია მხოლოდ ამ სახის დანაშაულების გახსნის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება.
აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩვენ კვლავ შსს-ს მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია მხოლოდ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოვითხოვეთ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი რაიონული დანაყოფების მიერ რეგისტრირებული დანაშაული | |||||
სსკ მუხლები | 2015 წ. | 2016 წ. იანვარი-სექტემბერი | |||
სულ რეგისტრირებული | გახსნილი | სულ რეგისტრირებული | გახსნილი | ||
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (მ.108-116) | 310 | 55 | 269 | 53 | |
მათ შორის | განზრახ მკვლელობა მ.108 | 22 | 16 | 31 | 23 |
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში მ.109 | 6 | 3 | 6 | 5 | |
მკვლელობის მცდელობა მ.19-108 | 29 | 25 | 21 | 20 | |
მკვლელობის მცდელობა მ.19-109 | 10 | 9 | 2 | 2 | |
თვითმკვლელობამდე მიყვანა მ.115 | 207 | 0 | 174 | 1 |
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან
ირკვევა, რომ დანაშაულის გახსნის აბსოლუტური მაჩვენებელი არც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ფიქსირდება. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის კუმულატიური მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში რეგისტიტრებული დანაშაულების მხოლოდ 21%-ია გახსნილი, ხოლო 2015 წლის დანაშაულების შემთხვევაში გახსნის მაჩვენებელი 18%-ია.
აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გარკვეულ შემთხვევებში გახსნის მაჩვენებელი, როგორც 2015 ასევე 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განზრახ მკვლელობის შემთხვევაში გახსნის მაჩვენებელი, როგორც 2015, ასევე 2016 წელს დაახლოებით 73-74%-ია, მკვლელობის მცდელობის გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად - 86-95%-ია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელი 2015 წელს 50%, ხოლო 2016 წელს - 83%-ია. ამავე დანაშაულის მცდელობის გახსნის მაჩვენებელი კი, შესაბამისად 90 და 100%-ს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რეგისტრირებული სიცოცხლის წინააღდეგ დანაშაულების 76% თვითმკვლელობამდე მიყვანას უკავშირდება, რაც 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ანალოგიური დანაშაულის 65%-ს შეადგენს. 2015-2016 წლებში თვითმკვლელობამდე მიყვანის 381 შემთხვევიდან მხოლოდ 1 საქმეა გახსნილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადგენის შემთხვევაში გამოძიება ხშირად სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება, მკვლელობების სტატისტიკის ანალიზის დროს ამ რიცხვის უგულებელყოფა არ შეიძლება. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ამ მუხლით დაკვალიფიცირებული პრაქტიკულად ყველა დანაშაული გაუხსნელი რჩება. შესაბამისად, ამ ფაქტების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ საქმე არა თვითმკვლელობასთან, არამედ სხვა სახის დანაშაულთან გვაქვს. ამდენად, სათანადო გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიება სხვა, უფრო მძიმე დანაშაულზე გადაკვალიფიცირდეს, როგორიც, მაგალითად, განზრახ მკვლელობაა. ეს კი, განზრახ და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობების გახსნის ოფიციალურ სურათს საგრძნობლად შეცვლიდა.
ფაქტ-მეტრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ გახსნის აბსოლუტური მაჩვენებელი არც ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევებში ფიქსირდება.
სსკ მუხლები | 2015 წ. | 2016 წ. იანვარი-სექტემბერი | ||
სულ რეგისტრირებული | გახსნილი | სულ რეგისტრირებული | გახსნილი | |
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მ. 117 | 75 | 55 | 59 | 42 |
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძინე დაზიანება მ. 118 | 96 | 32 | 71 | 41 |
დასკვნა 2015-2016
წლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ დანაყოფებში რეგისტრირებულ როგორც ზოგადად ყველა სახის, ისე კონკრეტულად სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გახსნის აბსოლუტური მაჩვენებელი არ ფიქსირდება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.